Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორ დღეშია მოსალოდნელი


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა და ძალაში შესული ზაფხულის მწველ მზეს, გარუჯვის მსურველების გარდა, ყველანი ემალებიან, სინოპტიკოსთა მონაცემებით,

აგვისტოში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ცხელი დღე დაფიქსირდა. დედაქალაქისათვის ასეთი დღე იყო კვირა, 7 აგვისტო, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია. წლევანდელი ზაფხულის გასული დღეების მაქსიმალური ტემპერატურა კი 40 გრადუსი სითბოა და ზესტაფონში აღინიშნა. მოკლედ, სინოპტიკოსები გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია და განსაკუთრებულად არ ცხელა.

[ქალბატონის ხმა] ”უიმე, როგორ გეკადრებათ. ერთი ცხრა წელიწადია ასეთი გვალვური სიცხეები არ ყოფილა. მე ყოველდღე თერმომეტრით ვზომავ და მე არ ვიცი მსგავსი. თუ ჩემს ბინაში ასე ხდება, ესე იგი საზოგადოდაც ასეა.”(სტილი დაცულია)

ქალბატონის ბინაში დღისით თერმომეტრი 38 გრადუს სითბოს აჩვენებს. ტემპერატურის კონდიცირების საშუალებათა უქონლობის პირობებში, ადამიანებს სულის მოთქმა უჭირთ. როცა ამინდის კაპრიზებზე ვსაუბრობთ, მთავარი სიტყვა, ცხადი, სინოპტიკოსებს ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მათი პროგნოზებისადმი ნდობა ჯერჯერობით არც ისე მაღალია. გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად კი, აგვისტოს დარჩენილი დღეები საქართველოში შედარებით გრილი იქნება. აგრილება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება:

[სვეტლანა ნიორაძე]” ხვალიდან უკვე ველოდებით ამინდის გაუარესებას. დასავლეთ საქართველოში ველოდებით ყველგან წვიმებს და ზოგან ძლიერსაც და ტემპერატურის დაცემას და აღმოსავლეთ საქართველოში ხვალაც შეიძლება უკვე უმეტეს რაიონებში იწვიმოს, მაგრამ ზეგ უფრო. ზეგ კიდევ უფრო აგრილებას ველოდებით და ძლიერ წვიმებს მთელ საქართველოში, 12-ში. 13-დან უკვე გამოიდარებს. 13-14-ში უკვე გამოდარება წავა. თვის პროგნოზით, ჩვენ გამოგვივიდა ცოტა უფრო წვიმიანი აღმოსავლეთ საქართველოში.”(სტილი დაცულია)

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, 12 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაახლოებით 26 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთში კი - 29 გრადუსამდე. თუმცა მომდევნო დღეებში კვლავ ნახტომისებურად აიწევს და 33-34 გრადუსამდე ავა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ აგვისტოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში 35 გრადუსი იქნება.

[მზია მამარდაშვილის ხმა] ” თვე, საერთოდ, აგვისტოს თვე ასეთი არამყარია. შიგადაშიგ წვიმები, ნალექები და მნიშვნელოვანი დაკლებით არა ტემპერატურის. პრინციპში, ნორმასთან შედარებით, მაინც ერთი გრადუსით გრილად მიდის. აი, ეს წვიმიანი დღეები საგრძნობლად მოქმედებს ამ ტემპერატურაზე, გამონაკლისი თუ არ არის.”(სტილი დაცულია)

გამონაკლისი კი ქალბატონ მზია მამარდაშვილის თქმით, 7 აგვისტო იყო, როცა ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 40 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, თბილისში - 39 გრადუსს. ვინაიდან ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები პრაქტიკულად ჩავლილად ითვლება, სინოპტიკოსები უკვე აკეთებენ დასკვნას, რომ ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი წელს არ აღინიშნა. მაქსიმუმად კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 43 გრადუსი ითვლება, ხოლო თბილისში - 41 გრადუსი.

[მოქალაქის ხმა]” მე მგონი, გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ ცხელა. მაგრამ იყო წლები, ერთი ხუთი ექვსი წლის წინ, რომ 40 გრადუსსაც მიაღწია ზაფხულში ტემპერატურამ. რა ვიცი, ძაან უჩვეულო, მე მგონი, არაფერი არ არის. საერთოდ, ადამიანის მოსაწონი ამინდი არ არსებობს. პოლიტიკური ამინდი იქნებოდეს ნორმალური და ბუნების ამინდს შევეგუებით.”
XS
SM
MD
LG