Accessibility links

კრიზისი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ეჭვის თვალით უყურებს ირანის ბირთვულ ამბიციებს,








და რომ თეირანის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები მიიღოს გაერომ.

პრეს-კონფერენციაზე თავის საზაფხულო რეზიდენციაში ტეხასის შტატში, ბუშმა თქვა, რომ გამხნევებულია ევროკავშირის სამი წამყვანი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მძაფრი რეაქციით ირანის გადაწყვეტილებაზე - განაახლოს ქვეყანაში გამდიდრებული ურანის წარმოება.

მაგრამ ჯორჯ ბუშმა ისიც მოიხსენია, რომ ირანის ახალმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა სამშაბათს გამოთქვა მზადყოფნა - განაგრძოს დიალოგი ევროკავშირთან, და რომ თეირანი რამდენიმე ახალ წინადადებასაც წამოაყენებს {ჯორჯ ბუშის ხმა}: "თუკი მას ეს თქვა, ვფიქრობ ესაა კარგი ნიშანი იმისა, რომ ირანელებმა გააცნობიერეს, რომ მარტო შეერთებული შტატებია კი არაა შეშფოთებული მათი ბირთვული პროგრამით, არამედ ევროპელებიც, როცა პასუხისმგებლობისა და მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებენ ირანელებს".

ორშაბათს ირანმა განაახლა ისფაჰანის მახლობლად მდებარე ქრხანაში გამდიდრებული ურანის წარმოება, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ განაახლა რა ურანის გადამუშავება ამით ირანს არ ჩაუდენია რაიმე უკანონო. მისივე თქმით, "შეურაცხმყოფელი" იყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დახმარება იმის სანაცვლოდ, რომ ირანმა შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა. აჰმადინეჯადმა განაცხადა აგრეთვე, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოაყალიბებს მთავრობის კაბინეტს, ახალ წინადებებს წამოაყენებს არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში სირუს ნასერიმ ჟურნალისტებს ვენაში უთხრა, რომ ურანის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ისფაჰანში სულაც არ ყოფილა გამიზნული "ჩვენი პარტნიორების დასაშინებლად, ან კიდევ პროვოკაციისთვის".
"ეს იყო შედეგი სასოწარკვეთის და იმედგაცრუებისა იმით, თუ რა პირობით სურდათ ევროპელებს ჩვენთან შეთანხმება", - განაცხადა სირუს ნასერიმ.

ბრუნო პელოდმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა ადრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში სიამოვნებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთმა მხარი აუბა საფრანგეთსა და გერმანიას და მოუწოდა ირანს - არ განაახლოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები. პელოდმა დასძინა ამასთანავე, რომ რამდენიმე სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა წინადადებას, რომ რუსეთის ეს მოწოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს ერთობლივ რეზოლუციაში ყოფილიყო შეტანილი {ბრუნო პელარდის ხმა}: "მმართველთა საბჭოში შემავალი მიუმხრობელი ქვეყნები წინააღმდეგი არიან ირანის დაგმობისა ამ უკანონო ქმედების გამო. ვიცი, რომ ამგვარი განცხადებით მალაიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, რომლებიც ევროკავშირის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას თეირანთან, მოუწოდა - განაგრძონ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ირანმა შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG