Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დგება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მონაცემთა ბაზა


დღეიდან, 15 აგვისტოდან, საქართველოში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის მიზანი, რასაკვირველია, გაჭირვებულთათვის ფულადი შემწეობების მიცემაა,

საშუალება კი - თვითიდენტიფიცირება. სოციალური დახმარების ამ კატეგორიის პოტენციური მიმღებები სწორედ ის ადამიანები და ოჯახები გახდებიან, რომლებიც თავად განაცხადებენ თავიანთი უკიდურესი გაჭირვების შესახებ. ისინი, ვინც თავს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მოიაზრებენ, რეგისტრაციას ადგილობრივი გამგეობების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებებში გაივლიან. ასე შედგება მონაცემთა ბაზა, რომელიც, საბოლოო სახის მიღებამდე, სერიოზულ კორექტირებას გაივლის.

სოციალური დახმარების ახალი პროგრამის - სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარების პროგრამის - დაწყებას საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის ნოემბრიდან გეგმავდა. თუმცა ახლა ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ პროგრამა მომავალი წლის ივნისამდე არ დაიწყება. პროგრამის შეფერხების მიზეზია სახელმწიფოს საკმაოდ დიდი საბიუჯეტო დავალიანება, რომლის მთლიანად გასტუმრებას წელს ვერ ახერხებს. ასე რომ, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფებმა ცილოვან შიმშილს კიდევ ერთი წელი უნდა გაუძლონ. სამაგიეროდ, დრო დიდია მათთვის, ვისაც ღატაკთა მონაცემთა ზუსტი ბაზის შედგენა ევალება. პროცედურა კი ასეთია: მას შემდეგ, რაც ადამიანი გამგეობაში სპეციალურ ანკეტას შეავსებს და აღიარებს, რომ სიღატაკის გამო სახელმწიფოს უცილობელ დახმარებას საჭიროებს, საქმეში სპეციალური სოციალური აგენტები ჩაერთვებიან. სოციალური აგენტები ოჯახებს თავად შეისწავლიან, შემდგომში კი სტატისტიკოსები, სპეციალური ფორმულის საფუძველზე, ქულების მინიჭების ფორმით დაადგენენ, რამდენად სჭირდება ამა თუ იმ ოჯახს სახელმწიფოს დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე გამოჩნდა, რეგისტრაციის დაწყების პირველ დღეს მოსახლეობა არც ინფორმირებულია და არც დიდ აქტივობას იჩენს.

[მოქალაქის ხმა]” ძალიან ბევრია, რომ თავმოყვარეობა აქვს და არ მივა და არ იმათხოვრებს. შეიძლება ძაან უჭირდეს და მაინც არ იმათხოვრებს და ჯობია თვითონვე. ძაან კარგად იციან, ქუჩაში ყრიან მათხოვრები და მშივრები.”(სტილი დაცულია)

ამ მოქალაქის მოსაზრების პასუხად იმის თქმა შეიძლება, რომ, სახელმწიფოს გამოთვლების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობის პოტენციური კანდიდატი საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტია. ანუ, სხვა სიტყვებით, ცილოვან შიმშილს საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი განიცდის. მათ შორის, სავარაუდოდ, მართლაც, არცთუ მცირეა მათი რიცხვი, ვინც გამგეობებში საბუთებითა და განცხადებებით სიარულს არ და ვერ შეძლებს. ისინი პროგრამის მიღმა დარჩებიან.

[მოქალაქის ხმა]” მე მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიტყვი. ისე არ მიჭირს, რომ მე სამათხოვროდ მქონდეს, რა .”(სტილი დაცულია)

სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა დახმარების პროგრამაში, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 150 000 ყველაზე გაჭირვებული ოჯახი მოხვდებოდა. ეს განცხადება მან ორიოდე თვის წინ გააკეთა. მაშინ დახმარების ოდენობასაც ასახელებდნენ: ერთსულიან ოჯახს 60 ლარი უნდა მიეღო, ორსულიანს - 85, სამსულიანს - 105, ხოლო ოთხსულიანს - 125 ლარი. ამჯერად ოფიციალური პირები სავარაუდო თანხის ოდენობას არ განსაზღვრავენ.

[მოქალაქის ხმა]” მინიმალური ოდენობით, საარსებო მინიმუმი არის 160 ლარის ნიშნულზე. და ჩვენ ვსაუბრობთ 22 ლარზე, ჩვენ ვსაუბრობთ 60 ლარზე. და როდესაც საარსებო მინიმუმი არის 160 ლარის ნიშნულზე, სასაცილო არ არის, სატირალია ამაზე საუბარი.”(სტილი დაცულია)

ეს მამაკაცი პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდია. სოციალური დახმარება ამ კატეგორიისათვის, როგორც მან უკვე განაცხადა, 22 ლარს შეადგენს. მისი ოჯახი ორსულიანია. ოჯახის მეორე წევრი უმუშევარია. ეს მცირე ანკეტური მონაცემებიც საკმარისია იმის მისახვედრად, გაივლის თუ არა სიღატაკის რეგისტრაციას ეს ოჯახი. თუმცა, ახალ პროგრამაში მოხვედრის შემთხვევაში, არსებობს იმის ალბათობაც, რომ მამაკაცი ინვალიდობის დახმარების მიღმა დარჩეს და მხოლოდ სიღატაკის დახმარება მიიღოს.

[ნიკა თოხაძის ხმა]” იცით რა, შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ იცით რა, წინასწარ ყველაფრის გათვლა, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შეუძლებელია.”(სტილი დაცულია)

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა თოხაძის თქმით, სოღატაკის სოციალური დახმარებით გადაფარვის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება პენსიას. ეს არის ერთადერთი მკაფიო განმარტება. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG