Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლობა კვლავ ახალ ხელმძღვანელს ელის


შაბათს საბოლოოდ გაირკვევა, თუ რამდენი ადამიანი და კონკრეტულად ვინ აცხადებს პრეტენზიას საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობაზე. სამეურვეო საბჭომ,

რომელსაც გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ მეორე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება ექვს აგვისტოს უნდა დაესრულებინა, ეს პროცესი ერთი კვირით გაახანგრძლივა.
ისევე როგორც პირველი კონკურსისას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის შერჩევასთან დაკავშირებით ამჯერადაც არაერთი ვერსია გაჩნდა. რომელი მათგანი აღმოჩნდა რეალური და რომელი არა?


კვირის ბოლოსთვის საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლებს არა ახალი ხელმძღვანელის, არამედ კვლავ კანდიდატთა ვინაობა ეცოდინებათ.
საზოგადოების მიერ ჯერჯერობით ისევ პირველ არხად მოხსენიებული ტელევიზიის გენერალური დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მუშაობისა და მართვის ხუთწლიანი გამოცდილება, უცხო ენას უნდა ფლობდეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა უნდა უჭირდეს. ამ კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ადამიანი უხელმძღვანელებს პირველ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რომლის კონცეფციის პირველი ორი პუნქტის მიხედვით ტელევიზიის დანიშნულებაა: ,,გაახმოვანოს და ვიზუალიზაცია გაუკეთოს საზოგადოების ინტერესებს” და ,,დაიცვას საზოგადოების ინტერესები.” ამავე კონცეფციით, მაყურებლის, როგორც საზოგადოების ნაწილის, პირველი ინტერესი დასვენება, მეორე კი - გართობა ყოფილა. მათ შორის, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის სურვილი ჰქონდა, პარლამენტის წევრი ბესო ჯუღელია. როგორც თავად ამბობს, ,,იყო რაღაც ნიშნები და გამოხმაურება,” თუმცა, დაფიქრების შემდეგ, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა:

[ბესო ჯუღელის ხმა] ,,დავუჯერე ჩემს მეუღლეს და დავუჯერე ჩემს უახლოეს მეგობარს რომან გოცირიძეს. მითხრა, სისულელე არ გააკეთოო! ხარო საპრეზიდენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ამდენი ხალხი თვალებში შემოგცქერის, ხარ პოლიტიკური ფიგურა. იქ წახვალ და ჩაეფლობი იმ ჭაობში, რომელიც არის ტელევიზიაში. კატეგორიულ უარზე იყო რომანი. აი, ეს არის, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. ჩემს ცოლს არ უნდოდა, ჭკვიანი ქალია და მითხრა, გაგაგიჟებენო იქაო, რა!” (სტილი დაცულია)

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, რომლის სახელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობას დაუკავშირეს, მარიკა ვერულაშვილია. ამჟამინდელი პრეზიდენტის ყოფილი პრეს-მდივანი, რომელიც ამ მისიის შემსრულებლის შთაბეჭდილებას პერიოდულად დღესაც ტოვებს, სამეურვეო საბჭოსთვის ამ ეტაპზე ცნობილ თოთხმეტ კანდიდატს შორის ჯერჯერობით არ ფიგურირებს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ,,საზოგადოებრივად, ასე ვთქვათ, ანგაჟირებული ამ თოთხმეტში ახალი ნამდვილად არც ერთი არ არის - საზოგადოებრივად და პოლიტიკურად ანგაჟირებული.” (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წარდგენილი კანდიდატურებიდან 7 პირველ კონკურსშიც მონაწილეობდა. თუმცა მათ შორის ჯერჯერობით არ არის ის 4 პრეტენდენტი, რომლებიც ივლისში საბჭომ მეორე ტურისთვის შეარჩია. სამეურვეო საბჭოს წევრთა აზრთა სხვადასხვაობის ერთადერთ მაგალითად ლევან თარხნიშვილი სწორედ ამ 4 კანდიდატიდან ერთის მიერ ორი ხმის მიღებას ასახელებს და საბჭოში არსებული უთანხმოების ფაქტს არ ადასტურებს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ,,საუბარი, რომ ვიღაც დატოვებას აპირებს პროტესტის ნიშნად, ნუ, ცოტა უადგილოდ მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს პრობლემა ნამდვილად არ დამდგარა.” (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის პოსტზე მეორედ გამოცხადებული კონკურსისთვის განცხადებების მიღებას სამეურვეო საბჭო შაბათს, 18 საათზე, დაასრულებს. საბოლოოდ, კანდიდატთა რაოდენობა 14-ს გადააჭარბებს, რადგან, როგორც ლევან თარხნიშვილი ამბობს, განცხადებას კიდევ რამდენიმე ადმინისტრატორ-მენეჯერი ამზადებს. ყველა კანდიდატთან შეხვედრას სამეურვეო საბჭო არ აპირებს და ისევე, როგორც პირველი კონკურსისას, ინტერვიუზე მხოლოდ რამდენიმეს დაიბარებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG