Accessibility links

logo-print

გაეროს თანამშრომელი კორუფციაში ამხილეს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს მომარაგების განყოფილების თანამშრომელმა,

რუსეთის მოქალაქემ ალექსანდრ იაკოვლევმა ორშაბათს ნიუ-იორკში აღიარა, რომ ერთ მილიონამდე დოლარი მიიღო ქრთამის სახით იმ კომპანიებისაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ერაყელი ხალხის დასახმარებლად გაეროს მიერ შემუშავებულ ჰუმანიტარულ პროგრამაში "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ". იაკოვლევის დაკავება გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მოხდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ მესამე საანგარიშო მოხსენება გამოაქვეყნა გაეროს ხსენებული ჰუმანიტარული პროგრამის რეალიზაციის შესახებ. საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთი საათი არც კი იყო გასული, როცა იაკოვლევს ჩამოართვეს დიპლომატიური ხელშეუხებლობა და დააპატიმრეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მეორე თანამშრომელს, კვიპროსელ ბენონ სევანს, რომელიც ჰუმანიტარულ პროგრამას "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" ხელმძღვანელობდა, ასევე ჩამოერთმევა დიპლომატიური ხელშეუხებლობა.

ალექსანდრ იაკოვლევის საქმიანობა გაეროში 1985 დაიწყო; მომარაგების განყოფილებაში მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ორშაბათს, ამერიკის ფედერალურ სასამართლოში იაკოვლევმა აღიარა, რომ 1993-დან 2005 წლის ჩათვლით ეწეოდა უკანონო საქმიანობას, მათ შორის დოკკუმენტაციის გაყალბებას, აკრძალულ საფინანსო ოპერაციებსა და ფულის გათეთრებას, და შედეგად უცხო კომპანიებისაგან "სულ ცოტა ასეული ათასობით დოლარი" მიიღო.

თუ სასამართლო დაუმტკიცებს მას წაყენებულ ბრალდებებს, იაკოვლევს 60 წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. 400,000 დოლარის გადახდის შემდეგ იგი თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა ნაბრძანები აქვს არ დატოვოს ქალაქი ნიუ-იორკი.

დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც კორუფციის ფაქტებს იძიებს "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის ჩარჩოებში, პრეს-კონფერენცია გამართა ორშაბათს თავის მესამე საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. კომისიას ამერიკის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი პოლ ვოლკერი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, იაკოვლევმა ქრთამების სახით ერთ მილიონამდე დოლარი მიიღო {პოლ ვოლკერის ხმა}: "საანგარიშო მოხსენების თანახმად გაეროს მომარაგების სამსახურის თანამშრომელი ალექსანდრ იაკოვლევი ქრთამებს იღებდა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის ჩარჩოებში. არის იმის სამხილი, რომ იგი გაეროს სხვა კონტრაქტორებისგანაც იღებდა ქრთამებს", - განაცხადა პოლ ვოლკერმა.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ დაიწყო გამოძიება, თუ როგორ ხდებოდა რეალიზაცია გაეროს ჰუმანიტარული პროგრამისა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", 22 ივნისს, 52 წლის იაკოვლევი, სრულიად მოულოდნელად, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

წინა საანგარიშო მოხსენებაში დამოუკიდებელი კომისია დეტალურად აღწერს, თუ როგორ მიიღო გაეროს მრავალმილიონიანი დოლარის კონტრაქტი შვეიცარიის საინსპექციო ფირმა კოტეკნამ. ამ ფირმაში გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის ვაჟი კოჯო ანანი მსახურობს.

დამოუკიდებელი კომისიის მორიგი საანგარიშო მოხსენებები სექტემბერსა და ოქტომბერში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG