Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო ერთი წევრით შემცირდა

  • ნინო როდონაია

ერთ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალ გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭოს, ცხრის ნაცვლად, 8 წევრი აირჩევს.

საბჭოს შემადგენლობის დატოვების განცხადება ორშაბათს პრეზიდენტს გაუგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა. იგი ერთ-ერთია იმ 24 კანდიდატს შორის, ვისაც საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობა სურს.

მინდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის შერჩევის ახალ ფაზაზე მოგითხროთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული მეორე კონკურსის 24 მონაწილეს შორის რამდენიმე გარემოების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას ორი იქცევს. გასული შაბათიდან პრეტენდენტებს შეემატა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, რომელიც ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელია. სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა ავტორი მაუწყებლობის კანონისა, რომელიც, სხვათა შორის, არაფერს ამბობს იმ შემთხვევაზე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის სურვილი სამეურვეო საბჭოს წევრს უჩნდება. თამარ კინწურაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი საბჭოს წევრის სტატუსის შენარჩუნებას არ უკრძალავს, თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] "ვთვლი, რომ არ არის მართებული მონაწილეობა მივიღო კონკურსში მეურვის სტატუსით და ამიტომ ნებაყოფლობით დავწერე განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ მზღუდავს." (სტილი დაცულია)

კანდიდატებს შორისაა გერმანისტი ლაშა ბაქრაძეც, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ ივლისში შერჩეული ოთხეულის ერთ-ერთი წევრი იყო და ამჟამად ერთადერთია, რომელიც იმ ოთხეულიდან მეორე კონკურსშიც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბაქრაძეს სამეურვეო საბჭოს თავისუფალ არჩევანში ეჭვი ეპარება, კონკურსში მონაწილეობას შექმნილი სიტუაციისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის სურვილით ხსნის:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "საბჭომ აჩვენა, რომ მას არ შეუძლია არამცთუ გენერალური დირექტორის არჩევა, არამედ მომავალშიც არაფრით არ ივარგებს როგორც სამეურვეო საბჭო ტელევიზიისა. რადგან მათ წარმოდგენა არა აქვთ, განსაკუთრებით თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რა ფუნქციები აქვს საბჭოს, რა მოვალეობები. ამიტომაც არის, რომ დღეს თავისთავად ცხადად მიიჩნიეს, რომ შესაძლებელია საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თავისი კანდიდატურა დააყენოს." (სტილი დაცულია)

იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრება კვლავ მოუწევს, ლაშა ბაქრაძე მეურვეებისთვის იმის განმარტებას აპირებს, თუ რატომ არ შეიძლება გენერალურ დირექტორად საბჭოს, თუნდაც ყოფილი, წევრის არჩევა:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "სახეზე გვაქვს არა სამართლებრივი პრობლემა, რადგან, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონში არაფერი არ წერია ამგვარი შემთხვევის შესახებ, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კანონი არ არის სრულფასოვანი, არამედ ჩვენ გვაქვს აქ საქმე ამორალურ საქციელთან, რომლის მსგავსს, მართალი გითხრათ, მე არ მოველოდი." (სტილი დაცულია)

იმ მდგომარეობას, რომ სულ ცოტა ხნის წინ გენერალური დირექტორობის კანდიდატებს იწუნებდა ან იწონებდა, დღეს კი ამავე რანგში თავადაა, თამარ კინწურაშვილი ობიექტურ რეალობას უწოდებს და რაიმე პრივილეგიას გამორიცხავს:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] "არის გარკვეული კონკრეტული კრიტერიუმები, არი დოკუმენტი, რომელიც მე მოვამზადე საზოგადოებრივი ტელევიზიის ხედვის სახით, და საბჭოს წევრებმა აქედან გამომდინარე უნდა შეაფასონ ჩემი კანდიდატურა. ნუ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურობის მომენტი იმის გამო, რომ მე სამეურვეო საბჭოს წევრი ვიყავი, ვიყავი წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, შემდეგ არჩეული პარლამენტის მიერ და დამტკიცებული, შესაძლოა, გარკვეულწილად, მეტი იყოს. თუმცა მე უარი ვთქვი ამ სტატუსზე ნებაყოფლობით და ვიღებ როგორც ჩვეულებრივი კანდიდატი მონაწილეობას." (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ტენდენციის გაგრძელებაზე საუბრობს ლაშა ბაქრაძე. მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია, “თავისუფლების ინსტიტუტის” სახით, რომელსაც ბაქრაძე კადრების სამჭედლოს უწოდებს, ხელისუფლების მთავარი ბურჯი იყოს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კადრები, ძირითადად, "თავისუფლების ინსტიტუტის" უნდა იყოს საქართველოში და ეს ყველა კადრი უნდა მოდიოდეს "თავისუფლების ინსტიტუტის" ფილტრის გავლით, თუ არა მათი უშუალო თანამშრომლები." (სტილი დაცულია)

ლაშა ბაქრაძის, უკვე როგორც კონკურენტის, ამ მოსაზრების კომენტარზე თამარ კინწურაშვილმა უარი გვითხრა:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] "არ ვთვლი მართებულად ასეთ ინსინუაციებზე კომენტარის გაკეთებას." (სტილი დაცულია)

პირველი კონკურსისას სამეურვეო საბჭომ კანდიდატები არასათანადო მენეჯერული გამოცდილების გამო დაიწუნა. საბჭოს ყოფილ წევრს თამარ კინწურაშვილს ამ ტიპის გამოცდილებად, შესაძლოა, ის ჩაეთვალოს, რომ 2001 წელს ლუდის მწარმოებელი კომპანია ,,კასტელი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG