Accessibility links

logo-print

დღეს პრაიმერის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა


დღეს ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი არჩევნების ჩატარების თარიღად 17 სექტემბერი განსაზღვრა.

პრაიმერის შედეგები საზოგადოებას საარჩევნო უბნების დახურვიდან ზუსტად 2 დღეში, 19 სექტემბერს, ეცოდინება. ამის თაობაზე ითქვა წინასწარი არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც სრული, 8 კაცის, შემადგენლობით შეიკრიბა. საარჩევნო კომისია არჩევნებამდე დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად, ხუთშაბათობით, შეიკრიბება. თუმცა, დროის სიმცირიდან გამომდინარე, არც რიგგარეშე სხდომების მოწვევაა გამორიცხული.

პირველი რიგგარეშე სხდომა პრაიმერის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველსავე შეკრებაზე დანიშნა. ორშაბათს, 15 აგვისტოს, ცენტრალური კომისია საუბნო და საოლქო კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებს დაამტკიცებს. ამას მოგვიანებით მოჰყვება ყველა ის სავალდებულო საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა კანდიდატთა რეგისტრაცია, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა და სხვ., ანუ ყველაფერი ის, რასაც ითვალისწინებს პრაიმერის დებულება, რომელიც გაცილებით მარტივია, ვიდრე ცნობილი საარჩევნო კოდექსი. საერთოდ კი, როგორც პრაიმერის საარჩევნო კომისიის დღევანდელი სხდომის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, წინასწარი არჩევნები, შუალედურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერ კანდიდატთა გამოვლენის გარდა, სხვა მიზნებსაც ისახავს. ეს მიზნები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს მრავალპარტიული, პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული საარჩევნო კომისიის უპირატესობა და თავი საარჩევნო ადმინისტრაციებში მონაწილედაც იგრძნოს. ამ უკანასკნელ ფუნქციას კი შეასრულებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, არჩევნების მონიტორინგის გარდა, საარჩევნო კომიის მუშაობის მონიტორინგითაც დაკავდებიან:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “აქ მონაწილეობას მიიღებს 4 არასამთავრობო ორგანიზაცია. თქვენთვის კარგად ცნობილი ორგანიზაციებია ეს. ეს არის NDI-დემოკრატიული ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატებისა, არის რესპუბლიკური ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასევე, არის ”სამართლიანი არჩევნები” და ”ახალი თაობა, ახალი ინიციატივა”.

ოპოზიციურმა პარტიებმა - ახალმა მემარჯვენეებმა, კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და პარტია ”თავისუფლებამ” - წინასწარი არჩევნების - ანუ პრაიმერის - შესახებ მემორანდუმს 5 აგვისტოს მოაწერეს ხელი. უკვე ცნობილია არჩევნებში თითოეული პარტიის სახელით მონაწილე კანდიდატთა ვინაობაც: კონსერვატორებს 1 ოქტომბრის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატი თითქმის ყველა ოლქში ჰყავთ, სამ მაჟორიტარულ ოლქში ცდიან ბედს მემარჯვენეები და პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენლები. გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში არიან ლეიბორისტები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვნენ. კომისიაში მათ, ოპოზიციური ოთხეულის დანარჩენი პარტიების დარად, ორი წევრი ჰყავთ - კახა ძაგანია და ჯონდი ბაღათურია.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “თქვენ გახსოვთ, ალბათ, ეგრეთ წოდებული ბეიკერის მოდელი, როდესაც ჩვენ - აქ წარმოდგენილი პარტიები და, მათ შორის, ხელისუფლებაც - სწორედ ასეთ მოდელს ვითხოვდით. ამიტომ ჩვენ დღეს გთავაზობთ თქვენ - საზოგადოებას, ხელისუფლებას - მოდელს, როგორ შეიძლება მუშაობდეს პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია და როგორ შეიძლება ჩატარდეს ურთიერთკონკურენტულ ვითარებაში ისე, რომ გამარჯვებული და დამარცხებული კონკურენტები ქვებს არ ესროდნენ და არ ლანძღავდნენ ერთმანეთს.”

არამედ, ჯონდი ბაღათურიას ფრაზა კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, საერთო და საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისათვის იბრძოდნენ და ხელისუფლების კანდიდატების დამარცხება შეძლონ, ხუთივე ოლქში თუ არა, რამდენიმეში მაინც. ერთობის ძალის გათვალისწინებისა თუ თავისი სიძლიერის ნიშნად, მმართველმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ ცნობილი კანდიდატები დაასახელა.
XS
SM
MD
LG