Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანი რელიგიური პარტია ერაყში შიიტების ავტონომიას მოითხოვს


ანდრო ეული, პრაღა მაშინ როცა ორიოდ დღეღაა დარჩენილი ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებლად,

შიიტების გავლენიანი რელიგიური პარტია გამოვიდა მოწოდებით, რომ შეიქმნას ერთიანი ავტონომიური რეგიონი, რომელიც ერაყის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში შიიტების უმრავლესობით დასახლებულ ყველა რაიონს გააერთიანებს. ამ მოთხოვნამ აღშფოთება გამოიწვია ბაღდადში, ვინაიდან იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიყოს 3 გამოცალკევებულ ნაწილად, რომელთაგან ორი - ქურთებისა ჩრდილოეთში და შიიტებისა სამხრეთში - თვითმმართველი ერთეულები იქნება.


შიიტების უდიდესი რელიგიური პარტიის მიერ ხუთშაბათს წამოყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია გასარკვევი. პირველი და უმთავრესი ისაა, ერაყში მცხოვრებ შიიტთაგან რამდენია ფაქტიური მომხრე ავტონომიური რეგიონის დაარსებისა.

ქურთების მიერ უკვე ავტონომიად ქცეულ ჩრდილოეთ ერაყში, საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვის თანახმად, ავტონომიის მხარდაჭერა საყოველთაოა. რაც შეეხება შიიტების განწყობას ავტონომიისადმი, ეს საკითხი ბუნდოვანი რჩება, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამ კუთხით არ ჩატარებულა.

თუმცა, შიიტების რელიგიური პარტიის ლიდერი აბდელ აზიზ ალ-ჰაქიმი ამბობს, რომ შიიტებს ისტორიულად მოსდევთ ცენტრალური მმართველობისადმი უნდობლობა, ამდენად მის მოთხოვნას ავტონომიის შესახებ უნდა გაეწიოს ანგარიში. ალ-ჰაქიმის ნათესავი და შიიტების მოქალაქეობრივ უფლებათა აქტიური დამცველი აბდელ საჰებ ჰაქიმი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს აცხადებს, რომ შიიტების სათვისტომო იმთავითვე იყო დაინტერესებული ავტონომიის შექმნით. მისი თქმით, ცენტრალური მმართველობა ისტორიულად, ბაღდადში სუნიტებით წარმოდგენილ მთავრობას გულისხმობდა ყოველთვის, ხოლო შიიტებს მეორეხარისხოვანი, დაქვემდებარებული პოზიცია ეკავათ. სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს შიიტებს არ აჩერებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ხოლო სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ მოწყობილი წარუმატებელი აჯანყებისთვის სადამ ჰუსეინმა ათასობით შიიტი სიცოცხლეს გამოასალმა.

როგორც აბდელ საჰებ ჰაქიმი აღნიშნავს დღესაც კი, როცა მთავრობაში შიიტები დომინირებენ, ცენტრალური მმართველობა იმას გულისხმობს, რომ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის ბასრას მკვიდრნი, ბაღდადს სთხოვენ მოწყალებას ქალაქისათვის ბიუჯეტის გამოსაყოფად და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მისაღებად, როგორიცაა მაგალითად პასპორტი {აბდელ საჰებ ჰაქიმის ხმა}: "ბასრა ყველაზე მოშორებული ქალაქია სამხრეთში, მაგრამ თუ მის მკვიდრთ სურთ პასპორტის მიღება, ისინი უნდა ჩავიდნენ ბაღდადში. თუ საზღვარგარეთ სურთ მოგზაურობა, ასევე ბაღდადში უხდებათ ჩასვლა, და ყოველივე ეს იმას ცხადყოფს, რომ ამ ხალხს არაფრად აგდებენ, ისინი ერაყის ცენტრალური ნაწილის კონტროლქვეშ არიან".

იმ დროს, როცა მრავალი პოლიტიკოსი ერაყში შეურიგდა ქურთებისთვის ფართო ავტონომიკური უფლებების მინიჭებას,
შიიტებისთვის ავტონომიური რეგიონის შექმნას ბევრი ეწინააღმდეგება.

ამის ერთი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ შიიტებით დასახლებული სამხრეთი საკმაოდ მდიდარია ნავთობის საბადოებით, რაც უნებლიედ აღძრავს იმის შიშს, რომ შიიტების ავტონომიის მესვეურებმა შესაძლოა თავიანთ ინტერესებს დაუქვემდებარონ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი, რაც ქვეყნის სხვა რეგიონების გაღატაკებას გამოიწვევს. ცენტრალურ ერაყს, სადაც არაბი სუნიტები სახლობენ ძირითადში, არ გააჩნია საერთოდ ნავთობის საბადოები.

მას შემდეგ, რაც შიიტების გავლენიანმა რელიგიურმა პარტიამ ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა, სხვა შიიტმა რელიგიურმა თუ საერო ლიდერებმა, აგრეთვე სუნიტმა პოლიტიკოსებმა, დაგმეს ამგვარი მოთხოვნა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარიმ, რომელიც შიიტების რელიგიური ისლამური პარტიის, ალ-დავას წევრია, ავტონომიის შექმნის იდეას "მიუღებელი" უწოდა.

სუნიტების უდიდესი, ერაყის ისლამური პარტიის წარმომადგენელს აბდულ ქადირს გაუმართლებლად მიაჩნია ერაყში საერთოდ ნებისმიერი ავტონომიის შექმნა. მისი თქმით, შიიტების ავტონომია, არაარაბი ქურთების ავტონომიისაგან განსხვავებით, ერაყის ერთიანობას გამოუთხრის ძირს {აბდულ ქადირის ხმა}: "ერაყის ისლამური პარტია და სუნიტები ვერ დათანხმდებიან ავტონომიის შექმნას სამხრეთ რეგიონში, ვინაიდან ამან შესაძლოა ნაწილებად დაშალოს ქვეყანა. მაგრამ, ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით ისინი ეთანხმებიან ქურთისტანის ავტონომიას, ვინაიდან ვითარება ქურთისტანში განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ სამხრეთ რეგიონში ვხედავთ".

შიიტების გავლენიანი რელიგიური პარტიის ლიდერმა აბდელ აზიზ ალ-ჰაქიმმა ავტონიმიის შექმნის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნაც წამოაყენა მისი და შიიტების სხვა რელიგიური პარტიებისთვის. ლაპარაკია იმაზე, რომ ერაყის ახალ კონსტიტუციაში, ისლამი, ქვეყანაში მოქმედი კანონის "ძირითად წყაროდ" იქნეს მოხსენიებული. ამას საერო პოლიტიკოსები, აგრეთვე ქურთების ბლოკი ეწინააღმდეგება. სწორედ ამ საკამათო საკითხმა მოაქცია ჩიხში ერაყის საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG