Accessibility links

logo-print

1991 წლის 19 აგვისტოს არშემდგარი პუტჩიდან 14 წელი გავიდა


თოთხმეტი წლის წინ, 1991 წლის 19 ავგვისტოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა

ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხის ეთერიდან შეიტყვეს, რომ, დაშლის პირას მისული საბჭოთა იმპერიის გადარჩენის მიზნით, ძალაუფლებას საკუთარ ხელში იღებს მაღალი რანგის სახელმწიფო და პარტიულ მუშაკთა ჯგუფი, იგივე გე-კა-ჩე-პე - საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც სათავეში საბჭოთა კავშირის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი ჩაუდგა. თუმცა, ბევრისათვის მოულოდნელად, გე-კა-ჩე-პე უდღეური აღმოჩნდა. კომიტეტმა, რომელმაც სულ რაღაც სამი დღე იარსება, ვერ შეძლო ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება, ანუ ვერ გადაარჩინა საბჭოთა იმპერია, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელ ქვეყნებად დაიშალა. როგორ ახსოვთ თბილისელებს 14 წლის წინანდელი ამბები და რა კვალი დატოვა საქართველოს უახლოეს ისტორიაში აგვისტოს არშემდგარმა პუტჩმა?

1991 წლის 19 აგვისტოს დილა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის უჩვეულოდ დაიწყო. ჯერ იყო და ყველა ცენტრალური არხი რატომღაც კლასიკურ მუსიკას გადმოსცემდა, მოგვიანებით კი დიქტორმა კირილოვმა საზოგადოებას ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის გაპრეზიდენტებისა და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ამცნო:

[დიქტორის ხმა] „ქვეყნისა და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეჟიმის ეფექტური მართვის მიზნით, გადაწყდა საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის - გე-კა-ჩე-პე-ს შექმნა...“

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, ქვეყნის მართვის სადავეები გადაეცა ეგრეთ წოდებულ გე-კა-ჩე-პე-ს - საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში, ვიცე-პრეზიდენტის გარდა, საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები შედიოდნენ. 14 წლის წინანდელი ამბები კარგად ახსოვთ თბილისელებს, რომელთა ერთი ნაწილი არშემდგარ პუტჩს ირონიის გარეშე ვერ იხსნებს:

[ქალბატონის ხმა] „გორბაჩოვი იჯდა ყირიმში, სადღაც სოფელში, ზღვის პირას, კრემლში კი მისმა ძმაკაცებმა ვითომ გადატრიალება მოაწყვეს. მე მგონი, ეს თამაში იყო... რომ ქვეყანა დაბრუნებულიყო უკან, საბჭოთა კავშირში, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა.“

[მამაკაცის ხმა] „რომ მომხდარიყო გადატრიალება, ნამდვილად ცუდად წავიდოდა საქმე: დაიწყებოდა საბჭოთა კავშირის შეკოწიწება, რომელიც ირღვეოდა უკვე. არა, დაშლით მაინც დაიშლებოდა, მაგრამ გაცილებით გვიან.“

ბევრისათვის მოულოდნელად გე-კა-ჩე-პე უდღეური აღმოჩნდა. სამი დღის შემდეგ კომიტეტის წევრები დააპატიმრეს, ანუ სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა საბჭოთა კავშირის გიგანტურ სხეულზე გაჩენილი ბზარებისა და ნაპრალების ამოვსება, თუმცა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამბობს, აგვისტოს სამმა ცხელმა დღემ წარმოუდგენლად ღრმა კვალი დაამჩნია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. იგულისხმება პუტჩისადმი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება და ამ ნიადაგზე ქართულ საზოგადოებაში მომხდარი განხეთქილება:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] „ყველანაირად ჩანდა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მიდიოდა გე-კა-ჩე-პესთან დათმობაზე. და ამან გამოიწვია შემდგომ განხეთქილება გვარდიაში და განხეთქილება „მრგვალ მაგიდასთან“ და შეიარაღებული დაპირისპირება ერთმანეთთან.“

14 წლის წინანდელ მოვლენებს სულ სხვანაირად აფასებს აკაკი ასათიანი, რომელიც პუტჩის დღეებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო:

[აკაკი ასათიანის ხმა] „ჩვენს განცხადებაში ეწერა, რომ რუსეთში ხდება ასეთი ტიპის მოვლენა, არეულობა, გაურკვევლობაა და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდეთ შეენარჩუნებინა სიმშვიდე და განეგრძო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით და ჩვენი გზით ვაპირებდით სვლას და რუსეთში სანამ ვითარება არ გაირკვეოდა, არ ვაპირებდით ჩარევას იქაურ მოვლენებში. სპეციალურად არ მოვიწვიეთ მიტინგები - არ ღირდა ხალხის რისკად. თუ გამოსავალი არ იქნებოდა, ჩვენ, ხელისუფლებას, უნდა მიგვეღო დარტყმა, თუმცა ყველაფერი მალე გადაგორდა.“

„ყველაფერი გადაგორდა“, თანაც სულ რაღაც სამ დღეში. 1991 წლის 19 აგვისტოს პუტჩმა აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირში შეუქცევადი მოვლენები ვითარდებოდა და რომ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება შეუძლებელია.


XS
SM
MD
LG