Accessibility links

logo-print

აჭარელი რეზერვისტების პირველი, და რიგით მე-17, ბატალიონი


ხუთშაბათს თელავთან ახლოს, შაქრიანში, გაიხსნა რეზერვისტთა მორიგი შეკრება, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში პირველად გაივლიან აჭარის ადგილობრივი

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ რეზერვისტთა ბატალიონების მომზადების ტემპი სულ უფრო მატულობს, საქართველოში არ წყდება დისკუსია რეზერვის არსებული ფორმის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის შესახებ.

საქართველოს ეროვნული გვარდიის ხაკისფერი კარვები, საკონტროლო გამშვები პუნქტები, მოძრავი სასადილო, სამხედრო ტექნიკა და შენიღბული მართვის ცენტრი, რომელიც დეკორაციასავით გადააქვთ საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში, ერთი კვირაა სოფელ შაქრიანშია განლაგებული. იქ 11 აგვისტოს რიგით მე-17 სარეზერვო ბატალიონის ერთთვიანი შეკრება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ქვედანაყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოხელეებისგან დაკომპლექტდა და, ტრადიციის თანახმად, მას ავტონომიის უზენაესი საბჭოს დეპუტატი კახა სურგულაძე ხელმძღვანელობს. ერთი თვის განმავლობაში საბრძოლო და სამაშველო ოპერაციების ჩატარების, ტექნიკის და იარაღის ფლობის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შეისწავლიან. დეპუტატი მეთაური დარწმუნებულია, რომ მისი ხელქვეითები სწავლის დროს მონდომებულნი იქნებიან და ქვეყნის ნამდვილ დამცველებად ჩამოყალიბდებიან.

[კახა სურგულაძის ხმა] “სხვათა შორის, მეშაყირებოდნენ, რომ დასასვენებლად მიდიხარო. მაგრამ, რა მაქვს მოსატყუებელი, ნამდვილი ჯარია. ანუ თავდაპირველად დავიწყეთ სამწყობრო მომზადება, მერე გადავალთ თეორიულზე, ცოტა ხანში იარაღიც ჩამოვა და დაიწყება მანევრები, გადაადგილებები, ანუ ყველაფერი ის, რაც მიახლოებულია სამხედრო პირობებთან.”(სტილი დაცულია)

რეზერვისტების მომზადებას ამჯერადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორები უხელმძღვანელებენ. შეკრებისათვის აუცილებელ ფინანსურ ხარჯებს კი, ნაწილობრივ, თავდაცვის სამინისტრო და, ნაწილობრივ, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი დააფინანსებს. შარშან რეზერვისტების მოსამზადებლად 3 მილიონი ლარი გამოიყო. ოღონდ თუ რა თანხები დაიხარჯება წელს, უცნობია, რადგან მას შემდეგ, რაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საქართველოს პრეზიდენტი სარეზერვო ფონდის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა, ფინანსებთან დაკავშირებული ყოველგვარი შეკითხვა გვარდიის სარდლობაში ნამდვილ ძრწოლას იწვევს.

[სოსო ქუთათელაძის ხმა] “ახლა რა არი, თუ იცი. თუ შენ იწერ, ვერ გეტყვი და რატომ - მე ინწკირველის გარეშე არა მაქვს უფლება, რომ ინტერვიუ მივცე.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სამხედრო უწყების დუმილი იწვევს იმას, რომ საქართველოში სულ უფრო მატულობს კრიტიკული განწყობა რეზერვის ამ ფორმით არსებობის მიმართ, რაც, ღირს აღინიშნოს, არ არსებობდა პირველი შეკრებების დროს. ოპონენტთა შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების “ დირექტორი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველი ირაკლი სესიაშვილიც, რომელსაც ხელისუფლების მისამართით ბევრი შეკითხვა დაუგროვდა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “პირველ რიგში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია,თუ ვისთვის იქნება რეზერვი, რა სახით მოხდება მისი გამოყენება, რა ხარისხით მოხდება მათი სამხედრო ოპერაციებში ჩარევა და უშუალოდ რა ამოცანებს შეასრულებენ ისინი.”

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, ქართული რეზერვის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია სტიქიური უბედურებების ლიკვიდაცია და სამოქალაქო ხელისუფლების დახმარებაა. მაგრამ ხობის რაიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად გასაჭირში ჩავარდნილი ადგილობრივი მოსახლეობა დღეს მთელი დღე ამაოდ ელოდა რეზევისტების ჩასვლას. არადა, ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ქვეყანას უკვე რეზერვისტთა 17 ბატალიონი ჰყავს.
XS
SM
MD
LG