Accessibility links

logo-print

''კარგი გრძნობაა, როდესაც იმას აკეთებ, რაც გსურს''

  • ნინო როდონაია

ის, რომ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, საქართველოში უცნობია ახალგაზრდებისა და მოზარდების უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც ცხოვრების სტილითა

და პრობლემებით სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისგან დიდად არ განსხვავდება.
თუმცა საკუთარი გამორჩეული სამყარო და ინტერესები აქვთ იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სიუჟეტის გმირები არიან.

,,12 აგვისტო, ალბათ, კარგი დღეა,” - ამბობს 13 წლის ლექსო დორეული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანატოლისგან განსხვავებული ინტერესები აქვს, საკუთარ თავს ჩვეულებრივ ბავშვს უწოდებს. ლექსო კარლ ჰოპერის სახელობის დებატკლუბის წევრია და ბოლო თემა, რომელზეც მოხსენება დაწერა, კამათისას დაასაბუთა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პრესის ცენზურა იყო.
ბრიტანული კლუბის წესების მიხედვით, მას მოუწია იმის მტკიცება, რომ ცენზურა დაუშვებელია და, პირიქით. ,,პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია,” - ამბობს 13 წლის ლექსო დორეული:

[ლექსო დორეულის ხმა] ,,რეალურად ცენზურა არ არის კანონის მიხედვით, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ზეწოლა მაინც არის მასმედიაზე - თუნდაც ის, რომ პოლიტიკური შოუები შედარებით შემცირდა რევოლუციის შემდეგ და სახელმწიფოს რაც აწყობს, ხშირ შემთხვევაში იმას ატარებინებს მასმედიას და საზოგადოებაზე როგორც უნდა, ისე მოქმედებს. მაგრამ არიან ჟურნალისტები, რომლებიც ამას არ ეპუებიან და ამბობენ სიმართლეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისჯებიან.” (სტილი დაცულია)

პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი დებატების გარდა, ლექსო გლობალიზაციასთან დაკავშირებული ტურნირის გამარჯვებულიცაა. შეკითხვაზე, თუ რატომ შეიძლება მის ასაკში გლობალიზაციით დაინტერესდე, ლექსო დორეულს ამგვარი პასუხი აქვს:

[ლექსო დორეულის ხმა] ,,მთლად მასეც არ არის, მეც ბავშვი ვარ და ვერთობი.მეც მიყვარს ცელქობა, მაგრამ, პრინციპში, ეს დაინტერესება შეიძლება შემდგომ ცხოვრებაში ძალიან გამომადგეს და გამიკაფოს უფრო გზა. ვთქვათ, იგივე ლექსებს რომ ვწერ, რომ ვმღერივარ, ამის დაფარვა არც მიცდია და არც დავფარავ. თორემ მეც ყველა ბავშვივით დისკოთეკებზეც შეიძლება ვიარო და ყველგან.” (სტილი დაცულია)

ლექსო 6 წლიდან ლექსებს წერს და, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინიციატივითა და ანა კალანდაძის რეკომენდაციით, ამჟამად პრეზიდენტის სტიპენდიაზეა წარდგენილი. მივიღებ თუ არა, ალბათ, ზამთარში მეცოდინება, - ამბობს ლექსო, რომელიც მხატვრულ კითხვასაც ეუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც თავად განმარტავს, უბრალოდ, სწორად იმეტყველოს.
მომავალი პროფესია 13 წლის ლექსო დორეულს საბოლოოდ ჯერჯერობით არ შეურჩევია. მის ასაკში მსახიობობასა და რეჟისორობაზე არ უფიქრია 28 წლის პაატა შენგელიას, რომლის ცხოვრება ერთგვარად დაახლოებით 10 წლის წინ შეიცვალა. ის აფხაზეთიდან დევნილ სხვა ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საკუთარი სტუდიისთვის შეარჩია რეჟისორმა გელა კანდელაკმა. დღეს პაატა შენგელია ჩრდილების უნიკალური თეატრის ერთ-ერთი მსახიობია:

[პაატა შენგელიას ხმა] ,,ადამიანი ცდილობ, რომ შენი თავი იპოვო და შენი გრძნობები გამოხატო იმით, რასაც შენ აკეთებ და ამაზე მეტი სიამოვნება, რა ვიცი....სიამოვნებასაც კი ვერ დავარქმევ. მაგრამ მერწმუნეთ, კარგი რამე არის, როდესაც იმას აკეთებ, რაც შენ გინდა და არა იძულებით რაღაცას.” (სტილი დაცულია)

ის, რასაც ჩრდილების თეატრის მსახიობები აკეთებენ, მართლაც, საოცრება და უდიდესი შრომის შედეგია. ,,თეთრ ეკრანზე ხელის ჩრდილით ფიგურების გაცოცხლებას მხოლოდ ტექნიკა არ ჰყოფნის და მსახიობობაც სჭირდება,” - ამბობს პაატა შენგელია:

[პაატა შენგელიას ხმა] ,,ამ შავ ლაქას შეუძლია გადმოსცეს ის, რასაც შენ გრძნობ და რასაც შენ მასში ჩადებ, იგივეს გადმოგძახებს, ასე ვთქვათ. იგივეს გადასცემს მაყურებელს, შენივე გრძნობას.” (სტილი დაცულია)

ძირითად პროფესიად პაატა მაინც რეჟისორობას მიიჩნევს და ამჟამად ვან გოგის ცხოვრების ამსახველ საკმაოდ საინტერესო ანიმაციურ ფილმზე მუშაობს. ადამიანებისგან გარიყული მხატვარი მისთვის მიუღებელ გარემოს გაურბის და ეძებს ფერს, რომელსაც მზესუმზირებში პოულობს.
საკუთარი თავი პაატა შენგელიამ, როგორც თავად ამბობს, უკვე იპოვა:

[პაატა შენგელიას ხმა] ,,თუ გაქვს მიზანი და იმედს არ კარგავ, მაშინ აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გინდა.” (სტილი დაცულია)

[ისმის დეივ ბრუბეკის ,,Take five”-ის ფრაგმენტი]

იმის გადმოცემა, რასაც, ბრუბეკის ამ ცნობილი მელოდიის თანხლებით, ხელის მოძრაობით აკეთებენ ჩრდილების თეატრის ახალგაზრდა მსახიობები, სიტყვებით შეუძლებელია. თავად პაატა შენგელია ამ სპექტაკლში თავის როლს, ანუ დათვს, რომელიც როიალის პარტიას ასრულებს, მოფერებით ,,დათვ-ბრუბეკს” უწოდებს. მას და აფხაზეთიდან დევნილ სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც არა მხოლოდ თეატრი, არამედ კინოსტუდია და საგანმანათლებლო მოძრაობაც აერთიანებთ, თბილისში საკუთარი მუდმივი სამუშაო ადგილიც კი არა აქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არ წუწუნებენ და ახლა თავად აპირებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიებას.
XS
SM
MD
LG