Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის ინტერესი გასული ერთი კვირის მანძილზე არ შეცვლილა -


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსული პრესის ინტერესი გასული ერთი კვირის მანძილზე არ შეცვლილა - რუსი ჟურნალისტები კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს აჯანყებულ

რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის რეაქციას ოფიციალური თბილისის განცხადებებზე. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.

როგორც ჩანს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის თემა კვლავ აქტუალურია აფხაზეთში. 8 აგვისტოს სააგენტო „იტარ-ტასმა“ გაავრცელა 15 აფხაზური ორგანიზაციის ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტისადმი: აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ. კერძოდ:


აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთის პრეზიდენტსა და მოსკოვის მერს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ - ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა საკოორდინაციო საბჭოს წერილში. საკოორდინაციო საბჭო 15 ორგანიზაციას აერთიანებს - მათ შორის, რუსულ, სომხურ, ბერძნულ, პოლონურ სათვისტომოებს, ასევე შავიზღვისპირეთის განსაკუთრებული ოლქის ყუბანელი კაზაკების რაზმს. აფხაზეთის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. საკოორდინაციო საბჭოს წერილში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთი არ შედის საქართველოს შემადგენლობაში და აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი. წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა და ვალდებულია, შეასრულოს საბჭოთა პერიოდის კანონები.

სოხუმის ხელისუფლება კრასნოდარის მხარესთან სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას ცდილობს - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ლენტა“ იუწყება, რომლის ცნობითაც, უკვე დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმი გამარტივებულია. „ლენტა“ წერს:


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ფსოუზე სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება - ეს არა ყუბანის ხელისუფლების, არამედ ფედერალური ცენტრის გადაწყვეტილება უნდა იყოს, რადგან საუბარია ფედერალურ საზღვარზე. აქვე სერგეი ბაღაფში განმარტავს, რომ ამ მიმართულებით სოხუმი მუშაობს არა რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ კომერციულ სტრუქტურებთან. „ ამით ჩვენ ვასრულებთ დსთ-ს გადაწყვეტილებას აფხაზეთთან საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული რეჟიმის შესახებ, თუმცა გვესმის ისიც, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება - ომისშემდგომმა 12 წელიწადმა დაადასტურა, რომ ასეთი პრაქტიკა შედეგს არ იძლევა,“ - აცხადებს სერგეი ბაღაფში.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან 180 მილიონი რუბლია გამოყოფილი. გარდა ამისა, კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ თავად იკისრა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომობილების შეძენის ვალდებულება.



სააგენტო “რეგნუმმა” ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას. ლაკობა კვლავ აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ, საერთაშორისო აღიარების მიზეზით, აფხაზეთი კონფედერაციის მოდელზე დათანხმდეს. როგორც ლაკობა განმარტავს:


აფხაზეთი არასდროს დათანხმდება საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე. ეს ჩვენ არაფერს გვაძლევს. ვიღაც ფიქრობს, რომ აფხაზეთის პრობლემა ორ-სამ დღეში შეიძლება მოგვარდეს, სერბიის მსგავსად, მაგრამ ეს აბსურდია. ასეთ შემთხვევაში ქაოსი დაიწყება - ჯერ რუსეთში, შემდეგ კი მთელ კავკასიაში. ეს კი ეჭვქვეშ დააყენებს რეგიონული მეგა პროექტების ფუნქციონირებას, რაც ამერიკას სულაც არ აძლევს ხელს. კაცმა რომ თქვას, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ამერიკისთვის აფხაზეთი საინტერესო არ არის - აფხაზეთი მსხვილ პროექტებში არ ფიგურირებს. რამაც შეიძლება ვაშინგტონი შეაშფოთოს - ეს რეგიონში რუსეთის გაძლიერებაა.
XS
SM
MD
LG