Accessibility links

ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში 3 დღეს დაყოფს


დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს - ეწვევიან სვანეთს,

იმერეთს, კახეთს. პროგრამა ძალზე მრავალფეროვანია და, გავრცელებული ინფორმაციით, მისი კორექტირება სტუმრის ნება-სურვილის მიხედვით მოხდება. ამჟამად პრეზიდენტები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან. მაღალი სტუმრის დახვედრის პირველი პატივი სწორედ ლიკანსა და ბორჯომს ხვდა წილად. ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტის რანგში პირველად იმყოფება საქართველოში. ვიზიტი მეგობრულია და არაოფიციალური, თუმცა საქვეყნო და გლობალურ თემებზე არაოფიციალურადაც საუბრობენ ხოლმე - მით უფრო, პრეზიდენტები, რომელთაც ერთმანეთთან, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესების გარდა, უახლოესი წარსულის რევოლუციური გამოცდილებაც აკავშირებთ.

ვიქტორ იუშჩენკო, პრეზიდენტის რანგში, საქართველოში პირველად იმყოფება. მანამდე კი მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი ვარდების რევოლუციის ქვეყანაში რევოლუციამდე განხორციელდა. მისი უშუალო მასპინძელი მაშინაც მიხეილ სააკაშვილი იყო, თუმცა სხვა რანგში და სხვა მდგომარეობაში: უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერს ქართველ ოპოზიციონერთა ერთ-ერთი გამოკვეთილი თავკაცი და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა. მას შემდეგ ერთმანეთს პრეზიდენტები რამდენჯერმე შეხვდნენ უკრაინასა და საერთაშორისო ფორუმებზე. ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტი კი, პროტოკოლის თანახმად, ცალსახად არაოფიციალურია.

[ვანო ნონიაშვილის ხმა] ”ერთადერთი, რაც არის ოფიციალური და დღეს რაც იქნება, ეს არის დეკლარაციაზე ხელის მოწერა და ბრიფინგი, მერე ბორჯომში პარკის გახსნა და კონცერტი. იმიტომ რომ დასასვენებლადაა ჩამოსული და დანარჩენი დაისვენებს. ჟურნალისტებისთვის ღია არის მარტო დეკლარაციაზე ხელის მოწერა და ბრიფინგი, მეტი არის ყველაფერი დახურული უკვე.” (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ვანო ნონიაშვილი. მისი თქმით, ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა პრაქტიკულად არც კი არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს მეგობარი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და პოტენციური თემები, რომლებზეც დასვენებისა და მოცალეობის ჟამსაც შეიძლება საუბარი. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან დუჩიძე ვარაუდობს, პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, სუამის შემდგომი რეფორმირების შესახებ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე:

[ლევან დუჩიძის ხმა]” როდესაც ვამბობთ, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს სტრატეგიული ინტერესები, ვგულისხმობთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებსაც, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. საუბარი იქნება, დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიების, ჩვენი ტაქტიკური სვლების კოორდინაციაზე, რათა ერთმანეთის შეცდომების გაზიარებით, საკუთარი გეგმების გაზიარებით, შევძლოთ მოკლე ვადებში უფრო შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა.”

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების სავარაუდოდ განსახილველ თემათა რიგს კიდევ უფრო განავრცობს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი დავით აფრასიძე:

[დავით აფრასიძის ხმა]” სამხედრო მიმართულებაზე იქნება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ინტერესი იარაღის, სამხედრო კომპლექსების იქიდან შესყიდვების და ასე შემდეგ, უკრაინას კი გასაღების ბაზრების ინტერესი აქვს, ეკონომიკური თანამშრომლობის. მეორე სფერო იქნება, ალბათ, პოსტსაბჭოურ სივრცეში ”რევოლუციებისა” თუ გარდაქმნების კოორდინაცია სხვადასხვა მიმართულებით, ბელორუსიის ფრონტზე, იქით-აქეთ.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც დავით აფრასიძე შენიშნავს, ხშირად ექსპერტების ვარაუდები არ მართლდება ხოლმე. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა, მართლაც, გვერდი აუარონ სერიოზულ თემებს და დასვენებით შემოიფარგლონ. შვებულების რამდენიმე დღის საქართველოში გატარებას ვიქტორ იუშჩენკო ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ ვიზიტი ჩაიშალა. ამასთან დაკავშირებით მაშინ ორი ინფორმაცია გაჩნდა. ერთის თანახმად, პრეზიდენტი მოუცლელი იყო, მეორის თანახმად კი, მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცეში აფეთქება ემუქრებოდა. პრეზიდენტ იუშჩენკოს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღეს შუადღისას დაეშვა. იგი მეუღლესთან ერთად საქართველოში 15 აგვისტომდე დარჩება.
XS
SM
MD
LG