Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამატებითი მატერიალური რესურსის მოძიების ყველაზე გავრცელებულ ფორმად საბანკო კრედიტი რჩება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, სათანადო უნარ-ჩვევებისა და სურვილის არსებობის გარდა, აუცილებელი პირობაა შესაბამისი კაპიტალი. ფული ეკონომიკის მამოძრავებელია.

დამატებითი ფულია საჭირო უკვე არსებული ბიზნესის გასავითარებლად და ნოვაციების დასანერგად. სად მოვიპოვოთ ბიზნესისათვის საჭირო დამატებითი კაპიტალი? ეს დილემა ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობაში მეტ-ნაკლებად ჩართულ ადამიანებს მუდმივად აწუხებთ. მინდა ფულადი რესურსების მოძიების ყველაზე ოპტიმალურ და გავრცელებულ ფორმაზე გესაუბროთ.

ბიზნესის განვითარებისათვის დამატებითი ფულადი რესურსის მოპოვების სხვადასხვა გზებს შორის ყველაზე ცივილიზებული და პოპულარული ფორმა გახლავთ კრედიტი ან სესხი. ამ ცნებების ერთი შეხედვით იდენტურობის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ მიჯნავს სესხის და კრედიტის დეფინიციას. საბანკო ექსპერტი ბაადურ ყიფიანი განმარტავს:

[ბაადურ ყიფიანის ხმა] „შეიძლება სესხის გამცემად მოგვევლინოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, თუმცა სესხი შეიძლება იყოს გაცემული როგორც პროცენტით, ისე უპროცენტოდ. მხარეებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ სესხის ხელშეკრულების დადებისას, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტზე. კრედიტი მთლად კონკრეტულად არ არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, თუმცა ის უფრო დეტალურად არის განსაზღვრული საბანკო კანონმდებლობაში. ის აუცილებლად ითვალისწინებს ხელშეკრულების წერილობით ფორმას, მის საპროცენტო განაკვეთებს და ახასიათებს 4 ძირითადი მოთხოვნა და პრინციპი, რასაც საერთოდ ეფუძნება საკრედიტო ურთიერთობები. ეს არის ვადიანობა, დაბრუნებადობა, ფასიანობა და უზრუნველყოფა. ამიტომაც „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ განსაზღვრულია კრედიტი, როგორც ძირითადად საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული სესხი.“ (სტილი დაცულია)

ნებისმიერ ბიზნესს, მცირე თუ მსხვილ კომპანიას აუცილებლად დაუდგება მომენტი, როდესაც, ბაზარზე კონკურენტული პროდუქციის თუ მომსახურების წარმოების ან ტექნიკური აღჭურვილობის განახლების მიზნით, დასჭირდება დამატებითი კაპიტალი. თუ მეწარმე ინვესტიციების მოზიდვას ვერ შეძლებს, რაც საქართველოში, საფონდო ბაზრის განუვითარებლობის პირობებში, რეალური პრობლემაა, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი საბანკო კრედიტის აღებაა.

ტრადიციული მევახშეებისა და იმ ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, რომლებიც ფულის გასესხებას ეწევიან, საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემულ კრედიტებს გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხის აღება გართულებული პროცედურაა, ბიზნესისათვის ეს გზა მაინც ყველაზე მომგებიანია.

გარდა იმისა, რომ კრედიტი, მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი საქმიანობა და, შესაბამისად, მეტი მოგება მიიღოთ ბიზნესიდან, იგი, ამავე დროს, ერთგვარი სტიმული და მამოძრავებელიც გახლავთ - ის აყალიბებს გარკვეულ ბიზნესქცევებს, გაიძულებთ მოახდინოთ თქვენი რესურსებისა და წარმოების საშუალებათა ოპტიმიზაცია; ამასთანავე, პარტნიორ ინსტიტუტსაც გიჩენთ, იმავე საბანკო დაწესებულების სახით. ბევრი სირთულის, საკანონმდებლო თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, საკრედიტო რესურსებით სარგებლობის კულტურა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს საქართველოში. ამ კულტურის განვითარებასა და პრობლემებზე, ქართულ საბანკო სისტემაში არსებულ კონკრეტული საკრედიტო მომსახურების ფორმებზე შემდგომ ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG