Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები თბილისის ახალ მერს უპირისპირდებიან


თბილისის მერის თანამდებობიდან ზურაბ ჭიაბერაშვილის მოხსნის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა იერიში ახალ მერზე,

გიგი უგულავაზეც, მიიტანეს. ფრაქცია “ლეიბორისტის” წევრი იოსებ შატბერაშვილი მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებს ბრალს. კერძოდ, ლეიბორისტების ინფორმაციით, გიგი უგულავამ არ დაარღვია წინამორბედის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია და საზღვარგარეთ მეუღლესთან ერთად იმოგზაურა. რას ემართლებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასრული ერთი თვის წინ დანიშნულ თბილისის მერს?


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყოფილი მერი არასოდეს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის, ანუ მმართველი პარტიის, აქტიური წევრი, დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ყველაზე ხშირად სწორედ რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ამ ექვსიოდე თვის წინ ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები, მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელმოწერებსაც კი აგროვებდნენ. მაინც რას უწუნებდნენ ჭიაბერაშვილს ოპონენტები?

[საკრებულოს წევრის ხმა] „იგი მუდმივად იყო სააკაშვილის გავლენის ქვეშ და ყველანაირი პროტესტის გარეშე ასრულებდა ყველა დაკვეთას, დაწყებული პარლამენტის წინ შადრევნების დამონტაჟებით, დასრულებული მისი მძღოლისათვის 35 ათასი დოლარის გაცემის მცდელობით, რომელიც ჩვენი ჩარევის შემდეგ აღიკვეთა.“

მაგრამ თითქმის ერთი თვეა, რაც თბილისს ახალი მერი ჰყავს. გიგი უგულავამ ზურაბ ჭიაბერაშვილი 12 ივლისს შეცვალა. დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტის“ წევრებს ეს არასრული ერთი თვე უქმად არ დაუკარგავთ. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, თბილისის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლაპარაკია სამდღიან ვიზიტზე სტრასბურგსა და პარიზში, რომელიც, მერიის ფინანსური სამსახურის ინფორმაციით, 6 ათას 500 ლარი დაჯდა.

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ღარიბ ქალაქში, ქალაქში, სადაც მიწისძვრით დაზარალებულებს დღესაც არა აქვთ ჭერი და კედლები, უამრავი ადამიანი ნაგვის ბუნკერში იქექება და ეძებს პურის ნატეხებს, რათა შვილებს წაუღოს და დააპუროს. ამ დროს ქალაქ თბილისის მერი, რომელმაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტად წარმოიდგინა თავი, მეუღლითურთ სტუმრობს პარიზსა და სტრასბურგს.“

იოსებ შატბერაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერი მოსკოვშიც იმყოფებოდა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, მერიის ფინანსურმა სამსახურმა მივლინების ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობა რატომღაც არ გაამხილა.

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ამ ვიზიტზეც დაიხარჯა თანხა და გაცილებით მეტი, ვიდრე 6 ათას 510 ლარი. ჩვენ ეს საბუთები ვერ მოვიპოვეთ, ცნობა ვერ მივიღეთ, თუ რამდენი დაიხარჯა, მაგრამ ამიტომ ვითხოვთ: საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გამოცხადდეს თბილისის მერი და ჩაგვაბაროს ანგარიში, რას აკეთებდა იგი მოსკოვში ბატონ ზურაბ წერეთელთან ერთად, რაში დაიხარჯა ქალაქ თბილისის ბიუჯეტი.“

დედაქალაქის მერი და მისი აპარატი ლეიბორისტების ბრალდებებს მშვიდად ხვდებიან. „საქმე გვაქვს ლეიბორისტების მორიგ პოპულისტურ გამოხდომასთან,“ - ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი ქეთი ქოჩორაშვილი და საკრებულოს წევრების ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს.

[ქეთი ქოჩორაშვილის ხმა] „რაც შეეხება ლეიბორისტების მორიგ პოპულისტურ განცხადებას, ვფიქრობ, რომ ყველაფერ ამას სხვა სახე აქვს მიღებული. ყველაფერს აკეთებენ საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.“

ლეიბორისტებისაგან განსხვავებით, თბილისელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ახალ მერს ჯერ არაფერი დაუშავებია, თუმცა, მოქალაქეების აზრით, ერთი თვე ადამიანის საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი არაა:

[მამაკაცის ხმა] „მე მომწონს. ენერგიული კაცი ჩანს და, ვფიქრობ, გაართმევს თავს.”

[ქალბატონის ხმა] „ყოველთვის მტკივნეულ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ და უნდა იცოდეს ქალაქის მერმა, რომ მაშინ იქნება წარმატებული, როცა ხალხის ნამდვილ და არა ფსევდოსიყვარულს დაიმსახურებს.”

[მამაკაცის ხმა] „ერთ თვეში ვერაფერს იტყვი ადამიანზე. ერთი კი არა, ორი თვეც უნდა ადამიანს საქმის გასაცნობად. ვფიქრობ, რომ საქმეს გაართმევს თავს. გზები და სხვა რამეც კეთდება...“

მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიები დიდხანს ლოდინს არ აპირებენ. 2006 წელს თბილისელებმა ხომ საკრებულო და, შესაბამისად, ქალაქის მერი უნდა აირჩიონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG