Accessibility links

რა შედეგი მოიტანა ნავთობის გაუქმებულ ჭაბურღილში ჩადებულმა 36 ათასი ლარის ინვესტიციამ


9 აგვისტოს სააქციო საზოგადოება “ნავთობის” ეროვნული კომპანია ”საქნავთობის" გენერალურმა დირექტორმა ივანე ნაკაიძემ საზეიმო ვითარებაში 22 თანამშრომელი ფულადი

პრემიითა და ტელევიზორებით დაასაჩუქრა.

ამ აქციის მიზეზი თელეთის მესამოცე ჭაბურღილზე ნავთობის მოპოვების დაწყებაა, რაც შესაძლებელი გახდა ”საქნავთობის” 22 თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად.

[ისმის ნავთობის ჩატვირთვის ხმა]

[გიორგი ბერაიას ხმა] ”კერძოდ, ეს ჭაბურღილი არის შადრევნირებადი, ნავთობი ამოდის მისით და აგერ გროვდება ამ ავზში, შემდეგ კი მიდის ამ ნავთობის შემკრებ პუნქტში.”(სტილი დაცულია)

აი, ასე აღწერს ნავთობის მოპოვებას გიორგი ბერაია, საქნავთობის საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი.

თელეთის ნავთობსაბადოს ტრიალ მინდორზე ნავთობის მესამოცე ჭაბურღილის არსებობაზე მხოლოდ მიწიდან ამომავალი მილი, რამდენიმე ონკანით, ერთი საშუალო ზომის ცისტერნა და საგუშაგო ვაგონი მეტყველებს. აქ მიწა პირველად 1990 წელს გაიბურღა, თუმცა უშედეგოდ და მას შემდეგ მესამოცე ჭაბურღილი ”მშრალ ჭაბურღილად” ითვლებოდა. ამ მშრალი ჭაბურღილის აღსადგენად 12 ივნისს ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ ”საქნავთობმა” 36 ათასი ლარი გამოყო და 15 ივლისს ნავთობმაც ამოხეთქა. ამ ფაქტის მოწმე გახდა საქნავთობის თანამშრომელი ივანე ზინდრიშვილი:

[ივანე ზინდრიშვილის ხმა] ”მაშინ იმ ღამეს მორიგედ დავრჩი მე და მოიმატა შემოდენამ, იმიტომ რომ ფენებმა დაიწყო გახსნა. იმ ღამით 8 ტონა ნავთობი ამოვიდა.”(სტილი დაცულია)

ახლა მესამოცე ჭაბურღილიდან ყოველდე 12-13 ტონა ნავთობი ამოდის. აქ მოპოვებული ნავთობის ჯამური ღირებულება, საბაზრო ფასების მიხედვით, 300 ათას ლარს შეადგენს.

[ივანე ნაკაიძის ხმა] ”ბევრი შეკითხვებია. არის თუ არა, საერთოდ, საქართველოში ნავთობი? არის, - ცალსახად შეგვიძლია ვუპასუხოთ. არის თუ არა საიმისო ცოდნა, რომ ეს ნავთობი მოვიპოვოთ,? - ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის. ეს თქვენმა კოლექტივმა დაამტკიცა. არის თუ არა დიდი ნავთობი, ამის ცოდნა უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.”

ამ ხმამაღალი სიტყვების თქმის საშუალება ”საქნავთობის” ახალ გენერალურ დირექტორს ივანე ნაკაიძეს არამარტო მესამოცე ჭაბურღილზე მიღებულმა შედეგებმა მისცა. “საქნავთობმა”, გასულ წელთან შედარებით, ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად გაზარდა, კერძოდ კი, 16 პროცენტით. ნაკაიძეს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე მოპოვების მაჩვენებელს გააორმაგებს. აქვე გეტყვით, რომ შარშან “საქნავთობის” მიერ მოპოვებული ნავთობით მიღებულმა მოგებამ დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი შეადგინა.

თუმცა, საერთო ჯამში, 2005 წლის მანძილზე საქართველოში ნავთობის მოპოვების მოცულობამ საგრძნობლად იკლო. მე ამის მიზეზი ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს ვკითხე.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”იკლო იმის გამო, რომ არის გარკვეული პარტნიორების მხრიდან არაეფექტური... საერთოდ, ნავთობის თემა ძალიან მძიმე არის. ერთ წარმატებაზე მოდის 10 არაწარმატებული პროექტი. ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერი, რომ “საქნავთობის” პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.”(სტილი დაცულია)

დღეისათვის საქართველოში ნავთობის მრეწველობაში დაბანდებულმა ინვესტიციებმა 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც “საქნავთობში”, ასევე ეკონომიკის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ მომავალში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და ნავთობის მოპოვების მოცულობაც მოიმატებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG