Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში ასფალტის საფარის განახლება შემოდგომის დადგომამდე უნდა დასრულდეს


საქართველოს დედაქალაქი რომ ხარისხიანი გზებით ვერ დაიკვეხნის, ეს ყველაზე კარგად თავად თბილისელებმა იციან. ვის ქვეითად უწევს სიარული, ვის კი - ავტომობილით,

თუმცა ყველა - ავტომოყვარულიც და ქვეითად მოსიარულეც - იმ აზრისაა, რომ თბილისში გზები არ ვარგა. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ვითარების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტში წელს 80 მილიონი ლარი იქნა გათვალისწინებული. შედეგად, საავტომობილი გზების საფარი ახლდება როგორც თბილისის ცენტრალურ, ასევე განაპირა რაიონებშიც. როგორ მიმდინარეობს გზების მშენებლობა და რას ფიქრობენ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ თბილისელი მძღოლები?
მიმდინარე წლის 16 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას უახლოესი მომავლის გეგმებზე - მათ შორის, საავტომობილო გზების საფარის განახლების პერსპექტივებზეც - ისაუბრა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას უცხოეთიდან სპეციალური ტექნიკა შემოაქვს, რათა ორ-სამ თვეში თბილისში გზების მშენებლობა დაიწყოს. პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, სიტყვა შეასრულა. თბილისში გზების მშენებლობის ნამდვილი ბუმია.
[კობა სუბელიანის ხმა] „სექტემბერში დამთავრდება ბაგრატიონის ძეგლიდან ვეფხვი და მოყმის ძეგლამდე მონაკვეთი; დამთავრდება ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, კანდელაკის, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები; დამთავრდა მელაანის ქუჩა, ანუ აეროპორტიდან მომავალი გზა; დამთავრდა ისანი; ავლაბრის ნაწილი დამთავრდება თვის ბოლომდე, ისევე როგორც ლესელიძის ქუჩა.“
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი ასევე განმარტავს, რომ წლის ბოლომდე გზის საფარი თბილისის უკლებლივ ყველა რაიონში განახლდება. ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების შემდეგ, ასფალტის დამგები მძიმე ტექნიკა ამჯერად ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში მუშაობს.
[ისმის ხმაური, მუშაობს ტექნიკა]
ასფალტის საფარის შესაცვლელად დედაქალაქის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზების მშენებლობა შემოდგომის დადგომამდე უნდა დამთავრდეს. თუმცა მძღოლები ახალი გზების ავკარგიანობის შესახებ ახლაც დიდი ინტერესით საუბრობენ.
[მამაკაცის ხმა] „ძველთან შედარებით მე მომწონს და შეიძლება მე არ ვიცი კარგი რა არის, მაგრამ იმ ძველს რომ ჯობია, ეს ცხადია.“
[მამაკაცის ხმა] „გზები ნორმალურია! შედარებით იმასთან, რაც იყო, ახლა, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, მაგრამ ერთი პატარა შენიშვნა: პირი გაუსწორონ იმ ჭებს, ასფალტიდან რომ არის ამოშვერილი, არც დაბალი იყოს და არც მაღალი, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ორმო არ არის, თუ საგანგებოდ უნდა ვაცილო?“
და მართლაც, ბევრ ადგილზე, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ასფალტის ახალი საფარი იქნა დაგებული, თვალში გეცემათ გზის გლუვი ზედაპირიდან სახიფათოდ ამოშვერილი საკანალიზაციო ჭების ხუფები. რა არის ამის მიზეზი? კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი განმარტავს:
[კობა სუბელიანის ხმა] „ჩვენ მოვაწყვეთ საძირკველი საფუძვლიანად, ზედ გადავაგეთ 6 სანტიმეტრიანი ასფალტის ფენა, ამას ჰქვია ქვედა საფარი. ამის შემდეგ ზედ გადაეგება 4 სანტიმეტრიანი წმინდა პირი, რის შემდეგაც ჭის სარქველები და ასფალტის ზედაპირი აღმოჩნდებიან ერთ დონეზე. ასე რომ, ახლა რასაც ხედავთ, ეს არ არის ბოლომდე დამთავრებული.“
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის მთელი სამუშაოს დაახლოებით 70 პროცენტია შესრულებული. რამდენიმე დღეში კი სარემონტო სამუშაოები დაიწყება ზემელზე. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ფოსტიდან რუსთაველის მეტრომდე გზის მონაკვეთის გასარემონტებლად მეგზევეებს, სავარაუდოდ, 6 დღე დასჭირდებათ. ამ დროის განმავლობაში ვაკე-საბურთალოდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილების ნაკადს რესპუბლიკის მოედანი გაატარებს. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ სულ მალე თბილისში არსებული ყველა გზა გლუვი იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG