Accessibility links

logo-print

''სათნოების სახლები'' უსახლკაროებს ვერ იტევს


თბილისის ქუჩებში, მეტროს სადგურებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად შეხვდებით მოუვლელ, სპეციფიკური სუნით გაჟღენთილ ადამიანებს,

რომლებსაც სახლკარი არ გააჩნიათ და თავს, ძირითადად, მათხოვრობით ირჩენენ. ამ ადამიანების უმეტესობა ღამეებს იმავე მიწისქვეშა გადასასვლელებში ან მიტოვებული შენობების სარდაფებში ათენებს. უსახლკაროებს განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია და ღამით ქუჩაში დარჩენა მათ ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას სასიკვდილო ხიფათს უქმნის. თუმცა თბილისელ მაწანწალებს არც ზაფხულის ცხელ დღეებში ულხინთ.

[პავლე ფედეჩკინის ხმა] „დავიბადე რუსეთში, კალუგის ოლქში, 1918 წელს...“

პავლე ფედეჩკინი 87 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში, კალუგის ოლქში, დაიბადა. ამბობს, რომ საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვიდა. სახლ-კარი არა აქვს. ჰყავს შვილი, სახელად ბორისი, რომლის ასავალ-დასავლის შესახებ კარგა ხანია არაფერი სმენია.

[პავლე ფედეჩკინის ხმა] „შვილი მყავს, ბორისი ჰქვია, მაგრამ სად არის, არ ვიცი. სადღაც აქ უნდა იყოს. ეჰ, სიბერეში კარგი რა ყრია!..“

პავლე ფედეჩკინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ცენტრალურ კლინიკაში 13 აგვისტოს მიიყვანეს. უსახლკარო მოხუცს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. გიული სვანაძემ, მიმღებმა ექიმმა, მას ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვა.

[გიული სვანაძის ხმა] „ძალიან სუსტად იყო და ვიზუალურად ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურებოდა. მოსმენით, ფილტვებში ჰქონდა ხიხინი, რაც პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ვერ გავაბრუნეთ უკან და მივიღეთ ავადმყოფი სამკურნალოდ. ლოთი არ არის, შემოყვანისას მთვრალი არ ყოფილა.“

უსახლკარო მოქალაქეების გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური აფინანსებს. ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორის, პროფესორ დავით ქოჩიაშვილის ინფორმაციით, მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის თანახმადაც, უსახლკარო მოქალაქის გადაუდებელი სამედიციონო დახმარება დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარით ფინანსდება. თუმცა, დავით ქოჩიაშვილის თქმით, როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ 300 ლარს:

[დავით ქოჩიაშვილის ხმა] „ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში არსებობს პროგრამა უსახლკარო მოქალაქეებისთვის. როდესაც შემოდის უსახლკარო, ჩვენ ვაცნობებთ მერიის ჯანდაცვის სამსახურს, ფორმდება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ამ კატეგორიის თითოეული მოქალაქის მკურნალობაზე ვიღებთ 300 ლარს. მაგრამ ეს არის მცირე თანხა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქე გვყავდა. მისი მკურნალობა დაახლოებით 4 ათასი ლარი დაჯდა. ავარიაში იყო მოყოლილი და სამი ოპერაცია დასჭირდა.“

კლინიკის თანამშრომელთა თქმით, დღე ისე არ გავა, რომ პატრულმა ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ბრიგადამ ერთი უსახლკარო მაინც არ მიიყვანოს. ცენტრალური კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის მენეჯერის ნაილი ბაქრაძის თქმით, პროგრამით გათვალისწინებული ათი დღის გასვლის შემდეგ უსახლკარო პაციენტებს საავადმყოფოს კედლების დატოვება არ სურთ:

[ნაილი ბაქრაძის ხმა] „ჩვენ მათ არა მარტო ვმკურნალობთ, არამედ ვუვლით. ამის გამო მათ კლინიკიდან წასვლა არ უნდათ და გვექმნება გარკვეული დაბრკოლებები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა გარეთ სიცივეა. მივმართავთ ხოლმე სხვადასხვა თავშესაფრებს - „კათარზისს“, მოხუცებულთა სახლს, რათა, თუ შესაძლებლობა აქვთ, გადაიყვანონ ეს ადამიანები.“(სტილი დაცულია)

ნაილი ბაქრაძის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ათი დღის ნაცვლად პაციენტი საავადმყოფოში 14 თვის განმავლობაში დარჩენილა. ამის მიზეზი მარტივია: უსახლკაროებს თავშესაფარი არა აქვთ, “კათარზისისა” და საპატრიარქოს სათნოების სახლების შესაძლებლობები კი შეზღუდულია.

[ლია ეცადაშვილის ხმა] „ჩვენი, „კათარზისის“, თავშესაფარი 20 კაცზე მეტს ვერ იტევს. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ მეტს ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ამის საშუალება არ არის ფიზიკურად. არადა, აუცილებელია ასეთი ადამიანებისათვის თავშესაფრის გახსნა, იმიტომ რომ, ვთქვათ, დროებით მიიღო “კათარზისმა”, დროებით მიიღო საპატრიარქომ, მაგრამ ამ საცოდავებს მუდმივი ბინა ხომ უნდათ.”

ეს იყო ასოციაცია „კათარზისის“ სათნოების სახლის პრეზიდენტის მოადგილე ლია ეცადაშვილი, რომლის თქმითაც, უსახლკაროთა პრობლემა მხოლოდ ცალკეული ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების შემწეობით ვერ გადაიჭრება. მით უმეტეს, საქმეს ვერ უშველის უსახლკარო ადამიანების საავადმყოფოებში შესახლება, რაც, მედიკოსების თქმით, საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვაა და სხვა არაფერი. ლია ეცადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უსახლკაროებისთვის აუცილებლად უნდა ააშენოს თავშესაფარი, რომელიც ხელმოცარულ ადამიანებს ქუჩაში სიკვდილისგან იხსნის და ოჯახის მაგივრობას გაუწევს.
XS
SM
MD
LG