Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი ერაყიდან კოალიციური ძალების გაყვანის მომხრეა


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 18 აგვისტოს, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრის შემდეგ ქალაქ სოჭში გამართულ პრეს-კონფერენციაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, რომ განსაზღვრულ იქნეს ერაყიდან კოალიციური ძალების გაყვანის თარიღი. პუტინს მიაჩნია, რომ ერაყიდან უცხო ჯარების გაყვანა უბიძგებს მეამბოხეებს - შეწყვიტონ ძალადობა და სახელმწიფოს აღმშენებლობისკენ მიმართონ თავიანთი ძალისხმევა. შეერთებულმა შტატებმა მყისვე უარყო პუტინის მოწოდება და განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალზედ ნაადრევია ერაყიდან კოალიციური ძალების გაყვანაზე ლაპარაკი.


ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ ერაყის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია იქნეს მოწვეული. რუსეთის პრეზიდენტს გაუმართლებლად მიაჩნია შეერთებული შტატების თაოსნობით განხორციელებული ინტერვენცია ერაყში და აცხადებს, რომ ამგვარი კონფერენცია მშვიდობის დამყარებას შეუწყობდა ხელს ომით გაჩანაგებულ ერაყში.

კიდევ უფრო შორს წავიდა პუტინი, როცა თქვა, რომ აუცილებლად მიაჩნია ერაყიდან უცხო ჯარების გაყვანის თარიღის განსაზღვრა {ვლადიმირ პუტინის ხმა}: "აუცილებლად მიგვაჩნია ერაყიდან უცხო ჯარების ეტაპობრივი გაყვანის განრიგის შემუშავება. მრავალ ერაყელს ეს ძალები, და ეს ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, კვლავაც ოკუპანტებად მიაჩნია".

პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ ჯარების გაყვანა მრავალ ერაყელ მეამბოხეს უბიძგებს - შეწყვიტონ ძალადობა და ჩაებან ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში.

მას შემდეგ, რაც პუტინის განცხადება გამოქვეყნდა, ორიოდ საათის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შინ მაკორმაკმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში უთხრა, რომ ერაყი არაა მზად იმისთვის, რომ ქვეყანა კოალიციურმა ძალებმა დატოვონ.
"როცა ერაყის ხელისუფალნი თავად შესძლებენ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო ძალები, და მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები - გაყვანილ იქნებიან ერაყიდან", - განაცხადა შინ მაკორმაკმა.

მაკორმაკმა აღნიშნა ამასთანავე, რომ შეერთებულ შტატებს ნაკლებად აინტერესებს ერაყის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ამ წლის ბოლოს, რაც ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა {შინ მაკორმაკის ხმა}: "ამას წინათ ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბრიუსელში მოეწყო, და რომელმაც ძალზედ ბევრი ქვეყანა მიიზიდა მთელი მსოფლიოდან, თავად რეგიონიდან, ევროპიდან - იქ იყო დელეგაცია რუსეთიდანაც, და კონფერენციაზე ამ ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუთქვეს ერაყს".

პუტინი ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყო იმთავითვე. მაგრამ ესაა პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი მოწოდებით გამოდის ერაყიდან უცხო ჯარების გაყვანის შესახებ.

მოსკოვში დაფუძნებული მემკვიდრეობის ფონდის დირექტორს, პოლიტიკურ მიმომხილველს ევგენი ვოლკს საგულისხმოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ვიდრე პუტინი გამოვიდოდა ამგვარი მოწოდებით, ორი დღის წინ ბარენცის ზღვაში რუსებმა, ჩრდილოეთის ფლოტის საწვრთნელი მეცადინეობის დროს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს.

ევგენი ვოლკს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პუტინი, თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დემონსტრირებით, როცა ბარენცის ზღვაში საკონტინენტთაშორისო რაკეტას უშვებენ, ხოლო ყვითელ ზღვაში რუსეთ-ჩინეთის უპრეცედენტო მანევრები მიმდინარეობს, ცდილობს მეტი გავლენა მოიპოვოს საერთაშორისო ასპარეზზე.
XS
SM
MD
LG