Accessibility links

logo-print

თანამედროვე ქართველი ”მევახშეების” მომსახურებით ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი სარგებლობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემა დაახლოებით 15 წლის ისტორიას ითვლის, ცივილიზებული საკრედიტო და საბანკო ინსტიტუტების სერვისით სარგებლობის კულტურა

მხოლოდ ამჟამად იკიდებს ფეხს, რასაც ობიექტური სოციალურ-ეკონომიკური გარემო განაპირობებს. არადა, მევახშეობა ერთ-ერთი უძველესი საქმიანობაა, რომელიც საქართველოშიც იყო განვითარებული. მინდა თანამედროვე მევახშეებზე, მის ისტორიასა და ობიექტურ ფაქტორებზე გესაუბროთ.

კლასიკური განმარტებით, კრედიტი, იგივე სესხი, იგივე ვალი, არის ფული, თანხა, გაცემული განსაზღვრული ვადითა და პირობით, რომელიც ამ ვადაში და ამავე პირობით უკან უნდა იყოს დაბრუნებული. მიუხედავად იმისა, რომ ვალის აღება არავის სიამოვნებს, ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, სამეწარმეო სუბიექტი ან თუნდაც სახელმწიფო, რომელიმე სახის კრედიტით არ ესარგებლოს. სწორედ ამიტომ მევახშეობა, ანუ იგივე ფულით ვაჭრობა, ერთ-ერთია არცთუ მრავალრიცხოვან უძველეს საქმიანობებს შორის. ვალს იღებდნენ მონებიც და ”ძლიერნი ამა ქვეყნისანიც”, მაგალითად, ფარაონები. კრედიტებს იღებდნენ და იღებენ სახელმწიფოები, მათ შორის, ყველაზე განვითარებულნიც. ამასთან, ეს სესხები ყოველთვის სხვადასხვა სახის, პირობის, ოდენობის და დანიშნულებისაა - დაწყებული ჩვეულებრივი ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით და დამთავრებული საომარი ოპერაციის წარმოებით. მაგალითად, მსოფლიო საბანკო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და, ამავდროულად, ყველაზე სკანდალური ბანკი, ”ბერინგსი”, დიდი ბრიტანეთის სამეფოს საომარი ოპერაციებისათვის აძლევდა კრედიტს.

მევახშეობა განვითარებული იყო ჩვენთანაც, ხოლო საბანკო კრედიტების ისტორია საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში იდგამს ფეხს. სხვათა შორის, ეს ისტორია, არცთუ პოზიტიური ნიშნით, ლიტერატურულ მემკვიდრეობაშიც არის ასახული, რასაც მაშინდელი მიწათმფლობელების - თავადაზნაურობის - მხრიდან საკუთარი მამულების ბანკში მასობრივი დაგირავება და, როგორც წესი, მისი შემდგომი დაკარგვის ისტორიები უდევს საფუძვლად. ანუ ის დრო, როდესაც ქართველ კაცს ვალს ”შიშველ სიტყვაზე” ან გირაოდ დატოვებულ ”ნამუსზე” - ულვაშის ღერზე - ანდობდნენ, კარგა ხანია, კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, ისტორიას ჩაბარდა.
კრედიტები, თანამედროვე გაგებით, ფიზიკურ პირებზე გაიცემოდა მაშინაც, როდესაც ეს კანონით ისჯებოდა, ანუ საბჭოთა პერიოდში, კომერციული ბანკების არარსებობის ხანაში. ე.წ. პროცენტიანი სესხის ცნებაც დაახლოებით იმ დროიდან მკვიდრდება. საქართველოს საბანკო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ საკრედიტო მომსახურების კულტურა იმ პერიოდში, თავისდაუნებურად, მაშინდელმა ”ჩრდილოვანმა ბანკირებმა” - მევახშეებმაც შექმნეს:

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] ”შეიძლება გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდი, როდესაც არ იყო კომერციული ბანკები და სესხის აღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაშინ არსებობდნენ ადამიანები, ფიზიკური პირები, რომლებიც სესხს გასცემდნენ ხოლმე გარკვეული გარანტიების, მაგალითად, ოქროს ან ძვირფასეულობის ხარჯზე. გარანტორებად ხშირად პიროვნებებიც გამოდიოდნენ, გარკვეული ავტორიტეტები, რომლებიც იღებდნენ ვალდებულებას, რომ სესხის ამღები მას აუცილებლად დააბრუნებდა. მაგრამ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალი იყო და დღესაც ასეთად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კომერციული ბანკები, რომლებიც გასცემენ სესხს, დღესაც არის რეკლამები, სადაც წერია, რომ გასცემენ სესხს ან ისესხებენ.”(სტილი დაცულია)

დღეს, როდესაც საბანკო სისტემა საქართველოში მეტ-ნაკლებად განვითარებულია და სესხის გაცემას არავინ კრძალავს, ამგვარი მევახშეობა მაინც არის დამკვიდრებული და, ოფიციალური საბანკო ინსტიტუტიდან კრედიტის გამოტანის პროცედურების სირთულის გამო, ამ ”ჩრდილოვანი”, მაგრამ კანონით არადასჯადი, საკრედიტო სექტორის მომსახურებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ჯერჯერობით არცთუ მცირე ჯგუფი სარგებლობს და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს ისარგებლებს, რადგან ”ფული არასდროს არის იმდენი, რამდენიც გჭირდება”.
XS
SM
MD
LG