Accessibility links

logo-print

რუსეთ-ჩინეთის უპრეცედენტო ერთობლივი მანევრები


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს ვლადივოსტოკში რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობა დაიწყო,

რაც სრულიად უპრეცედენტოა ორმხრივ ურთიერთობათა ისტორიაში. რვადღიანი მანევრებში, რაც ყვითელ ზღვაში დაიწყება და ჩინეთის ნახევარკუნძულ შანდუნიაზე დასრულდება, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ორივე სახელმწიფო შეეცადა დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, რომ ეს სამხედრო მანევრები რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ სულაც არაა გამიზნული. ხოლო ექსპერტთა აზრით, ეს მანევრები შესაძლოა არა იმენად სამხედრო, არამედ უფრო კომერციული ხასიათისა იყოს.

მანევრების დაწყებამდე რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალური ძეგლი ვლადივოსტოკში.

სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობა კოდური სახელწოდებით "სამშვიდობო მისია 2005", ფაქტობრივად იქნება სიმულაცია სცენარისა, რომელშიც ჯარის განთავსება ხდება წესრიგის აღსადგენად მესამე სახელმწიფოში, სადაც მასობრივ ეთნიკურ არეულობასა აქვს ადგილი.

ჩინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ლიან გუანლიმ პრეს-კონფერენციაზე ვლადივოსტოკში განაცხადა, რომ ამ მანევრების მიზანია გაზარდოს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალი ერთობლივი ბრძოლისთვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ხოლო მისმა რუსმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ბალუევსკიმ აღნიშნა, რომ სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში დაეხმარება ორივე ქვეყანას {იური ბალუევსკის ხმა}: "ამ მეცადინეობის მთავარი მიზანია უზრუნველყოს გაწვრთნა და მზადყოფნა მასში მონაწილე რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა, სწორედ იმ გამოწვევათა საპასუხოდ, რასაც დღეს დავუპირისპირდით ჩვენ
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში".

ეს მანევრები, ბალუევსკის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობათა შემდგომი გაფართოების დასტურია. "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობათა განვითარებას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში", - დასძინა რუსეთის გენშტაბის უფროსმა.

ბალუევსკიმ აღნიშნა ამასთანავე, რომ ხუთშაბათს დაწყებული მანევრები რომელიმე მესამე ქვეყნის დასაშინებლად არაა გამიზნული.

შეერთებული შტატები უნდობლობით უყურებს რუსეთ-ჩინეთის დაახლოებას. მოსკოვი და პეკინი, როგორც თავად აცხადებენ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რათა წინ აღუდგნენ მსოფლიოში ამერიკელთა ბატონობას.

რუსეთი და ჩინეთი ასევე ცდილობენ შეზღუდონ შეერთებული შტატების ყოფნა შუა აზიაში და გააძლიერონ საკუთარი გავლენა ამ მშფოთვარე რეგიონში. მანევრებს მეთვალყურის სტატუსით ესწრებიან შანხაის თანაშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები; ორგანიზაციისა, რომელიც რუსეთს, ჩინეთსა და შუა აზიის 4 სახელმწიფოს აერთიანებს.

ივან საფრანჩუკს, რომელიც მოსკოვში დაფუძნებული თავდაცვითი ინფორმაციის ცენტრის დირექტორია, მიაჩნია, რომ ამ მანევრებით ჩინეთსა და რუსეთს აშკარად სურთ დაანახონ დასავლეთს, რომ სანდო პარტნიორები არიან {ივან საფრანჩუკის ხმა}: "პოლიტიკური თვალსაზრისით, არ ვიტყოდი, რომ ეს მეცადინეობა ანტი-ამერიკულ, ანდა ანტი-დასავლურ ხასიათს ატარებს. თუმცა ესაა დემონსტრირება იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი შეიძლება ახლო პარტნიორები გახდნენ".

მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მანევრები სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებადაა მნიშვნელოვანი, და უფრო კომერციულ ხასიათს ატარებს რუსეთისთვის, რომლის მიზანია თავისი სრულყოფილი არსენალი უჩვენოს ჩინეთს - რუსული შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნომერ პირველ შემსყიდველს მთელს მსოფლიოში.

განვლილი ათწლეულის მანძილზე, რუსული შეიარაღების მასიურმა შესყიდვამ პეკინის მიერ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება. მოსკოვში დაფუძნებული სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზური ცენტრის მონაცემებით, მოყოლებული 2000 წლიდან, რუსეთი ყოველწლიურად საშუალოდ ორი მილიარდი დოლარის შეიარაღებას, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს, წყალქვეშა ნავებსა და ავიაგამანადგურებლებს აწვდის ჩინეთს.
XS
SM
MD
LG