Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის ჰუმანიტარული მისია ცხინვალელი ქართველი ბავშვებისათვის


ქართველი თვალის ექიმების შემდეგ, რომლებიც ცხინვალის ზონაში მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევას უტარებენ, ჰუმანიტარული მისიით შიდა ქართლს

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა ესტუმრა. თუმცა მინისტრი კემულარია და მისი თანმხლები დელეგაცია ცხინვალში არ შესულან. ისინი გორიდან ცდილობდნენ ცხინვალში დაბადებული 200 ბავშვის დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენის გაადვილებას. ერთჯერადია თუ არა ეს აქცია და გაგრძელდება თუ არა იგი აფხაზეთში, სადაც ქართველ ბავშვებს ასევე არა აქვთ ქართული დაბადების მოწმობები?

7 წლის ზვიად ხადური პირველია თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბადებულ იმ ორას ბავშვს შორის, ვისაც საქართველოს სასამართლომ დაბადების მოწმობის აღდგენის საშუალება უფასოდ მისცა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენისათვის სასამართლოში გადასახდელი საბაჟო მოსაკრებლის რაოდენობა 30 ლარს შეადგენს. ამ თანხის უქონლობის გამო კი ცხინვალის სამშობიაროში დაბადებული ბავშვები ვერ იღებდნენ ქართულ დაბადების მოწმობებს, რაც საბაზისო მნიშვნელობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ცხინვალის ხელისუფლების გაცემულ მოწმობებს კი ძალა არ ჰქონდაო, აღნიშნა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კოტე ვარძელაშვილმა, რომელიც გორში ესწრებოდა ამ აქციას:

[კოტე ვარძელაშვილის ხმა] "აქ იყო სერიოზული პრობლემა, ვინაიდან ამ ბავშვების მშობლები ვერ იღებდნენ დაბადების მოწმობას, რადგან ცნობა გაცემული იყო ცხინვალში, საავადმყოფოში. ამ ცნობას ჰქონდა ბეჭედი, დე ფაქტო ხელისუფლების გერბის გამოსახულებით, და, შესაბამისად, ხელმოწერა იყო ასევე არაუფლებამოსილი პირის. ანუ ეს იყო სამართლებრივი ხარვეზი, რადგან სამართლებრივად ვერ ვიღებდით ამ საბუთს." (სტილი დაცულია)

სასამართლოს გზით უფასოდ 16 აგვისტოს ქართული დაბადების მოწმობის აღების ნებართვა ათმა ბავშვმა მიიღო. ესენი არიან, ძირითადად, ქართული სოფლების -ერედვისა და ქურთას - მცხოვრებლები, რომლებიც ცხინვალის სამშობიაროში დაიბადნენ. სულ კი ცხინვალის რეგიონში დაბადებული 200 ბავშვის მშობლებმა გამოთქვეს სურვილი დაბადების მოწმობის მისაღებად. თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი ამბობს, დაბადების მოწმობის ფაქტის უფასოდ დადასტურება ამიერიდან ხელმისაწვდომი ხდება რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის.

[კოტე ვარძელაშვილის ხმა] “ეს ეხება ცხინვალის რეგიონის ყველა მცხოვრებს, ქართველებსაც და ოსებსაც, განურჩევლად ყველას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ვიმეორებ, მთავარია პრეცედენტი, პრინციპზეა აქ ლაპარაკი. სასამართლო უსასყიდლოდ დაუდგენს ფაქტს დაბადებისას და ამ საბუთის საფუძველზე, შესაბამისად, მათ შეუძლიათ მიიღონ დაბადების მოწმობები.”

ჩვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ვთხოვეთ აეხსნა, ვრცელდება თუ არა ეს შეღავათი მეორე კონფლიქტურ რეგიონში, აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრებ იმ ადამიანებზეც, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ დაიბადნენ და, შესაძლოა, ასევე არ ჰქონდეთ ქართულ ენაზე შესრულებული დაბადების მოწმობა, რაზეც, კოტე ვერძელაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა:

[კოტე ვარძელაშვილის ხმა] “კარგი შეკითხვაა. თუმცა ასეთი შეკითხვა ნაკლებად არის გალში. რადგან, მეტწილად, ეგენი მაინც ზუგდიდში ჩამოდიან სამშობიაროდ და არა სოხუმში. შესაბამისად, მათზე ცნობები გაიცემა ზუგდიდის საავადმყოფოს მიერ. ეს კი, თავის მხრივ, საბუთია და არ ქმნის პრობლემებს.”

დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენისთვის 30 ლარიანი გადასახადის გაუქმების პრეცედენტი მხოლოდ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაბადებულ ნებისმიერი ეროვნების ადამიანზე ვრცელდება. თუმცა ქართული დაბადების მოწმობის მიღების სურვილი სადემარკაციო ხაზს იქით მცხოვრებ არც ერთ ოსს და აფხაზს ჯერჯერობით არ გამოუმჟღავნებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG