Accessibility links

logo-print

ქართული ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკის წინა გადაცემაში თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებსა და იქ დაცულ წიგნებზე გესაუბრეთ. დღეს წიგნების სხვა, ელექტრონულ საცავს მივაშურებთ.


ქსელი, მოგეხსენებათ, ანარქიულია, საერთო წესრიგს არ ცნობს. ინტერნეტის ეს თვისება ჩანს ისეთი მოკრძალებული რესურსების მოძიების დროსაც, როგორიცაა ქართულენოვანი ელექტრონული ლიტერატურა. თუ რომელიმე ქართულ საძიებო სისტემაში შეხვალთ და საჭირო გრაფაში საჭირო სიტყვას ჩაწერთ, ეს სულაც არაა გარანტია, რომ უკლებლივ ყველა ვებ-გვერდს მიაგნებთ, სადაც კი ქართულ ენაზე შექმნილი თუ თარგმნილი ტექსტებია დაცული.

საქართველოში ერთ ადგილას თავმოყრილი ყველაზე მეტი წიგნი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ეროვნული ბიბლიოთეკა იყო პირველი (და ჯერჯერობით უკანასკნელი) ბიბლიოთეკა ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო თავისი წიგნადი ფონდის ნაწილის განთავსება ვებ-გვერდზე (www.nplg.gov.ge). ჩვენი ძიებაც სწორედ ამ გვერდიდან დავიწყეთ.

[მუსიკა]

ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ტექსტების რიცხვი, ალბათ ათეულ ათასჯერ მაინც ჩამოუვარდება ამ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების საერთო რაოდენობას. ელექტრონული ლიტერატურის კლასიფიკაციაც რაიმე კანონზომიერებას არ მორჩილებს. რა თქმა უნდა, აქ არის ვეფხისტყაოსნის ბმული, რომელიც პოემის ტექსტთან ერთად რუსთველოლოგიურ კვლევებს აერთიანებს. უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, რუსთველოლოგია ცალკე საგანი იყო. ცხადია, მაშინაც ვიცოდით, რომ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი, ვიქტორ ნოზაძე 7 რუსთველოლოგიური ნაშრომის ავტორი იყო, მაგრამ თავად ეს ნაშრომები სტუდენტტათვის მიუწვდომელი გახლდათ. ჩვენი ლექტორებიც ერიდებოდნენ ნოზაძის ხსენებას. დღეს კი ყოვლად უფასოდ იმ შვიდიდან ოთხი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: “ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება” http://www.nplg.gov.ge/ic/nozadze/nozadze_sazogad.htm “ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება” http://www.nplg.gov.ge/ic/nozadze/nozadze_gmrt.htm “ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება” http://www.nplg.gov.ge/ic/nozadze/nozadze_mze.htm და “ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”; http://www.nplg.gov.ge/ic/nozadze/nozadze_mze.htm ამავე გვერდზეა საქართველოს აწ განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ნაშრომი “ვეფხისტყაოსნის ავტორის მსოფლმხედველობისათვის” http://www.nplg.gov.ge/ic/vefx-about/cincadze/content.htm და აწ განსვენებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”; http://www.nplg.gov.ge/ic/vefx-about/Zviad_Gamsakhurdia/content.htm აქვეა ახალი აღთქმა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ლიტერატურა (მაგალითად მარხვაში საკითხავი იოანე ოქროპირის ტექსტები http://www.nplg.gov.ge/ic/ioane_oqropiri/ioane_oqropiri.htm), ნიკა ჯანჯღავას ნაშრომი “ამბოხებითი მოძრაობისა და პარტიზანული ომის საფუძვლები” http://www.nplg.gov.ge/ic/Nika%20janjgava/partizanuli/partizanuli.htm და დავით გოგიჩაიშვილის ღამის შოუს ჰედლაინებიც კი. ამიტომ ვთქვი, რომ ლიტერატურის კლასიფიკაცია არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება-მეთქი.

[მუსიკა]

ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეა განთავსებული ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგია. ეს იუნესკოს ხელშეწყობით ხორცშესხმული პროექტია, რომელიც PDF ვერსიით გთავაზობთ 51 ქართველი ავტორის ტექსტებს - იაკობ ცურტაველიდან გიორგი ლეონიძის ჩათვლით. მე, მაგალითად, საცდელად ვასილ ბარნოვის “ისნის ცისკარი” გავხსენი.

http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vasil_barnovi/isnis%20ciskari.pdf

ვიდრე ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდს დავხსნებოდეთ, გეტყვით, რომ წიგნის წაკითხვის გარდა აქ შეძლებთ შეიტყოთ, რომელ მეცნიერს რა წიგნი აქვს დაწერილი. საჭიროა შეხვიდეთ “ქართველ ავტორებში” (http://www.nplg.gov.ge/authors/main.html) და ამ ჩამონათვალსაც ნახავთ. ცხადია, ყველა ქართველ მეცნიერსა და ავტორს აქ ვერ შეხვდებით.

საძიებო სისტემიდან ქართული.კომ გზას გაიკვლევთ (http://links.qartuli.com/browse.php3?cat=93) შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული ტექსტებისაკენ. რაკი ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე ვეფხისტყაოსანი უკვე ვნახეთ, შეგიძლიათ თვალი შეავლოთ და თუ არ გეზარებათ, დატკბეთ უმდიდრესი ქართული ენით თარგმნილი “ვისრამიანის” (http://titus.uni-frankfurt.de/texte/caucasica/visr.htm) ნებისმიერი ეპიზოდით. ამავე სერვერზეა შუა საუკუნეების ქართული საერო ლიტერატურის სხვა ნიმუშებიც: აბდულმესია და თამარიანი. ოღონდ ეგ არის, ტექსტი სპეციალური ლათინური შრიფტით არის გაწყობილი და მისი ქართულად კონვერტაციის პროცედურაც გერმანულ და ინგლისურ ენებზეა აღწერილი. თუ ვერ გადმოაქართულებთ, ეგებ ინტუიცია დაგეხმაროთ, ვთქვათ, ამ სიტყვების ამოკითხვაში: “ვაგლახმე, რომელ ესეთისა მტერისა და მესისხლისათვის მიწყით დაპყრობილ ვარ, რომელ მრუდად მავალსა გველსა ვჰგავ - რაზომცა მართლად მივალ, ჩემი კვალი მრუდად ჩანს.”

ქართული ელექტრონული ლიტერატურის ძიებისას თავისათავად გადიხართ ვებ გვერდზე http://literatura.ge რომლის შემქმნელები გვაუწყებენ, რომ ეს არის “ქართული ლიტერატურული საიტი და განკუთვნილია ქართველი მწერლებისა და მკითხველებისათვის. საიტი ემსახურება თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ქართულ მწერლობაში ახალი ავტორების წარმოჩენას. ნებისმიერ მწერალს, მათ შორის არაპროფესიონალ, დამწყებ მწერალს შეუძლია გამოაქვეყნოს თავისი ლიტერატურული ნაწარმოებები საიტზე და ამგვარად მიიტანოს მკითხველამდე. ასევე, მკითხველს შეუძლია ისარგებლოს საიტით და გაეცნოს იმ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, რომლებმაც ჩვენთან თანამშრომლობა ისურვეს”.

ვისაც საკუთარი შემოქმედების ამ ვებ გვერდზე განთავსება სურს, მას მოუწევს, გაეცნოს დეტალურ ინსტრუქციას. ჩვენ კი შევხედოთ გვერდს, როგორც მკითხველებმა და აქაური ლიტერატურული ნიმუშებიც დავაჭაშნიკოთ.

პირველი, რაც თავფურცელზე თვალში მოგვხდებათ, რუსთველის სურათია. ვიღაც იფიქრებს, რუსთველის სურათი იმიტომაა, რომ პროლოგში მეორე კატეგორიის მელექსეებზე თქვა, “არ ძალ-უც სრულქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა”-ო. განმგირვის რა გითხრათ, მაგრამ შესაძლოა, გაგიკვირდეთ, როცა ვებ გვერდზე 350 ავტორსა და მათ ტექსტებს აღმოაჩენთ. ზოგი ფსევდონიმით წერს, ზოგი - მხოლოდ სახელით, ზოგიც ვინაობას არ მალავს. ბევრი ავტორი უცნობია, არაერთ მათგანს კი მკითხველი წიგნებითა და პუბლიკაციებით იცნობს. ასეთებია, მაგალითად, რატი ამაღლობელი, დათო ევგენიძე, ბესო ხვედელიძე, მირიან ებანოიძე… პროზაულ ტექსტებს უფრო პოეტური ფორმები სჭარბობს. თქვენს ყურადღებას ახლა ერთ უცნობ ავტორს მივაპყრობ, რომელიც საკურას ფსევდონიმით წერს და წერისას, მისი რწმენით, იაპონური პოეზიის ფორმებს იშველიებს: http://literatura.ge/sakura_mk.htm

უფრთო პეპლები

რამდენ ხანს ვცოცხლობთო მკითხე
და იმ დღეს ალბათ
ორი წამით კიდევ დავბერდი.

სისხლის ანალიზი

ჩემს ხელის მტევანს
ყურძენივით წურავს ექთანი,
თუმცა შენთვის წუხელ დავღვინდი.

უდაბნო

შენი სინესტის ბოლო წვეთები
ამოვლოკე თავისქალიდან,
ცხელი ამინდის პროგნოზივით უიმედო ვარ!

ალპინიადა

რა შორია მწვერვალებამდე -
კლდეა ციცაბო,
კვლავ შენს მუხლებზე გავიარე ადაპტაცია.

მგონი, გვეყოფა. მოდი ახლა, რაიმე ნამდვილად იაპონურს მოვუსმინოთ და გადაცემაც დავასრულოთ.

[მუსიკა]

ჩვენი გადაცემას ერთი ცნობითა და ერთი ანონსით დავასრულებთ. თითქმის ყველა გვერდსა თუ ტექსტს, რომელიც გადაცემაში ვახსენეთ, რადიო თავისუფლების ვებ გვერდზე თავისი ინტერნეტ მისამართი ახლავს. რაც შეეხება ანონსს, მომდევნო გადაცემაში აკა მორჩილაძის ახლახანს დასტამბულ რომანზე, “ვენერას სიზმარზე” ვილაპარაკებთ.
XS
SM
MD
LG