Accessibility links

logo-print

ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ფოტოდოკუმენტაციის მორიგი ტომი გადაეცა


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებისა

და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ აახენის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგის, პროფესორ გუნდოლფ ბრუხჰაუზის ერთობლივი ძალისხმევით, დღის სინათლე იხილა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ფოტოდოკუმენტაციის მორიგმა, მეექვსე, ტომმა, რომელშიც შეტანილია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღწერა და ფოტომასალა. სულ, კრებულზე მუშაობის 12 წლის განმავლობაში, მეცნიერებმა თავი მოუყარეს უამრავ მასალას, მათ შორის - 35 ათას ფოტოსა და 1187 არქიტექტურული ძეგლის 4 ათას 800 ნახაზს, რომელსაც დაურთეს მეცნიერული აღწერილობა ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ფოტოდოკუმენტაციის რვატომეულზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები 1992 წლიდან მუშაობენ. რვატომეულის ერთ-ერთი რედაქტორისა და ინსტიტუტის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგის თამაზ დვალის თქმით, ამ 12 წლის განმავლობაში ზედმიწევნით იქნა შესწავლილი საქართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა, ხოლო მიკროფიშების საშუალებით უძველესი ძეგლების ათიათასობით ფოტო ხელმისაწვდომი გახდა სამეცნიერო დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ბიბლიოთეკებისათვის:

[თამაზ დვალის ხმა] „თითოეულ ტომში შედის დაახლოებით 200-მდე ძეგლი, რომელიც ილუსტრირებულია 5 ათასი ფოტოთი და 800 ნახაზით. მას ბეჭდავს ჰოლანდიური გამომცემლობა IDC. მთელი მასალა იბეჭდება გამჭვირვალე ფირფიტაზე - მიკროფიშზე. თითოეულ ტომში არის 120 ასეთი ფურცელი, ანუ ერთი ტომი, ფაქტობრივად, 6 ათას გვერდიანი წიგნის მოცულობისაა. ერთი სიტყვით, სრულ წარმოდგენას იძლევა ეს გამოცემა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლებზე.“

1996 წლიდან ქართველ მეცნიერთა შრომას, საქართველოს ბიუჯეტის პარალელურად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოც აფინანსებს. ელჩი უვე შრამი ამბობს, რომ, მეცნიერულის გარდა, რვატომეულის გამოცემას პოლიტიკური ღირებულებაც აქვს:

[უვე შრამის ხმა] „მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაშრომის გამოცემას აქვს არამარტო მეცნიერული და კულტურული მნიშვნელობა. კრებულის გამოცემით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველო არის ევროპის კულტურული წრის წევრი.“

თუმცა გერმანელების დახმარება მარტო დაფინანსებით არ შემოიფარგლება. გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია აახენის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგე, პროფესორი გუნდოლფ ბრუხჰაუზი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აღმოსავლეთ თურქეთში იკვლევდა.

[გუნდოლფ ბრუხჰაუზის ხმა] „ეკლესიებისა და ტაძრების მშენებლობის ხელოვნება, გარდა იმისა, რომ მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება, ასევე ადასტურებს ქართველი ხალხის კულტურულ და ეროვნულ თვითმყოფადობას.“

საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორის თემურ საყვარელიძის თქმით, 2006 წელს დაიბეჭდება გამოცემის მეშვიდე ტომი, რომელშიც შევა აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და სვანეთში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების მონაცემები. თემურ საყვარელიძის თქმით, რვატომეულის გამოცემით ფასდაუდებელი საქმე კეთდება:

[თემურ საყვარელიძის ხმა] „დღეს, როცა ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა, მოვლა და პატრონობა - ასეთ გამოცემას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“

ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს გამოცემის ბოლო - მერვე - ტომი, რომელშიც განთავსდება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ძეგლების ამსახველი ფოტომასალა და მონაცემები. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ფოტოდოკუმენტაციის ერთი ტომი დაახლოებით 900 ამერიკული დოლარი ღირს და მისი შეძენა მხოლოდ შეკვეთითაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG