Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მოსკოვიც ყურადღებით ადევნებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მოსკოვიც ყურადღებით ადევნებს თვალს. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს იმის გათვალისწინებით,

რომ უკრაინასაც, საქართველოს მსგავსად, რუსეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. როგორ აფასებს რუსეთის პრესა უკრაინის პრეზიდენტის მოგზაურობას საქართველოში?

თითქმის ყველა რუსული გამოცემა წერს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ბორჯომის დეკლარაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ამ მიზნით პრეზიდენტები წლის მეორე ნახევარში უკრაინაში სამიტის გამართვის ინიციატივითაც გამოდიან და მასში მონაწილეობისთვის ეპატიჟებიან ბალტიის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების ლიდერებს, ასევე, რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებს. „უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები გეგმავენ შექმნან ბალტია-შავი ზღვის და კასპიის რეგიონების დემოკრატიების თანამეგობრობა - ახალი ტიპის გაერთიანება, რომელიც დემოკრატიის თანამეგობრობის გლობალური ფორუმის პრინციპებზე აიგება,” - წერს 13 აგვისტოს ინტერნეტგამოცემა „ნიუსრუ“, რომლის ცნობითაც, პრეზიდენტებს მიაჩნიათ, რომ ახლებური თანამშრომლობის პირობებში საფუძველი ჩაეყრება დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალ ერას მთელ ევროპაში, ატლანტიკიდან კასპიის ზღვამდე.
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვიქტორ იუშჩენკო უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაზეც საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, სირთულეებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ხშირი შეხვედრები და გულახდილი საუბარია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში გამგზავრების დღეს ვიქტორ იუშჩენკო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. საუბარი აგვისტოში დაგეგმილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო.

„როგორ ისვენებენ რევოლუციონერები“ - ასეთი სათაურით ბეჭდავს „ვრემია ნოვოსტეი“ რეპორტაჟს ბორჯომიდან. გამოცემის ცნობით, დიდი შანსია, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის გეგმა შეიცვალოს. კერძოდ, როგორც ერთ-ერთ ქართულ ჟურნალს განუცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ბესარიონ ჯუღელმა და მისმა მეუღლემ, მათ აგარაკს ხშირად სტუმრობს ხოლმე საქართველოს პრეზიდენტი. მათივე თქმით, პრეზიდენტს ბავშვივით უხარია აგარაკის მახლობლად მდებარე ტბაზე ნავით სეირნობა. ჯუღელების ოჯახს იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეგობარი ვიქტორი აუცილებლად მოინახულებენ ამ მშვენიერ ადგილებს.
„ვრემია ნოვოსტეი“ მკითხველს შეახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო არდადეგები კარპატებში გაატარა, სადაც ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად იქაურ სათხილამურო ტრასებს ითვისებდა. „საპასუხო ვიზიტმა უნდა დაადასტუროს, რამდენი რამ აერთიანებს ამ ორ პოლიტიკოსს და როგორი დატვირთვა ეძლევა თხილამურებსა და შამფურს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში,“ - წერს „ვრემია ნოვოსტეი“.
XS
SM
MD
LG