Accessibility links

logo-print

აფხაზურ ხელისუფლებას დევნილი ქართველი რკინიგზელები არ მოსწონს

  • ნინო როდონაია

რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის დაწყება გაურკვეველი დროით გადაიდო. აფხაზურმა მხარემ ქართველი ექსპერტების ჯგუფთან

თანამშრომლობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილი სპეციალისტებიც იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება ექსპერტების შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს და სიტუაციაში ჩარევას გაეროსა და რუსეთის წარმომადგენლებისგან მოითხოვს.

ქართველ სპეციალისტთა 9 წევრიანი ჯგუფი, რომელიც სოხუმში უნდა გამგზავრებულიყო და აფხაზ და რუს რკინიგზელებთან ერთად ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის მდგომარეობის გამოკვლევა დაეწყო, ზუგდიდიდან თბილისში დაბრუნდა. თავდაპირველ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აფხაზურ მხარეს ქართველ ექსპერტთა შემადგენლობაში ორი გვარი - ბიგვავა და კაჭარავა - არ მოეწონა. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია და ამ სტატუსის მიღებამდე წლების განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზაში მუშაობდა:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,ჩვენ ვთვლით, რომ ესენი კარგი ექსპერტები არიან და საერთო საქმეს წაადგებიან იმის გამო, რომ იქ მუშაობდნენ. თუ სხვა რამე ამის უკან არ დევს, უფრო კონსტრუქციული მიზეზი, დაუშვებლად მიგვაჩნია.” (სტილი დაცულია)

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ვოლსკის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ივლისში რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გამოკვლევის საკითხი შეთანხმდა, თბილისმა სოხუმს ქართველ სპეციალისტთა ნუსხა გაუგზავნა. ჯგუფის წევრთა შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი სამი რკინიგზელი, რომელთაგან ერთის მივლინება გარკვეული ტექნიკური მიზეზის გამო თავად ქართულმა მხარემ გადაიფიქრა:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,მაგრამ ამ ორ პიროვნებაზე ბოლომდე დარწმუნებული ვიყავით, რომ პოზიტიური განწყობა მაინც, ასე თუ ისე, იქნებოდა გარანტირებული. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ არიან თანახმანი.” (სტილი დაცულია)

ქართული მხარე ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს და სიტუაციაში ჩარევას გაეროსა და რუსეთის წარმომადგენლებისგან მოითხოვს.
სოხუმში რკინიგზელთა შეხვედრის ჩაშლის გამო, სამშაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ. მას იმედი აქვს, რომ აფხაზური მხარე,სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების გათვალისწინებით, პოზიციას შეცვლის და ივლისში მიღწეული შეთანხმების პირობებს დაიცავს. ამ შეთანხმების თანახმად, ქართველმა, აფხაზმა და რუსმა სპეციალისტებმა ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა 10 აგვისტოდან უნდა დაიწყონ და დასკვნა პირველ ოქტომბრამდე მოამზადონ. ქართველი ექსპერტების თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებულ კომენტარზე სოხუმის აფხაზურ ადმინისტრაციაში უარი გვითხრეს და დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერის მიერ სამშაბათს გამართული პრესკონფერენციის ტექსტის გამოყენება გვირჩიეს. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ტექნიკური გამოკვლევა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ოთხშაბათს დაიწყება. რაც შეეხება ქართველ ექსპერტებს, ანქვაბის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიღაცას სურს, სოხუმი შეთანხმების დარღვევას არ აპირებს. ამასთან, დევნილი ქართველი რკინიგზელების მიღებაზე აფხაზური მთავრობის პრემიერს არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG