Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესაში ბორჯომის თემაზე ლაპარაკობენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რუსეთის პრესაში „ბორჯომის“ ხსენება გახშირდა. არა, ამჯერად საუბარი არ არის მინერალურ წყალ „ბორჯომზე“,

რომლის სარეკლამო კამპანია რუსეთში აქტიურად გრძელდება. რუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა ბორჯომის დეკლარაცია, რომელსაც ხელი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მოაწერეს. გაგაცნობთ რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

15 აგვისტოს გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ვინაიდან ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი საქართველოში არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა, უკრაინული მხარის თხოვნით, ჟურნალისტებისთვის მკაცრი წესები შემოიღეს - მაგალითად, არც ერთი ტელეკომპანია არ დაუშვეს აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ჩამოსვლის კადრების გადასაღებად. მთლიანობაში, გაზეთის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პრივატულობის დაცვას ცდილობდა. რადგან ვიზიტი არაოფიციალური იყო, ორივე პრეზიდენტის პრესსამსახურები აფრთხილებდნენ ჟურნალიტებს, რომ დღის წესრიგი არ არსებობდა და რომ პროგრამა ყოველ წუთს შეიძლება შეცვლილიყო. გაზეთ „კომერსანტის“ შენიშვნით, ასეც მოხდა.

"ბორჯომში უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს მაკეტი უჩვენეს, რომელიც სპეციალურად მისი ჩამოსვლისთვის მომზადდა. მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს სანახავად რეგიონის არჩევა შესთავაზა. ვიქტორ იუშჩენკომ უშგული აირჩია. პრეზიდენტებს რძეში მოხარშული ციკნით გაუმასპინძლდნენ. თვითმხილველთა თქმით, იუშჩენკომ და მისმა მეუღლემ მიხეილ სააკაშვილთან იცეკვეს კიდეც.

განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ვიქტორ იუშჩენკოს „მახშვის სავარძელი“ შესთავაზეს. ადგილობრივი მასწავლებლის თქმით, ასეთი საპატიო უცხოელი სტუმარი სვანეთს ორი ათასი წლის განმავლობაში არ სწვევია მას შემდეგ, რაც სვანეთში, გადმოცემით, რომის ერთ-რთი იმპერატორი იმყოფებოდა. ვიქტორ იუშჩენკო სვანეთის სილამაზით მოიხიბლა."

ეს, რაც შეეხება ვიზიტის ესთეტიკურ მხარეს. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას, 15 აგვისტოს „ნეზავისიმაია გაზეტას“ აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყაზანის სამიტამდე ორი კვირით ადრე, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა დსთ-ს ალტერნატივა მოიფიქრეს. როგორც გაზეთი წერს, სწორედ ამ მიზანს ისახავს ბორჯომში გახმიანებული იდეა დემოკრატიული სახელმწიფოების კოალიციის შექმნის შესახებ.

რუსი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბორჯომში გაკეთებული განცხადება - ეს კიევისა და თბილისის იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ალერნატივის შექმნას და არსებული თანამეგობრობის დაშლას. ამავე დროს, მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო არ გამორიცხავს, რომ ყაზანის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების ახალი ინიციატივა რეაგირების გარეშე დარჩეს. "თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტები პრაგმატიკოსები არიან და კარგად ესმით, რომ სკანდალი მათ ინტერესში არ შედის" - განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მალაშენკომ, რომლის აზრითაც, საქართველო-უკრაინის დეკლარაცია მხოლოდ საჯარო განცხადებად დარჩება.
XS
SM
MD
LG