Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


604-ე გამოშვება



ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 604-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში ჩეჩენი დევნილების მდგომარეობაზე; გაგაცნობთ პუბლიკაციებს, რომელთაც რელიგიური შინაარსის ქართულენოვანი გამოცემები ბეჭდავენ; ვნახავთ, რა ვითარებაა ქართველების ერთ-ერთ საყვარელ კურორტ მანგლისში; გადაცემას დაასრულებს სიუჟეტი კომპოზიტორ გია ყანჩელზე, რომელსაც 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ჩეჩენი დევნილები მესამე ქვეყნებში წასვლას მოითხოვენ

ბიძინა რამიშვილი:
დუისში მცხოვრები ჩეჩენი ქალები მესამე კვირაა, შიმშილობენ. ისინი მესამე ქვეყანაში წასვლის უფლებას მოითხოვენ. ხალიფა დოკუევას და ზოლა ოზუევას მრავალშვილიანი ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ჩეჩენი ქალები კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავალს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით, მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლაში ხედავენ. ელიან კი „მესამე ქვეყნებში“ ჩეჩენ დევნილებს? თამარ ჩიქოვანის მასალას გთავაზობთ.


[სილვია სირანოს ხმა] “ საზოგადოების დამოკიდებულება არ შეცვლილა. ევროპაში ყველა დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთის მოვლენები - ეს პოსკოლონიური ომია ან ბრძოლა თავისუფლებისთვის. ანუ, არავის სჯერა, რომ იქ ტერორიზმს ებრძვიან. სამთავრობო პოლიტიკას რაც ეხება - პრინციპში, დასავლეთის ევროპული სახელმწიფოები ყოველთვის ფრთხილობდნენ ჩეჩნეთთან დაკავშირებით. მეორე ჩეჩნური ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურდათ ჩეჩნეთის გამო. 11 სექტემბრის მოვლენები - დამატებით მიზეზად იქცა ჩეჩნეთისგან დისტანცირებისთვის. კონსესუსს მიაღწიეს, რომ როცა ჩეჩნეთზეა ლაპარაკი - ეს ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოში განიხილება.“

თამარ ჩიქოვანი:
ფრანგი პოლიტოლოგი სილვია სერანო არა მხოლოდ ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებს იკვლევს, არამედ იმ ჩეჩენ დევნილებსაც მფარველობს, ვინც ომის საშინელებას გაექცა და თავშესაფარი ევროპაში მიიღო. სილვია ამბობს, რომ ბოლო დროს დასავლეთის დამოკიდებულება ჩეჩენი დევნილების მიმართ თვალშისაცემად შეიცვალა. დასავლეთის სახელმწიფოები არა მხოლოდ თავ იკავებენ დევნილთა ახალი ტალღის მისაღებად, არამედ რამდენიმე წლის წინ დასავლეთში ჩასულ დევნილებსაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. კერძოდ:

[ სილვია სერანოს ხმა] „სულ უფრო მეტია შემთხვევა, როცა ჩეჩნებს საფრანგეთიდან პოლონეთში აძევებენ, რადგან პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომლის საზღვარიც დევნილებმა გადაკვეთეს. შესაბამისად, თავშესაფარიც პოლონეთს უნდა მიეცა. პოლონეთიდან კი მათ რუსეთში აბრუნებენ - ეს იქ გაცილებით ადვილია, ვიდრე საფრანგეთში. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა ადამიანები ევროპაში ჩამოვიდნენ თავშესაფრის სათხოვნელად, ისინი კი რუსეთში დააბრუნეს.“

რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, დასავლეთის სახელმწიფოებში, სადაც კანონის უზენაესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, ჩეჩენი დევნილების მიმართ ის კანონები ირღვევა, რომელიც დევნილებს თავშესაფრის მიღების უფლებას აძლევს - სილვიას თქმით, ხშირად ამ სერიოზულ საკითხს სასამართლეობი კი არა, პოლიციელები წყვეტენ:

[სილვია სერანოს ხმა] "ახლა სულ უფრო ხშირად ან არ აძლევენ თავშესაფარს, ამ ყველანაირად ცდილობენ, გვერდი აუარონ წესებს, რომლებსაც დევნილთა უფლებების დაცვის კონვენციები აწესებენ. მაგალითად, სასაზღვრო პოლიცია უარს ამბობს თავშესაფრის თხოვნის განცხადების მიღებაზე იმ არგუმენტით, რომ თითქოს მათი თხოვნა უსაფუძვლოა. ანუ თვითონ პოლიციელი საზღვრავს, რამდენად გამართლებულია თავშესაფრის თხოვნა, რაც დევნილთა უფლებების დაცვის კონვენციის დარღვევაა.“

მართლაც, რამდენად გამართლებულია თავშესაფრის მოთხოვნა მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ომი დასრულდა და იქ ახალი ცხოვრება დაიწყო? სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარია - ჩეჩნეთში ისევ უგზო-უკვლოდ იკარგებიან ადამიანები, კვლავ ბოლო არ უჩანს რუსი სამხედროების თავნებობას, რაც ადამიანების სიცოცხლეს იწირავს. ტერაქტები და აფეთქებებიც არ არის იშვიათი. შესაბამისად, ამ საფრთხეს გამორიდებული ჩეჩენი დევნილების მომავალი მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული - შესძლებენ თუ არა სადმე თავშესაფრის მიღებას. საფრთხეებს, სილვია სერანოს თქმით, ბოლო დროს კიდევ ერთი დაემატა

[სილვია სერანოს ხმა] "ვშიშობ, რომ უახლოეს ხანში მოხლოდ იმ მიზეზით, რომ ევროპაში თავშესაფარს ითხოვდნენ - რუსეთში დაბრუნების შემდეგ ამ ადამიანებს დააპატიმრებენ. შესაძლოა, ასეთი რამ უკვე ხდება და საქმის კურსში არ ვარ. ალბათ, ასეც იქნება, რადგან გლობალურად ხდება ჩეჩნების იძულებით დაბრუნება ჩეჩნეთში."

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, პრაღა.


ქართული რელიგიური პრესის მოტივები

ბიძინა რამიშვილი:
ჩვენს პროგრამებში რეგულარულად მიმოვიხილავთ ქართულ გაზეთებს და ყურადღებას ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ვუთმობთ. სიუჟეტი, ახლა რომ შემოგთავაზებთ, პრესის მიმოხილვა არ გახლავთ, მაგრამ ეძღვნება იმ პუბლიკაციებს, რელიგიური შინაარსის ქართულენოვანი გამოცემები რომ ბეჭდავენ. დავით პაიჭაძე რამდენიმე ციტატასა და კომენტარს შემოგთავაზებთ. ციტატები სასულიერო პირებსა და რელიგიურ გამოცემათა საერო ავტორებს ეკუთვნით, კომენტარი კი - დეკანოზ ბასილ კობახიძეს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მღვდელმოქმედება აუკრძალა.

დავით პაიჭაძე:
“დღეს უამრავი გოგონა შემოდის ეკლესიაში და აჩენს ჭიპს, ერთ-ერთ ბინძურ ორგანოს სხეულზე. ამას მოდის აყოლად ხსნიან. თვითონ სიტყვა “მოდა”, რუსულად უკუღმა რომ წაიკითხო, გამოდის ადომ, ანუ ჯოჯოხეთი, ესე იგი, დღეს მოდას აყოლილი ადამიანები ჯოჯოხეთის სწავლებით დადიან” - ეს დაკვირვება ეკუთვნის ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს. გამოქვეყნდა კი საპატრიარქოს ჟურნალ “კანდელში”, წლევანდელი 21 ივლისის ნომერში. წინამძღვარს ამ ინტერვიუში სხვა აზრიც აქვს გამოთქმული. ჟურნალიტის შეკითხვას, შარვლის ჩაცმაზე მანდილოსნები ხშირად უარს იმიტომ არ ამბობენ, რომ ეს არცთუ ისე მძიმე ცოდვად მიაჩნიათ. რას გვეტყოდით ამაზეო? დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი უპასუხებს:

“როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ არ შეუძლია უარი თქვას სხვადასხვა მანკიერებაზე, მათ შორის შარვლის ჩაცმაზე, ამაზე განგაში უნდა ავტეხოთ. ასეთ დროს მათ ეკლესიის კარი უნდა გაიხურონ და წავიდნენ”.

დეკანოზი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ რელიგიურ პრესაში გამოქვეყნებული ტექსტები ხშირად მიზნად ისახავს რელიგიური თემატიკით საზოგადოების პოლიტიკურ მანიპულირებას და ამავე დროს ფუნდამენტალისტური წარმოდგენებით ანაცვლებს ქრისტიანულ მოძღვრებას. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ციტატებს, ბასილ კობახიძე აღნიშნავს:

[კობახიძის ხმა] “სასულიერო პირს საკუთარი თავი, უბრალოდ, ქურუმად წარმოუდგენია, რომელიც არის ღვთის სახლის პატრონი და იქ მისული ადამიანების მასპინძელი. სინამდვილეში, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების სწავლების მიხედვით, მასპინძელი ტაძარში არის უფალი. ადამიანები მოდიან იესო ქრისტესთან და არა ამა თუ იმ სასულიერო პირთან. სასულიერო პირს არავითარი უფლება არა აქვს, რომ, ვთქვათ, ჩაცმულობის, ან ადამიანის სხვადასხვა შეხედულების გამო ის ტაძრიდან გააძევოს, დაზაფროს ან შეაშინოს. სწორედ ასეთი ქურუმული მენტალიტეტი, რომელიც სჭარბობს ჩვენი სასულიერო წოდების დიდ უმრავლესობაში და გამოწვეულია მათი გაუნათლებლობით, წარმოადგენს პრობლემას”.

ქართულ რელიგიურ გამოცემებში არაერთ მოულოდნელ სახელს წააწყდებით. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ ჟურნალ “ლაზარეს აღდგინებას” მე-17 წელია, გამოსცემს და რედაქტორიობს მერაბ სულაქველიძე. ამ ჟურნალის მე-18 ნომერში სწორედ გამომცემელი ბეჭდავს წერილს სათაურით “ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ”. აქ წაიკითხავთ: “მან არაერთხელ ერთპიროვნულად გადაარჩინა სამშობლო ეთნოკონფლიქტების ხელოვნურ გაჩაღებას და კავკასიის უახლეს ისტორიაში დიდი მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდა. საიდან ებოძა მას სახარებისეული სიბრძნე, შინაგანი სიწმინდე, უშუალობა და მიამიტობა - სამშვენისი ბავშვთა?” ყველა ეს ეპითეტი (და ბევრი სხვაც, მაგალითად, ქრისტეს მეომარი) ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს უშიშროებისა და პარტიული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, გივი გუმბარიძეს.

საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთი ჟურნალი, “კრიალოსანი” წლევანდელ ივლის-აგვისტოს ნომერში მკითხველს მოუთხრობს, როგორ სწირავდნენ რუსეთის სარაკეტო ბირთვული იარაღის შემქმნელები სახსრებს ტაძრის მშენებლობისათვის და როგორ ჩამოაყალიბა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფასეულობებმა “რუსი მეომრის ზნეობრივი სახე და განსაზღვრა მთელი არმიის მორალური სულიერების მაღალი დონე”.

დეკანოზი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ რუსული გავლენა საქართველოს ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლზე მხოლოდ ასეთი ამბების თხრობით არ იფარგლება და მიზნად ისახავს, საქართველოში დანერგოს უკრიტიკო დამოკიდებულება ეროვნული მესიანიზმის წახალისებისადმი.

[კობახიძის ხმა] “აქ ძალიან ლოგიკურია რელიგიური ნაციონალიზმის აღზევება, როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, ისე მართლამადიდებლური თეოლოგიური შეხედულებების ჩანაცვლება რელიგიური ნაციონალიზმით, რაც აზიანებს საზოგადოების მენტალიტეტს, აუკუღმართებს საზოგადოების ცნობიერებას”.

საკითხავი მართლაც ბევრი რამ არის, მათ შორის ის, თუ საზოგადოებისა და მრევლის რა ნაწილს არწმუნებს ქართული რელიგიური გამოცემებისა და საერო პრესის ის მასალები, რომლებიც რელიგიის რუბრიკით იბეჭდება?

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი.


მანგლისი - ჯანსაღი ჰაერითა და ნაგვით გაჯერებული კურორტი

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში საკურორტო ქალაქები და დაბები მრავლად რომაა, ყველამ კარგად უწყის. არც ისაა საიდუმლო, რომ იშვიათობას კეთილმოწყობილი კურორტები წარმოადგენენ. ამ მხრივ ტიპური მაგალითია თბილისის სამხრეთ დასავლეთით, ალგეთის ხეობაში მდებარე დაბა მანგლისი, საკურორტო თვისებებით უხვად დაჯილდოებული, კეთილმოწყობის მხრივ კი ერთობ სავალალო სანახავი. რადიო თავისუფლების თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი ახლახან იმყოფებოდა მანგლისში და შეეცადა გაერკვია, რატომ არის მთელ დაბაში ნაგვის უზარმაზარი გროვები და რატომ არ დგას არც ერთი, თუნდაც პატარა ნაგვის ურნა.


[ისმის სამარშუტო მიკროავტობუსის ხმაური ]

ასეთ ხმებს თბილისი-მანგლისის გზაზე მავალი სამარშრუტო მიკროავტობუსი გამოსცემს. ჯანსაღი ჰაერით განთქმული ქვემო ქართლის კურორტისაკენ მიკროავტობუსები თბილისის რკინიგზის სადგურიდან ყოველ 15 წუთში გადიან, მანგლისამდე ჩასვლას კი დაახლოებით 2 საათს ანდომებენ, მიუხედავად იმისა, რომ მანძილი მხოლოდ 60 კილომეტრს შეადგენს. გავარვარებულ მიკროავტობუსში მოკალათებულ მგზავრს წინ რბილად, რომ ვთქვათ რთული გზა ელის. ზოგან ისეთი გზაა უმალ ვაჟა ფშაველას პოემიდან ერთი სტრიქონი გაგახსენდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ გზაზე უკვე ერთი თვეა ასფალტს აგებენ. ამ ხნის მანძილზე სოფელ პანტიანის მახლობლად 2 კილომეტრამდე საფარი დააგეს. ამ ტემპით მანგლისამდე რამდენიმე წელიწადში მიაღწევენ. დახუთული დედაქალაქიდან საკურორტო დაბაში ასვლისას უმალ გრძნობ, როგორ სიამოვნებით და გამალებით იწყებენ გარჯას ფილტვები და ყოველ ნაბიჯზე კი აწყდები აურაცხელ ნაგავს. მანგლისში მყოფი დამსვენებლები დაბის ავკარგზე საუბრისას ზუსტად იგივეს აფიქსირებენ:

[დამსვენებლების ხმები] პირველი დამსვენებელი - სხვათა შორის სამი ჭალაა. ორი მდინარეა. უძველესი ეკლესიაა ღვთისმშობლის მიძინების. საოცრად გრილა, ღამე ცივა. თბილი საბანი გახურავს. ძალიან ბევრი ნაგავია მანგლისში. ვინც კი გაივლის ნაყინს შეჭამს ქაღალდს იქვე ადგებს. იმიტომ, რომ გადასაყრელი ადგილი არ არის. ან ბუნკერი, ან რაღაც, რომ არსებობდეს ყველა მივიდოდა იქ გადაყრიდა. მეორე დამსვენებელი - არაჩვეულებრივი ბუნებაა, შესანიშნავი ჰაერი, მდინარე. ძალიან ლამაზი ხედები, მაგრამ არასასიამოვნოა, რომ ნაგვით სავსეა სოფელი. არანაირი ბუნკერი, ან ურნა არ არის ამის მსგავსი. ანტისანიტარიაა.

მართლაც, ვერც დაბის ცენტრში და ვერც ულამაზეს ფიჭვის ჭალებში, უფრო ხშირად რუსულად ”როშად”, რომ მოიხსენიებენ, ერთ პატარა ურნასაც კი ვერ მოკრავთ თვალს. ყველგან მიმოფანტულ და გროვებად დაწყობილ ნაგავს დამსვენებლების გარდა თავად ადგილობრივი მოსახლეობაც უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს:

[ქალბატონი როზა] ძაან ცუდად არის ნაგვის გადაყრის საკითხი. სადაც მოხდება იქა ვყრით. მანქანა ვერ მოხერხდა, რომ კვირაში ერთხელ, თუნდაც თვეშო ორჯერ მაინც, რომ ჩამოიაროს. გადასახადი თუ იქნა მზადა ვართ გადავიხადოთ. ბენზინის ფული იქნება ეს, თუ თავიანთი შრომის ფული მზად ვართ გადავიხადოთ.

ქალბატონი როზასაგან განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს დაბის გამგებელი ვახტანგ მჭედლიძე. მასთან სასაუბროდ მანგლისში ყოფნის დროს გამგეობის შენობაში მივედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბატონი ვახტანგი თბილისში იმყოფებოდა, თბილისში ჩამოსვლისას კი გამგებელი უკვე მანგლისში იყო წასული. ამდენად ჩვენი გასაუბრება მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით მოხერხდა:

[ვახტანგ მჭედლიძის ხმა] ერთი მანქანაა ნაგვის და ხან, რომელ უბანში დადის, ხან რომელში. მისი ბენზინის ფულს, მძღოლის ხელფასს ჩვენ ვიხდით. ხანდახან დამსვენებლები თვითნებურად ყრიან, ხოლმე ნაგავს, მაგრამ ჩვენ მაინც ამასაც ვასუფთავებთ. (სტილი დაცულია)

ფიჭვის ჭალას რაც შეეხება - ბატონმა ვახტანგმა გვითხრა, რომ რამდენიმე ათეულ ჰექტარს ორი ადამიანი ყოველ დილით ალაგებს. საბჭოთა დროს თურმე ამ საქმით ათამდე ადამიანი იყო დაკავებული, მაგრამ ახლა დაბას სათანადო სახსრები არ გააჩნია. როგორც ირკვევა არც რამდენიმე პატარა ნაგვის ურნისათვის გააჩნიათ ფული. მანგლისი მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხაზე - ანუ ტრანსფერზეა დამოკიდებული. ეს თანხა კი წელიწადში 20 ათას ლარს შეადგენს. ადგილობრივი მკვიდრები გამგეობის ქმედებებით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ თვლიან, რომ ყველაფერი არა პირადად ვახტანგ მჭედლიძის, არამედ სახელმწიფო სისტემის ბრალია. ასე მიიჩნევს ადგილობრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელი ბატონი სოსო:

[ისტორიის მასწავლებლის ხმა] გამგებელს ანგარიში, რომ ჰქონდეს ხალხთან და არა ზემოდგომთან აი მაშინ იქნებოდა საქმე კარგად. დღეს გამგებლის პრობლემა არის ზემდგომი, ხელისუფალი არ აწყენინოს და ხალხი ასი წელი არავის აინტერესებს.

არადა, რეალურად მანგლისის კეთილმოწყობა ასი წლის წინ უფრო აინტერესებდათ. 18 საუკუნეში ლეკიანობის გამო გაუკაცრიელებული უძველესი დასახლება რუსმა მოხელეებმა განაახლეს. მთავარმართებელ ერმოლოვის ბრძანებით 1823 წლიდან მანგლისში ერევნის სახელობის პოლკი განლაგდა და სამხედრო შტაბისა და ყაზარმების გარდა რუსული სამხედრო დასახლებაც შემქნა. მოგვიანებით რუს სამხედროებსა და ნასალდათარებს ქართლის მთიანეთიდან მოსახლეობაც დაემატა. მანგლისზე ზრუნავდნენ კომუნისტური მმართველობის დროსაც. ბატონმა სოსომ დაბის ძველი და ახალი ყოფა ასე შეადარა:

[ისტორიის მასწავლებლის ხმა] აი აქ რუსების აშენებული იყო ძალით ვერ დაანგრევდი, მარა დაანგრია ხალხმა. განუკითხაობაა. დიდ სხვაობას ვერა ვგრძნობ პირველი ხელისუფლებიდან დაწყებული დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით. რუსების მადლიერი ტიფა იყოს, მაგრამ ხალხი ამას ფიქრობს, რომ იმათ დროს წესრიგი იყო. ცუდი, მაგრამ მაინც წესრიგი და ცუდი წესრიგი კარგ უწესრიგობას ყოველთვის ჯობია. (სტილი დაცულია)

ბატონი სოსოსაგან განსხვავებით კიდევ ერთი მანგლისელი, ადგილობრივი კოლორიტი 80-ს გადაცილებული ვანო პაპა რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების მხარდამჭერია და თვლის, რომ რაც ედუარდ შევარდნაძემ 12 წელიწადში ვერ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ის წელიწადნახევარში მოასწრო. ვანო პაპას განსაკუთრებით ოპოზიცია აღიზიანებს, რომელიც მისი დაკვირვებით ხელისუფლებას გასაქანს არ აძლევს:

[ვანო პაპას ხმა] ი, რო დადგეს, დაიცა ვინ არის სქელი ისა - ჰო დავითაშვილი - ის, რო დავაყენო, რა დაბადავს ყველაფერსა? ის სააკაშვილი ტრანსბურგში, რომ წავიდა, გააცნო ბევრს საქართველო. ზოგ ქვეყნებსა არცა სცოდნიათ სადა ყოფილა საქართველო. გააცნო საქართველო და დაამშვენა. (სტილი დაცულია)

მანგლისში საკურორტო სეზონის დასრულებამდე თვეზე ნაკლები რჩება. თანდათან დამსვენებლები, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით ათიათასს აღწევს, ზღვისაკენ დაიძრებიან. შემდეგ კი ხმაურიანი კურორტი ისევ მივიწყებულ პროვინციულ ცხოვრებას დაუბრუნდება მანგლისელები კი ეცდებიან ზაფხულში აგარაკებიდან მიღებული შემოსავლები მთელ წელიწადზე გადაანაწილონ და ისევ ახალ სეზონს დაელოდონ. გამოსწორდება თუ არა გზა და გაიწმინდება თუ არა დაბა ნაგვისაგან ეს მომავალ წელს გამოჩნდება.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


გია ყანჩელი 70 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
ბელგიაში მცხოვრებ გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 70 წელი შეუსრულდა. ყანჩელის წარდგინება ჩვენს რადიომსმენელს არ სჭირდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორია მსოფლიო მასშტაბით. როგორც ერთი გაზეთი შენიშნავს ამ დღეებში, იგი თანამედროვე საქართველოს ყველაზე მსხვილი კულტურული ექსპორტია. ყანჩელის, ჩვენი რადიოს დიდი ხნის მსმენელის, შემოქმედებისთვის ჩვენც არაერთი გადაცემა მიგვიძვღვნია ამიტომ მით უფრო ძნელია მასზე რაიმე ახლის თქმა.

რადიო თავისუფლება ამ დღეებში ესაუბრა ცნობილ რუს ალტისტს, იური ბაშმეტს, რომელსაც გია ყანჩელთან მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "დატირება", ყანჩელმა სწორედ ბაშმეტს მიუძღვნა.

[ბაშმეტის ხმა] "მე ვიტყოდი, გარეგნულად ეს ლამაზ მინიმალიზმს ჩამოჰგავს. სინამდვილეში კი ეს დროის ისეთი უჩვეულო და უნიკალური განცდაა, როცა დრო იწელება და მისი უზარმაზარი პაუზები ლამის მთავარ მუსიკად იქცევა მის მუსიკაში. იგი მსმენელს საშუალებას აძლევს, თავად იქცეს კომპოზიტორად, თხზას მუსიკა. აი, რას ნიშნავს მისი პაუზები. ეს პაუზები ზოგჯერ ნებიმიერ ფორტისიმოზე უფრო ხმამაღლა ჟღერს. შემდეგ უკვე მთავარი ისაა, რას ფიქრობს თავად ადამიანი, როგორ ფიქრობს, როგორ გრძნობს. მე მგონი, აი ამაშია მისი მიმზიდველობა."

ეხება რა ყანჩელის მუსიკალურ ძირებს, გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნებულ სტატიაში კრიტიკოსი ვოლფგანგ ზანდნერი შენიშნავს, რომ ყანჩელმა, შეიძლება ითქვას, თავად შექმნა საკუთარი მუსიკალური მიმართულება. მან საკმაოდ გვიან გაიცნო შიონბერგის სკოლა და დასავლეთის ავანგარდი. "მაგრამ მასზე მისი ქვეყნის მდიდარმა ფოლკლორმაც მხოლოდ ირიბი გავლენა იქონია - როგორც ატმოსფერომ, როგორც სტიმულის მიმცემმა, ანდა, თუ გნებავთ, როგორც ნიადაგმა, რომელზეც განავითარა მან საკუთარი ფართო სამყარო: ფეთქებად ჟესტებსა და თითქმის უძრავ, ფერებით მოელვარე სიბრტყეებს შორის. იგი მსმენელს შთანთქავს თავისი გარდაუვალობით, თითქოს ბგერად სურდეს ექციოს პოეტ ვლადიმირ კაზაკოვის გრანდიოზული იმპერატივი: 'ნუ შემაწყვეტინებთ. ვდუმვარ' ".

თავად მას შეუძლია თუ არა საკუთარი მუსიკის დახასიათება? ამ კითხვით მივმართე ბატონ გიას ჩვენს გადაცემამდე შემდგარი სატელეფონო საუბრისას.

[ყანჩელის ხმა] "მე ალბათ არ შემიძლია... მე აბა რა მეთქმის ჩემს მუსიკაზე? ეს ჩემი სპეციალობა არის და ვწერ მუსიკას იმისდა მიხედვით, თუ ვისთვის, რისთვის, რატომ... და, სხვათა შორის, თვითონ ეს პრობლემა - "რატომ"... მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას ვწერ, ეს კითხვა დღესაც მებადება. საჭიროა თუ არა ეს, სჭირდება ეს ვინმეს თუ არ სჭირდება და ა.შ. და ა.შ."

ყანჩელი ის შემოქმედია, რომლის მუსიკა, ერთი მხრივ, ძნელი წარმოსადგენია ეროვნული ძირების გარეშე. მეორე მხრივ, იგი ზოგადად ადამიანს მიმართავს. ამ მუსიკაში მთავარი ადგილი ზოგადად ადამიანს ენიჭება.

როგორც ჩვენს რადიოსთან საუბარში შენიშნა იური ბაშმეტმა, ყანჩელზე ისევე შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველი კომპოზიტორია, როგორც ჩაიკოვსკიზე, რომ იგი რუსი კომპოზიტიორია. ეს სიმართლება, მაგრამ არასარული, არასაკმარისი სიმართლე.

[ბაშმეტის ხმა] "კოსმიური თვალსაზრისით, ეს ზოგადსაკაცობრიო მუსიკაა. რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ, რომ იგი ქართველი კომპოზიტორია, მაგრამ საქმე ის არ არის, რომ იგი ქართველი კომპოზიტორია. საქმე ის არის, რომ ის დიდი კომპოზიტორია, ზოგადსაკაცობრიო."

რადიო თავისუფლება მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების სახელით ულოცავს გია ყანჩელს დაბადების დღეს.

თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG