Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს


შემოდგომაზე დანიშნული შუალედური საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებისადმი ოპოზიციის პრეტენზიები იზრდება.

პრაიმერის იდეით გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები მმართველ ,,ნაციონალურ მოძრაობას” მისი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ნაწილი კონკრეტულ თანხას ასახელებს, ნაწილი კი - საარჩევნო კოდექსის უკვე დარღვეულ მუხლებს.

1 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთაგან ბიძინა ბრეგაძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის კონკრეტულ მაგალითზე ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ წარმართვაში ადანაშაულებს. ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ ისნის რაიონში საბიუჯეტო თანხით აშენებულ სპორტულ მოედანზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ბიძინა ბრეგაძის წინასაარჩევნო კამპანიისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. კონკრეტულ მტკიცებულებას ლეიბორისტები არ ფლობენ, თუმცა აპირებენ, რომ, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად განკარგვის ბრალდებით, პრეზიდენტს უჩივლონ. ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის მიერ დასახელებული კონკრეტული თანხის დახარჯვას, რა თქმა უნდა, ვერ დაადასტურებს, განსხვავებით იმისგან, რომ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისას კანონი უკვე დაირღვა. კუკავას განმარტებით, ისნის რაიონში ბრეგაძესთან ერთად გამოჩენით სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსის
73-ე მუხლი დაარღვია:

[კახა კუკავას ხმა] ,,საქართველოს პრეზიდენტს ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ეს წერია პირდაპირ, მაშინ როდესაც ასევე პირდაპირ პრეზიდენტმა განაცხადა და ეს გადაიცა ყველა ტელეარხით - ბიძინა ბრეგაძეს დავუჭიროთ მხარი და ეს არის ჩვენი კანდიდატი და მე მოვედი აქ მის მხარდასაჭერად და ა.შ., ანუ იყო ღია კამპანია.” (სტილი დაცულია)

კონსერვატორი დეპუტატი განმარტავს, რომ დაირღვა ამომრჩევლის მოსყიდვის, მათ შორის, რაიმე მატერიალური ფასეულობის შეკეთების ამკრძალავი პუნქტიც, რადგან ხელისუფლება ისნის მოსახლეობას არა მხოლოდ ახალ სპორტულ მოედნებს, არამედ ლიფტებისა და სახურავების შეკეთებასაც დაპირდა:

[კახა კუკავას ხმა] ,,რაც მთავარია, ხაზი იყო გასმული, რომ ამას აკეთებდა პირადად ბიძინა ბრეგაძე. მას არც თანამდებობრივად არა აქვს შეხება, შს-თა მინისტრის მოადგილეს, მე მგონი, სათამაშო მოედნების შეკეთებასთან და არც როგორც კანდიდატს არა აქვს ამის უფლება. ანუ ეს არის სუფთა ამომრჩევლის მოსყიდვა. ისე, სხვათა შორის, ითვალისწინებს რეგისტრაციიდან მოხსნას.” (სტილი დაცულია)

ბრეგაძის მაგალითზე და საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით, ოპოზიცია კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს:

[კახა კუკავას ხმა] ,,ბიძინა ბრეგაძის მთელი საარჩევნო კამპანია დამყარებულია, ძირითადად, მუნიციპალური ბიუჯეტის ათვისებაზე. გზები იხსნება - ხსნის ბიძინა ბრეგაძე. მის შტაბში ჩართული არიან ადგილობრივი გამგეობის და
შსს-ს წამყვანი მუშაკები. ეს არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.” (სტილი დაცულია)

კახა კუკავას ინფორმაციით, კანონის დარღვევებზე რეაგირების თხოვნით ოპოზიციამ უკვე მიმართა იმ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების მეთვალყურეობას აპირებენ. ერთ-ერთი მათგანის - ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” - ხელმძღვანელი თამარ ჟვანია გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობს, თუმცა ტენდენციის გაძლიერებას მომავალი თვიდან ელის:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,ისეთი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ მიდის, რომ, ვთქვათ, სერიოზული ფაქტები იყოს. მე ყოველთვის შემეძლება ფაქტებზე საუბარი, როცა არგუმენტი მექნება ამ ფაქტის რეალურად დაფიქსირების. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები თუ იქნება, უფრო სექტემბერში იქნება აქტიურად და ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, როგორც სხვა დროს.” (სტილი დაცულია)

სხვა დროს, ანუ რამდენიმე წლის წინ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ედუარდ შევარდნაძე ისევე დაჰყვებოდა, როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი - ბიძინა ბრეგაძეს. თავად ბრეგაძე მიუღებელს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს და, საპასუხოდ, მისგან არჩევნებში მხარდაჭერას ითხოვს.
რაც შეეხება კანონს, მისი ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, დეპუტატად კენჭისყრის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირმა პოსტი უნდა დატოვოს. ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძემ გადადგომის განცხადება დაწერა, ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის სახითაა ცნობილი.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG