Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჯარისკაცის დედას პრეზიდენტ ბუშთან სურს შეხვედრა


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში მისი ერთთვიანი შვებულება დაიწყო, პრეზიდენტ ბუშს იქ არც თუ სასურველი სტუმარი ჰყავს.

სინდი შიჰენი, რომელიც სამასიოდე კილომეტრის მოშორებით კალიფორნიაში ცხოვრობს, ბუშის რანჩოს გვერდით დაბანაკდა, და პირისპირ შეხვედრას მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტთან. მისი ვაჟი, რომელიც ჯარში გაიწვიეს, გასულ წელს იქნა მოკლული ერაყში. მას შემდეგ სინდიმ დააარსა ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი სახელწოდებით "ოქროს ჯვრის ოჯახები მშვიდობისათვის". ამერიკაში, "ოქროს ჯვრის ოჯახებს" ისინი მიეკუთვნება, ვისაც ნათესავი დაეღუპა ომში. ჯორჯ ბუშმა რამდენიმე მრჩეველი გაგზავნა სინდი შიჰენთან სალაპარაკოდ, მაგრამ მგლოვიარე დედა ამით არ დაკმაყოფილდა და აცხადებს, რომ არ დატოვებს კროუფორდს, ვიდრე თავად ბუში არ გამოცხადდება მასთან.


სინდი შიჰენი ამბობს, რომ თავად ჯორჯ ბუშისგან სურს იმის მოსმენა, თუ რატომ განახორციელა შეერთებულმა შტატებმა 2 წელიწადზე მეტი ხნის წინათ შეიარაღებული ინტერვენცია ერაყში. შიჰენს იმის გაგებაც სურს, თუ რატომ აცხადებს დაჟინებით ბუში, რომ 1,800-ზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ამაოდ არ დაღუპულა ერაყში.

სიდნი შიჰენი რამდენიმე მგლოვიარე ოჯახის წევრებთან ერთად გასულ წელს შეხვდა პირველად პრეზიდენტ ბუშს სამხედრო ობიექტზე ქალაქ სიეტლის შემოგარენში. მისი შვილი 2 თვის გარდაცვლილი იყო, ხოლო ბუშს მეორე ვადით ხელახლა არჩევის კამპანია ჰქონდა გაჩაღებული. ჩვენი რადიოს კორესპონდენტს შიჰენმა უთხრა, რომ ბუშს ამ შეხვედრის დროს, ნაკლებად ეტყობოდა, რომ იზიარებს მგლოვიარე ოჯახების მწუხრს {სინდი შიჰენის ხმა}:

"ბუში თითქოს იქ არც იყო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი გათიშული იყო იმისგან, თუ რატომ ვიყავით ჩვენ იქ. ჩემის აზრით ეს შეხვედრა იყო პოლიტიკური ხრიკი, რათა კამპანიის მსვლელობისას მას ეთქვა: "ხედავთ, მე შევხვდი ოჯახებს და მესმის მათი ტკივილი. არაა ადვილი პრეზიდენტისთვის ჯარის გაგზავნა უცხოეთში საბრძოლველად. ჩვენთან შეხვედრა მან უბრალოდ, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა".

შიჰენმა თქვა, რომ იმ შეხვედრის დროს სიეტლში, არ გაუკრიტიკებია პრეზიდენტი ბუში, ვინაიდან მაშინ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მტკიცება, თითქოს სადამ ჰუსეინი აკრძალულ იარაღს ფლობდა, არ გამართლდა. სინდი შიჰენმა აღნიშნა ამასთანავე, რომ მაშინ იგი მეტად ტრავმირებული იყო შვილის დაღუპვი გამო და არ ჰქონდა იმის თავი, რომ შეკამათებოდა პრეზიდენტს {სინდი შიჰენის ხმა}:

"როცა პირველად შევხვდი ბუშს ვიყავი გაოგნებული და დამწუხრებული, თანაც არ ვიყავი ინფორმირებული ისე, როგორც ახლა ვარ. აღარა ვარ შოკირებული დედა. კვლავაც ვგლოვობ, მაგრამ დღეს მე განრისხებული დედა ვარ".

სინდი შიჰენი ამბობს, რომ დღეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მისი ვაჟი "ამაოდ" დაიღუპა, ხოლო ბუშმა არ უნდა განაგრძოს იმის მტკიცება, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა კეთილშობილური საქმისთვის გასწირეს თავი, და რომ ამერიკამ ამიტომაც, უნდა დაასრულოს თავისი მისია ერაყში.

ტრეისი დელა ვექიაც დედაა ჯარისკაცისა, რომელიც ერაყში იბრძოდა. დელა ვექიას ვაჟი სამჯერ იქნა მივლინებული ერაყში, ხოლო ამჟამად ისევ სახლშია. მაგრამ იმ განცდამ, რომ მისი შვილი ერაყში იმყოფებოდა უბიძგა დელა ვექიას დაეარსებინა ორგანიზაცია სახელწოდებით "საზღვაო ქვეითების მშობლები". ეს ჯგუფი თანადგომას უცხადებს და პრაქტიკულ ინფორმაციას აწვდის ერაყში მყოფ საზღვაო ქვეითებსა და მათს ოჯახებს. ტრეისი დელა ვექიას მიაჩნია, რომ სინდი შიჰენს სრული უფლება აქვს წინ აღუდგეს ბუშის პოლიტიკას, მით უმეტეს, როცა მისი შვილის დაღუპვა სწორედ ამგვარი პოლიტიკის შედეგია.

სინდი შიჰენი, რომელმაც შვილი დაკარგა ერაყში, აკრიტიკებს პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკას, თუმცა მრავალადაა ამერიკაში ოჯახები, რომლებიც ამართლებენ ერაყში ომის დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახების წევრები ერაყში მსახურობენ ჯარში, ხოლო ზოგიერთს შვილიც კი დაეღუპა იქ. ნაწილი ამერიკელებისა იმეორებს ბუშის მტკიცებას, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს თავისი მისია ერაყში.
XS
SM
MD
LG