Accessibility links

logo-print

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა პირველადი შედეგები გამოაქვეყნა


16 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტთა სარეგისტრაციო ცენტრებსა და ინტერნეტსაიტზე,

რომლის მისამართია www.naec.ge, გამოქვეყნდა ცხრილები, სადაც მითითებულია აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამის საგნებში მიღებული ქულები, ამ ქულების ჯამი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეიტინგის ნომერი, ანუ მონაცემი იმის შესახებ, თუ რომელ ადგილს იკავებს აბიტურიენტი, სკალირებული ქულების მიხედვით, ერთიან სიაში. როგორ შეხვდნენ აბიტურიენტები და მათი მშობლები გამოცდების პირველად შედეგებს?

[ისმის ხმები] „ეს რომელი რაიონია, სამგორის? ვაკის მონაცემები სად არის?..“

ტოვსტონოგოვის ორ ნომერში მისული ეს ადამიანები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სიებს ათვალიერებენ. აბიტურიენტებს აშკარად სჭარბობენ მათი მშობლები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ემოციების შეკავება უჭირთ.

[ისმის ხმები] „უცხო ენაში 96 ქულა, უნარები - 81, ქართული - 85, მეტი რა გინდა, დაო!“

„დიდი მადლობა. ვაიმე, რა კარგი ფეხი გქონიათ, ქალბატონო!“

ამ ქალბატონებს საკუთარი შვილების წარმატება ახარებთ. „არ მეგონა, ასე სამართლიანად თუ ჩაატარებდნენ გამოცდებს“, მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

[ქალბატონის ხმა] „ჩემი შვილი სამი თვე ემზადებოდა და ამიტომ შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ.“

[ქალბატონის ხმა] „ველოდი ამ ქულებს, თუმცა რაღაცნაირად მაინც ვნერვიულობდი. არ მეგონა, სამართლიანად თუ ჩაატარებდნენ... მიხარია ის ქულები რომ მივიღეთ, რასაც ველოდით.“

შვილის წარმატებით ამაყობენ გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მცხოვრები ზარნაძეები, რომელთა ვაჟმა ყველა გამოცდაში 90-ზე მაღალი ქულა მიიღო:

[მამაკაცის ხმა] „სიაში 427-ეა, გრანტი მოპოვებული გვაქვს. ანუ რიგითობაში ჩვენმა შვილმა 32 ათას კაცში 427-ე შედეგი აჩვენა.“

427-ე - რეიტინგის ამ ნომრით, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტი უპირობოდ მიიღებს სახელმწიფო გრანტს. ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, 32 ათასი აბიტურიენტიდან სახელმწიფო მხოლოდ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 4-დან 6 ათასამდე ახალგაზრდის სწავლას დააფინანსებს.

[მაია მიმინოშვილის ხმა] „4 ათასი, რა თქმა უნდა, მინიმალური რაოდენობაა. ალბათ, იქნება გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად გააკეთა გრანტიანმა აბიტურიენტმა განაცხადი: 1500 ლარიანზე თუ 1000 ლარიანზე. ჩვენ ვამბობთ 4 ათასს იმ შემთხვევაში, თუ ყველა აბიტურიენტმა 1500 ლარიან გრანტზე შეიტანა განაცხადი. ცხადია, ასეთი რამ მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.“

ცხადია, ყველა აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს. იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ ქულები უსამართლოდ დააკლეს, შეუძლიათ შედეგები გაასაჩივრონ, თუმცა მომჩივანებს განცხადების დაწერის პარალელურად ჯიბეზე ხელის გაკვრაც მოუწევთ.

[ქალბატონის ხმა] „აუცილებლად ინგლისურის შედეგების გასაჩივრებას ვაპირებთ, იმიტომ რომ ასე მგონია, ბევრად დაბალი ქულა გვაქვს: 57 გვაქვს და ველოდით 85-ს. ჯერ „ბაზის ბანკში“ გადავიხდით 30 ლარს და მერე მოვალთ აქ აპელაციის შესატანად.“

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის თანამშრომლის მერაბ თოფურიას განმარტებით, საჩივრების მიღების ვადა 19 აგვისტოს საღამოს 6 საათზე იწურება:

[მერაბ თოფურიას ხმა] „სპეციალურ განაცხადს შეავსებენ, ერთი საგნის გასაჩივრებაში გადაიხდიან 30-ლარიან ქვითარს, იმიტომ რომ სააპელაციო კომისია არის ჩვენგან დამოუკიდებელი ორგანო და მისი წევრების შრომას სათანადო ანაზღაურება სჭირდება. სააპელაციო კომისია საჩივრებს იხილავს ორი კვირის განმავლობაში. თუ აპელაცია საფუძვლიანია, აბიტურიენტს თანხას უკან უბრუნებენ.“

საბოლოო, დაზუსტებულ, შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 10 სექტემბრამდე გამოაქვეყნებს. სწორედ ამ დროისათვის გახდება ცნობილი, თუ რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო სახელმწიფო გრანტი, რომლის საერთო მოცულობა 6 მილიონი ლარია.
XS
SM
MD
LG