Accessibility links

logo-print

ისრაელი სტოვებს ღაზის სექტორს


ანდრო ეული, პრაღა ამჯერად, როცა ისრაელმა ებრაულ მოსახლეთა გაყვანა დაიწყო ღაზის სექტორიდან, მიმომხილველები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას,

თუ რა ზეგავლენა იქონიებს ისრაელის მესვეურთა ეს ინიციატივა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრუკინგსის ინსტიტუტში ვაშინგტონში ორმა ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ყოველ შემთხვევაში თეორიულად, ღაზის სექტორის ოკუპაცია ისრაელის მიერ სამ კვირაში დასრულდება. თუმცა ღაზის სექტორის საზღვრების ჩაკეტვით, ეს ტერიტორია, კვლავაც ისრაელის კონტროლქვეშ დარჩება.

სწორედ ამაშია ის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევა, რასაც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი დაუპირისპირდება, - ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის საბანის ცენტრის თანამშრომელი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, პალესტინელი შიბლი თელჰამი. მისი თქმით, ღაზის სექტორის ეკონომიკა ისრაელთან ურთიერთობაზეა მთლიანად დამოკიდებული. ღაზის ეკონომიკა გაჩანაგებულია, მისი უშიშროების სამსახური - სუსტი და დეზორგანიზებულია, და ამდენად, ფუნქციის შესრულება ამ მხრივ, ჰამასს მოუხდება.

შიბლი თელჰამის მიაჩნია, რომ ჰამასმა ამჯერად, არ უნდა მისცეს ისრაელს ღაზის საზღვრების გადაკეტვის საბაბი. ხოლო გაუთავებელი ყალბი დაპირებებით იმედგაცრუებულ პალესიტნელ მოსახლეობას, ცხადია აღეძრება სურვილი, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობამ გადადგას ისეთი რადიკალური ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯები, რაც სრული სუვერენიტეტის მქონე მთავრობისთვისაც კი არ იქნებოდა ადვილი {შიბლი თელჰამის ხმა}: "პალესტინელთა ხელმძღვანელობა ვერ გახდება მთავრობა. მას ექნება მეტი ავტონომია, ვიდრე ეს ოსლოს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, და უწინარესად იმიტომ, რომ ისრაელი, ამჯერად, მთლიანად იქნება წასული. მაგრამ როცა არა გაქვთ სუვერენიტეტი, ბუნდოვანი რჩება ხელისუფლების ლეგალური სტატუსი. და ვიდრე ისრაელი კვლავაც კონტროლს გაუწევს ღაზის საზღვარსა და პორტებს, ოკუპაციის შეწყვეტაზე ლაპარაკი - ნადრევია. ეს კი, გაართულებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ვითარებას".

ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ პრეს-კონფერენციას ესწრებოდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ისრაელში მარტინ ინდიკიც, რომელიც ამჟამად ამ ინსტიტუტის საბანის ცენტრს ხელმძღვანელობს. მან თქვა, რომ პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც აბუ მაზენის სახელითაცაა ცნობილი, ავტონომიის ხელმძღვანელობაში მიიყვანა ჰამასი, ვინაიდან აბასს სურს თავიდან აიცილოს ღაზის კონტროლირებისათვის ბრძოლა, და თანაც ჰამასის გარეშე მას არ ძალუძს საკუთარი პოლიტიკის გატარება.

მარტინ ინიკმა განაცხადა, რომ ჰამასს მიეცა ისტორიული შესაძლებლობა - განაგრძოს თავისი ექსტრემისტული საქმიანობა, ან კიდევ ღაზის ეკონომიკას მოახმაროს მთელი თავისი ენერგია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მხრივ ჰამასი, ინიკის თქმით, უშუალოდ იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად ჩაკეტავს ისრაელი თავის საზღვარს ღაზის სექტორთან.

მარტინ ინიკი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ებრაულ დასახლებათა ევაკუაციის პროცესში პალესტინელთა მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი {მარტინ ინიკის ხმა}: "განცვიფრებული ვარ იმ სიმშვიდით, რაც პალესტინელებში შეიმჩნევა ისრაელის ევაკუაციასთან დაკავშირებით; მე მეტ ძალადობას მოველოდი. ეს - კარგის მომასწავებელია. და ის, თუ როგორ გადაიტანა აბუ მაზენმა თავისი მთავრობის რეზიდენცია ღაზაში, რაც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, და გარკვეულ გაგებასაც მიაღწია ჰამასთან უშიშროების საკითხში, კარგი ნიშანი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების პროცესისთვის".

როგორც მარტინ ინიკი, ასევე შიბლი თელჰამი ერთი აზრისა არიან იმაში, რომ პალესტინის ეკონომიკა გარედან, და პირველ რიგში შეერთებული შტატებიდან მიღებულ დახმარებაზე იქნება მთლიანად დამოკიდებული.

ღაზის სექტორში მიმდინარე პროცესს ეხმაურება პალესტინელთა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ჰანა აშრავიც. გაუკეთა რა კომენტარი ღაზის სექტორიდან ებრაელ მოსახლეთა ევაკუაციას, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ჰანა აშრავიმ განაცხადა {ჰანა აშრავის ხმა}: "ესაა წინგადადმული ნაბიჯი. მაგრამ თუ ეს ნაბიჯი დარჩება შეუმჩნეველი, და მას გამოიყენებენ საბაბად, რომ თავიდან აიცილონ ყოველგვარი სვლა სამშვიდობო პროცესის მიმართულებით და დააკანონონ ის, რასაც ისრაელი სჩადის იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მაშინ ამას უკურეაქცია მოჰყვება. რაც, შესაძლოა მეტად სახიფათო აღმოჩნდეს".

ამასობაში იუწყებიან, რომ ისრაელის უშიშროების ძალებმა ღაზის სექტორიდან ებრაელ მოსახლეთა იძულებითი ევაკუაცია დაიწყეს. პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ შეიკავა ცრემლი, როცა იხილა ტელეეკრანზე, თუ როგორ მიმდინარეობს ებრაელ მოსახლეთა ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG