Accessibility links

logo-print

ანონიმის მიერ დაწყებულ ანტინარკოტიკულ კამპანიას შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს

  • ნინო როდონაია

ოთხშაბათს ანონიმმა პიროვნებამ თბილისში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სახლებად გამოაცხადა.

წითელი საღებავითა და ტრაფარეტის გამოყენებით შესრულებული წარწერების ავტორი კონკრეტულ სახლებში მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებს ,,ნარკობარიგად” ან ,,წამლის ბარიგად” მოიხსენიებს. ეს სიტყვა ოთხშაბათსვე რამდენჯერმე გაიმეორა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ახალ კამპანიას იწყებს და ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიმწოდებლებს ჯილდოდ ათას ლარს ჰპირდება.

სხვადასხვა წლებში თბილისის ქუჩებში გაჩენილ წარწერებს: ,,ძირს ხუნტა,”,,იეღოველებო, გაფრინდით,” ,,კმარა” და ასე შემდეგ, ოთხშაბათიდან ახალი შეემატა. ,,ამ სახლში ცხოვრობს ნარკობარიგა” ან ,,ამ სახლში ცხოვრობს წამლის ბარიგა” - ამ შინაარსის წითელი წარწერები უცნობმა პიროვნებამ თუ პიროვნებებმა თბილისის რამდენიმე ცენტრალურ რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებზე დატოვეს. საგულისხმოა, რომ, ძირითადად, ანონიმი რატომღაც მე-9 სართულებზე მცხოვრებთ ერჩის. კონკრეტულ ადამიანებს, რომელთა შორის ყოფილი დეპუტატის მეუღლეც აღმოჩნდა, თავის მართლება ჟურნალისტებთან უწევდათ და უფლებების დასაცავად არც ომბუდსმენის ოფისისთვის მიმართვას გამორიცხავდნენ. ამ ტიპის წარწერებს ადამიანის უფლების დარღვევად მიიჩნევს მოძრაობა ,,კმარას” ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე, რომელსაც წარწერების დარგში თავადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს:

[თეა თუთბერიძის ხმა] ,,თავისთავად ნარკოტიკების და ნარკობარონების წინააღმდეგ კამპანია, რა თქმა უნდა, მისაღებია. მაგრამ ის, რომ დავდგეთ და ესეთი აბრები მივაკრათ ყველა სახლთან, ეს თავისთავად არის მიუღებელი, მე მგონი. ჩვენ, როდესაც წარწერებს ვაკეთებდით, ვაკეთებდით არა საკუთარ სახლებზე, ვაკეთებდით, ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებებთან, ქუჩებში. კონკრეტულად ვიღაცეების კარებზე ამის მიწერა, თუ ნამდვილად არ ვიცით, რომ ის არის ნარკობარიგა, ნუ, შეიძლება არ იყოს ლამაზი.” (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა მინისტრს, შესაძლოა, თეა თუთბერიძე არ უგულისხმია, როდესაც ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკომანებისა და ბარიგების დაკავება არასამთავრობო ორგანიზაციების ათობით მოცლილი წარმომადგენლის კრიტიკის საგანია. ცნობისათვის: ბარიგას, რომელიც რუსული ჟარგონია და სპეკულანტს ან მოპარული ნივთების გამყიდველს ნიშნავს, ძველ რუსეთში გალახულ მტვირთავს უწოდებდნენ. თანამედროვე თბილისში ნარკობარიგების წინააღმდეგ წითელი წარწერებით დაწყებული კამპანიით ვანო მერაბიშვილი საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ,,მე ძაან მომწონს, რომ საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.” (სტილი დაცულია)

ანონიმის მიერ ოთხშაბათს დილიდან დაწყებული ანტინარკოტიკული აქცია რამდენიმე საათის შემდეგ ერთგვარად თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა განაგრძო:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ,,ერთ კვირაში შსს იწყებს ახალ მოძრაობას. ჩვენ გადავწყვიტეთ დავაწესოთ სპეციალური პრემიები იმ ადამიანებისათვის, ვინც დაგვეხმარება ნარკოტიკებით მოვაჭრეთა დაკავებაში. მე პირადად უზრუნველვყოფ სპეციალურ დანაყოფს, რომელსაც ექნება ცხელი ხაზი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ინფორმაციის მოწოდებაში დავაწესოთ პრემია, 1000 ლარი.” (სტილი დაცულია)

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს უჩვენა 4 კილოგრამი და 300 გრამი ოპიუმი, რომელსაც მინისტრმა რეკორდული რაოდენობის უწოდა. სოფელ ფონიჭალაში, სადაც, მერაბიშვილის ინფორმაციით, ოპიუმი სპეცოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს და 25 ნარკომოვაჭრე დააკავეს, ანონიმის წარწერები ჯერჯერობით არ გამოჩენილა. შინაგან საქმეთა მინისტრი სხვების დაპატიმრებას და, საერთოდ, საზოგადოებრივი აზრის შეცვლასაც აპირებს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ,,ნარკომანები ვაქციოთ არაპოპულარულ ადამიანებად და საზოგადოებიდან გავრიყოთ ნარკომანები, როგორც დეგრადირებული, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები, რათა მათ საქართველოში თავი იგრძნონ არაკომფორტულად. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნარკომანობა, კრიმინალობა ითვლებოდა მოდურად, რაზეც მეტყველებს, მეტყველებდა კვლევები.” (სტილი დაცულია)

რომელი კვლევები, შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია. მის მიერ გამოცხადებული ანტინარკოტიკული კამპანია, ცხელი ხაზითა და 1000 ლარის ჯილდოთი, მომავალი კვირიდან დაიწყება, რის შემდეგაც ახალი კვლევა, შესაძლოა, ანონიმების რაოდენობის დადგენას დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG