Accessibility links

logo-print

სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მომლოდინე პატიმრებისთვის ცალკე საპყრობილე გაიხსნა


იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. საპატიმროები იმდენადაა გადატვირთული,

რომ მთავრობამ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ახალი ციხეების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. დღეის მონაცემებით, სასჯელაღსრულების 15 დაწესებულებაში - კოლონიებსა და ციხეებში - 8 ათასამდე პატიმარია განთავსებული, თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ყველაზე რთული ვითარება შექმნილია თბილისის ნომერ პირველ საპყრობილეში, სადაც პატიმრებს, იმის გამო, რომ საწოლები არ ჰყოფნით, მორიგეობით სძინავთ. რა გამოსავალს მიაგნო სამინისტროს ხელმძღვანელობამ?

ორთაჭალაში მდებარე ნომერ პირველი იზოლატორის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისში 150 პატიმარზე გათვლილი ქალთა საპყრობილე გახსნა, სულ ახლახან კი ავჭალის ნომერ მეათე დაწესებულების ახალგარემონტებულ შენობაში ის მსჯავრდებულები გადაიყვანეს, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოებში აქვთ გასაჩივრებული.

[ეკატერინე ტყეშელაშვილის ხმა] „დასაწყისისთვის 200 პატიმარი იქნება მხოლოდ გადმოყვანილი. ესენი იქნებიან, ბუნებრივია, საკასაციოებიდან შერჩეულნი - ყველას ვერ გადმოვიყვანთ, რადგანაც მათი რაოდენობა 700-ს აღწევს. აქ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები განთავსდებიან.“

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ეკატერინე ტყეშელაშვილის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ნოემბერში მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შოთა კოპაძის ინფორმაციით კი, ავჭალის ნომერ მეათე დაწესებულების შეკეთებაზე 145 ათასი ლარი დაიხარჯა:

[შოთა კოპაძის ხმა] „მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ გამოვიდნენ ეზოში დღის განმავლობაში და ისარგებლონ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. მათ განკარგულებაში იქნება კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც იკეტება ღამით და დაცულია უსაფრთხოების ზომები. გარდა ამისა, აქ არის სამლოცველო, აბანო, სანიტარული კვანძი, სპორტული მოედანი.“

ავჭალის საპატიმრო 250 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა პირველ ეტაპზე საპყრობილეში მხოლოდ 200 ტუსაღი განთავსდება. ახალმოსახლეთა შორისაა ავთანდილ ბეჟიტაშვილი, რომელსაც ოთხი წელი აქვს მისჯილი.

[ავთანდილ ბეჟიტაშვილის ხმა] „როგორც კი ვიღვიძებთ, გარეთ გამოვდივართ. ღამის 10-11 საათზე ვიძინებთ. ფეხბურთის თამაშის უფლებაც გვაქვს, ტელევიზორსაც ვუყურებთ... ჩვეულებრივად ვართ, როგორც ზონაში.“

პატიმრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა პირველი საპყრობილიდან არის გადაყვანილი, ძრწოლით იხსენებენ ორთაჭალის ციხეში გატარებულ დღეებს. საკუთარი საწოლი არ მქონდაო, ამბობს ჩემთან საუბარში ერთ-ერთი ტუსაღი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

[მამაკაცის ხმა] „ციხის კამერაში ერთ საწოლზე ხუთი კაცი მოდის. ინაწილებენ დროს. ბუნებრივია, ჰაერის უკმარისობაც არის. პატარა ოთახში 20 კაცის მაგიერ 60 კაცი რომ ცხოვრობს, ჰაერის უკმარისობა იქნება.”

იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას ინფორმაციით, პირველ საპყრობილეში პატიმრების რაოდენობა, სულ ცოტა, ათასით მაინც უნდა შემცირდეს. მინისტრი ავჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების გადაყვანას შექმნილი მდგომარეობიდან დროებით გამოსავალს უწოდებს:

[კონსტანტინე კემულარიას ხმა] „ვერ ვიტყვით, რომ აქ ევროპული სტანდარტებია დაცული. ეს არის ჩვენი დროებითი გამოსავალი. 250-მდე პატიმარს, სანამ ახალი დაწესებულება აშენდება, უბრალოდ, შევუმსუბუქეთ ცხოვრების პირობები.“

კონსტანტინე კემულარიას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე რუსთავში 800, ხოლო ქუთაისის შემოგარენში1500 პატიმარზე გათვლილი საპყრობილეები გაიხსნება. ასევე იგეგმება ორთაჭალის ლეგენდარული ციხის, იმავე პირველი საპყრობილის, გაუქმება და, მის ნაცვლად, ახალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საპატიმროს აშენება.
XS
SM
MD
LG