Accessibility links

logo-print

გამჭოლი თემა, რომელსაც მოუწყინრად დაამუშავებდა სერიოზული ქართული პრესა, გასულ კვირაში


დავით პაიჭაძე, თბილისი გამჭოლი თემა, რომელსაც მოუწყინრად დაამუშავებდა სერიოზული ქართული პრესა, გასულ კვირაში არ ყოფილა. გაზეთები, ძირითადად, წერდნენ გაუსტუმრებელ საბიუჯეტო

დავალიანებაზე, მეცნიერებათა აკადემიის შესაძლო მომავალზე, უწყებათა შორის დაძაბულობაზე ხელისუფლებაში, აფხაზეთში მიმდინარე და აფხაზეთთან დაკავშირებულ პროცესებზე. კვირის მიწურულს ამას დაერთო წერა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისათვის მზადებაზე. მაგრამ, ვიმეორებ, არც ერთ ამ საკითხს არ დასთმობია განსაკუთრებული საგაზეთო სივრცე. ჩვენს მიმოხილვაში ყურადღებას შევაჩერებთ ერთ პრობლემაზე, რომელიც ოდნავ ჩრდილში მოექცა - ეს გახლავთ რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაცია, რომლის მოწესრიგებას მოქმედი კანონმდებლობა არ ჰყოფნის და ახალი ნორმატიული აქტი სჭირდება.

გაზეთ “ახალ ვერსიაში” წაიკითხავთ, რომ ხსენებული პრობლემის გადასაწყვეტად ორი გზა არსებობს: ერთი - გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკლესიებს შორის, არა კონკორდატის რანგის, მაგრამ სახელმწიფომ აღიაროს მათი სტატუსი და უფლებრივი მდგომარეობა და მეორე გზა - მივიღოთ ისეთი კანონი, რომ რელიგიური ორგანიზაციები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდნენ.

სამაგიეროდ, შაბათის, 13 აგვისტოს, პრესაში გაჩნდა საკითხი, რომელიც ამ დღეს დაბეჭდილმა თითქმის ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოიტანა: “ოპოზიციური ლიდერის ძმობა საშიშია”, “რას ერჩიან დავით უსუფაშვილის ძმას”, “პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო? რა სახელისუფლო ინტრიგებს უწყობენ უსუფაშვილებს”, “დავით უსუფაშვილის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა” - ასეთი სათაურებია 13 აგვისტოს ქართულ გაზეთებში. “24 საათში”, მაგალითად, წერია: რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ძმას, ადვოკატ გიორგი უსუფაშვილს, ბრალად ედება თაღლითობით სხვისი ქონების მიტაცება, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლოში მოგებული პროცესის შემდეგ გიორგი უსუფაშვილმა სასამართლო აღმასრულებლის ირაკლი სიორიძისაგან მიღებული თანხა კლიენტებს მეორე დღესვე არ გადასცა. რესპუბლიკური პარტიის წევრის თინა ხიდაშელის მტკიცებით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ კლიენტების ნაწილი უშიშროების ორგანოების თანამშრომლებს წაყვანილი ჰყავდათ განყოფილებაში, სადაც მათ არწმუნებდნენ, რომ გიორგი უსუფაშვილმა თანხა მიითვისა. თავის მხრივ, სიორიძე დაპატიმრებულია და სასტიკად ნაცემი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისგან გიორგი უსუფაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვდნენ,” - ვკითხულობთ “ 24 საათში”.

საქართველოს ტბებსა და მდინარეებში ბანაობა საშიშია. სასმელი წყალი მხოლოდ თბილისშია უსაფრთხო - აფრთხილებს მკითხველს გაზეთი “რეზონანსი”. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და ტბებში ბანაობისას მოქალაქეებს შეექმნათ ისეთი ნაწლავური დაავადებების შეყრის საფრთხე, როგორიცაა მუცლის ტიფი და დიზენტერია. ეს დასკვნა სანიტარულმა ინსპექციამ მდინარეთა სინჯების კვლევის შემდეგ გამოიტანა. მდინარის ნაპირზე პლაჟები მოუწყობელია, მოსახლეობა საქონელს ნაპირზე ერეკება, ხშირად კანალიზაციის მილებსაც მდინარეებში უშვებენ, - წერს “რეზონანსი” შესაძლო ინფექციის მიზეზთა განმარტებისას.

გაზეთი “ალია” მკითხველს არწმუნებს, რომ უმხელს სქემას, რის გამოც ექიმებს პაციენტები ეღუპებათ. სქემის არსი ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არ არსებობს ე.წ. გაიდლაინები. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი დავით ქოჩიაშვილი ამბობს, რომ გაიდლაინი - ესაა ერთგვარი სამედიცინო შპარგალკა დაავადების დროს, ექიმისათვის სახელმძღვანელო რეკომენდაციათა ერთობლიობა სხვადასხვა ვითარებაში. “აბსოლუტურად წყალშია გადაყრილი სალიცენზიო კომისიების მიერ ჩატარებული ის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებიც ითვალისწინებს ვითომდა ექიმების პროფესიონალიზმის შემოწმებას”, - წაიკითხავთ “ალიაში”. – “გაიდლაინების უქონლობამ და ამ ლიცენზირებამ კიდევ ის გააკეთა, რომ კადრი, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა და პრაქტიკული, ოპერატიული აზროვნება შეეძლო, დარჩა გარეთ. საექიმო პრაქტიკისა და პაციენტთან ურთიერთობის მასწავლებელი დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს”.
XS
SM
MD
LG