Accessibility links

logo-print

სანაგვედქცეული მდინარე, ანუ როგორ წყვეტენ კურორტ სურამში ნაგვის პრობლემას


რადიოჟურნალ მე-10 სტუდიის ერთ-ერთ ბოლო გამოშვებაში გესაუბრეთ დაბა მანგლისის მოსახლეობის პრობლემებზე - უგზოობასა და ყოვლისმომცველ ნაგავზე,

რომლისგანაც საშველი არ ჩანს. უკეთესი მდგომარეობა ამ მხრივ არც ცნობილ საკურორტო დაბა სურამშია. მეტიც, ყოველ ზაფხულს იქ საქართველოს რაიონებიდან ფილტვების გასასუფთავებლად ჩასული დამსვენებლები ერთსა და იმავე სურათს ხედავენ: საოჯახო თუ სამშენებლო ნაგავს სურამში ყველაფერი მიაქვს, თვით მდინარე სურამულაც კი, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.

მთის სუფთა ჰაერი, ნაძვისა და ფიჭვის ტყეები, მოხერხებული ადგილმდებარეობა და ისტორიული ძეგლები - მათ შორის, სურამის ციხე, თავისი გულშიჩამწვდომი ლეგენდით - კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ დაბა სურამი საერთაშორისო ტურიზმის სიაში მოხვედრილიყო. მაგრამ ეს მხოლოდ ფუჭი ოცნებაა. ბოლო წლების განმავლობაში სურამში დამსვენებლები, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩადიან და ისიც უნიკალური ჰაერის გამო. მაგრამ, როგორც ერთმა დამსვენებელმა გულისტკივილით მითხრა, “სურამში ადამიანი ფილტვებს გაისუფთავებს, მაგრამ დიდი შანსი აქვს, ნაწლავური ინფექციით დაავადდესო.”

[ერთ-ერთი დამსვენებლის ხმა] “ეს არის საშინელი ანტისანიტარია! თქვენ რომ ჰკითხოთ ადგილობრივი მცხოვრებლების უმრავლესობას, ბავშვების უმრავლესობას კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია სწორედ ამ დაბინძურებული მდინარით.”(სტილი დაცულია)

მდინარე სურამულა სათავეს მთებში იღებს და ანკარა მოედინება, მაგრამ დაბა სურამში მას უკვე ვეღარ იცნობთ: საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით, ფეკალური მასებით მდინარე ისეა დაბინძურებული, რომ მასთან მიახლოებას ყოველგვარი სულდგმული გაურბის. თუ რა არის მდინარის დაბინძრების მიზეზი, ამის დადგენას მე ადგილობრივ მცხოვრებლებთან შევეცადე.

[ადგილობრივი მცხოვრებლები] “მეტი გასაქანი არ აქვს, მეტი გზა არ აქვს! სად წაიღებს ამ ნაგავს, სახლში ხომ ვერ წაიღებს? ყველას ფული არა აქვს, მანქანა კი არა ჰყავთ იმდენი, რომ ყველას მოემსახუროს ყოველდღიურად. ორ დღეში ერთხელ და სამ დღეში ერთხელ რომ იქნება მანქანა, მანამდე ნაგავს არავინ გააჩერებს სახლში. ამიტომ იძულებულნი არიან დააბინძურონ.”(სტილი დაცულია)

განსხვავებით ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, რომლებიც მდინარე სურამულას აუზის დაბინძურებას კომუნალური სამსახურების გაუმართავი მუშაობით ხსნიან, დამსვენებლები ფიქრობენ, რომ მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობა აბინძურებს, რომელსაც ნაგვის მანქანებამდე და ურნებამდე მიტანა ეზარება:

[დამსვენებლების ხმა] “არა, არა! ჩვენ ვცხოვრობთ რუსთაველის ქუჩაზე. ყოველდღე მანქანა მოდის, ჩვენ ნაგავს პარკებით ვაგროვებთ და გაგვაქვს გარეთ და მანქანას გააქვს ყოველდღე. მეტიც, ნებისმიერი მშობელი - ყველას ბავშვები გვყავს - თანახმა იქნება, რომ, თუ საჭიროა გარკვეული გადასახადი, ეს გადასახადი გადაიხადოს.”(სტილი დაცულია)

დამსვენებლებისგან განსხვავებით, აგდილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს ნაგვის და საოჯახო ნარჩენების გასატანად დამატებითი მინიმალური თანხის გადახდა. მაგრამ ამბობენ, რომ სიამოვნებით მიიღებენ მდინარე სურამულას დასუფთავების აქციაში მონაწილეობას, ოღონდ თუკი ეს აქცია ზემდგომთა მითითებით ჩატარდება.

[მოსახლეობის ხმა] “აუცილებლად, აუცილებლად! ადგილობრივები ყველაფერში თანახმა არიან, რომ მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ მითითება უნდა და თქმა უნდა. სხვა არაფერი.” (სტილი დაცულია)

მაგრამ სანამ ასეთი “მითითება” არ არსებობს, სურამის მცხოვრებლები ძველებურად აგრძელებენ მდინარე სურამულაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრას და თავს იმით იმშვიდებენ, რომ შემოდგომაზე მოსული წვიმები აადიდებენ მდინარეს და ადიდებული სურამულა ნაგავს მტკვარს გააყოლებს. მტკვარს კი განა ასეთი ნაგავი მოუშორებია საქართველოსთვის?
XS
SM
MD
LG