Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმალურ დაგეგმვას ვერ ახერხებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ წელს დაგეგმილ საბიუჯეტო დავალიანებების მთლიანად გასტუმრების ვალდებულებას ვერ შეასრულებს.

ამის მიზეზად ხელისუფლება ახალ გარემოებებს, კერძოდ კი, დამატებით აღმოჩენილ 60-64 მილიონი ლარის დავალიანებას ასახელებს. ანუ მთავრობა საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ ახალ გარემოებებს პოულობს. შესაბამისად, ამ დავალიანების ერთბაშად წელს გასტუმრება, ზოგადი მაკროეკონომიკური ფონისათვის სერიოზული საფრთხის გამო, გამოირიცხა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის საბიუჯეტო დავალიანების საერთო რაოდენობა, ახლად აღმოჩენილი ციფრების ჩათვლით, 204 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი წელს დაიფარება, დიდი ნაწილი კი 2006 წლის ბიუჯეტის გასასტუმრებელი იქნება. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული დავალიანებიდან რა ხარჯის გაწევა მოხდება წელს და რა კატეგორიის სოციალური შემწეობები დაიფარება პირველ რიგში. ფინანსთა სამინისტრო ამ ციფრებს აზუსტებს და მხოლოდ ამის შემდეგ შევა საკანონმდებლო ხელისუფლებაში ბიუჯეტის კორექტირების ინიციატივით.

ახლად აღმოჩენილმა დავალიანებამ მთავრობა უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა. ამასთან სახიერად გამოჩნდა ის პრობლემები, რომელიც საქართველოში საბიუჯეტო დაგეგმარებას ახლავს თან. ამ საბიუჯეტო ”კაზუსთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავის დროზე არ არსებობდა ხარჯვის სახაზინო წესები და დავალიანებები ისე დაგროვდა, მათი არსებობა მხოლოდ საბალანსო მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა. ის, რომ მთავრობა თავის შეცდომას აღიარებს, მისასალმებელია, თუმცა ეს არანაირი შეღავათი არ არის მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელიც შეპირებულ შემწეობას ელის და, ”სახაზინო არითმეტიკის” წყალობით, წელს ნოემბრისათვის შეპირებულ დახმარებას მომავალ წლამდე ვერ ეღირსება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ვალდებულებები 1999 წლიდან დაგროვდა. მთავრობა საბიუჯეტო მონაცემების ოპტიმალურ გათვლას ვერ ახერხებს და ვალდებულებების ნაწილის წელს გასტუმრებაზე უარს იმისათვის აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯების მკვეთრი ზრდა და, შესაბამისად, მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუარესება აიცილოს თავიდან.

ხელისუფლების ამ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება, რადგან დამატებით 60 მილიონი ლარის ბაზარზე გაშვება საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე და ინფლაციის საშიშროებას შექმნის, რაც, პირველ რიგში, სწორედ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აზარალებს, მაგრამ ის, რომ ბიუჯეტი არაოპტიმალურად არის შედგენილი და ქვეყანაში, აგერ უკვე მერამდენე წელია, ვერ ხერხდება საბიუჯეტო ცხოვრების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგება, უკვე სერიოზული პრობლემაა.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავით ნარმანია ფიქრობს, რომ გასულ კვირას წარმოქმნილი უხერხულობა სწორედ არასწორი საბიუჯეტო დაგეგმვის შედეგია:

[დავით ნარმანიას ხმა] ”სანამ ბიუჯეტი შედგება, მანამდე ნორმალურ საბიუჯეტო ქვეყნებში ეს პროცესები საბიუჯეტო პროგრამაში არის გაწერილი, სადაც არის პროგრამის მიზნები, ამოცანები, არის კატეგორია იმ ადამიანებისა, რომელთაც, ასეთი სოციალური ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დახმარებები უნდა მიიღონ და ა.შ., ანუ დეტალურად არის გაწერილი თითოეული ეს ღონისძიება და ამის შემდეგ დგება ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა და ეს ნაერთი ციფრები შედის ბიუჯეტში და არა ისე, როგორც ჩვენთან არის, როცა თითოეული სამინისტრო და უწყება ადგენს მარტივ ხარჯთაღრიცხვებს, დეტალებში არ ჩადიან და, უმეტეს შემთხვევაში, არ იციან ამა თუ იმ დაფინანსებას რა შედეგი ექნება.” (სტილი დაცულია)

მთავრობამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე უკვე დაიწყო მუშაობა. იმ დავალიანების ნაწილი, რომელიც გასულ კვირას ”უცაბედად” აღმოჩნდა, სწორედ 2006 წლის ხარჯებში გაიწერება, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ამთავითვე არ დაიწყო საბიუჯეტო მაჩვენებლების პრინციპულად ახალი მიდგომებით დაგეგმვა და თუ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონი ისევ სხვადასხვა უწყებებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარდგენილი ციფრების ნაერთად დარჩა, მომავალში ამგვარი უსიამოვნო სიურპრიზები კიდევ არ იქნება გამორიცხული.
XS
SM
MD
LG