Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი დასაწყისში ორიოდე საკითხი, რომელსაც ქართული პრესა გასულ კვირაში აშუქებდა. ერთი მათგანის გადაწყვეტა უკვე მომავალი კვირიდან დაეტყობა დედაქალაქს:

საქმე ეხება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვას თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე. გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ სამარშრუტო ტაქსები აღარ ივლიან რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, აგრეთვე მელიქიშვილის ქუჩაზე. “დღეს თბილისში 6 ათასი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. ეს იყო ყველასთვის დიდი პრობლემა, ყოველგვარი წესების, კანონის გარეშე მოქმედებდნენ, აცხადებენ მერიაში. თბილისის მცხოვრებთა ნაწილი ამ ნაბიჯს გამართლებულად მიიჩნევს, რადგან მოქალაქეები თვლიან, რომ სწორედ გაუმართავი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა არის მიზეზი თბილისში ჰაერის დაბინძურებისა.”

“საწვავის გაძვირების შემდეგ ყველაფერი გაძვირდება,” - ირწმუნებოდა გასულ კვირაში გაზეთი “ახალი ვერსია”. წერილში შეგეძლოთ წაგეკითხათ ორი მტკიცება: ერთი ის, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედება დაასტაბილურებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს, მეორე კი ის, რომ ნავთობსადენის ამუშავება საქართველოში საწვავის გასაყიდ ფასზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს. “ამ კუთხით, ნავთობისაგან განსხვავებული სიტუაცია იქნება გაზსადენის შემთხვევაში. შაჰდენიზის გაზსადენის ამოქმედება საქართველოს ბუნებრივ აირს მოუტანს, რაც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით გაზის ფასის დარეგულირებისა და გაზის იაფად გაყიდვის საშუალებას მისცემს”, წერდა “ახალი ვერსია”.

ახლა კი თქვენს ყურადღებას შაბათის, 20 აგვისტოს, პრესას მივაპყრობთ. “რეზონანსი” რეგიონულ პოლიტიკას უღრმავდება და წამოჭრის კითხვას: “რის თაობაზე ითათბირებენ ქოჩარიანი და სააკაშვილი სევანის ტბაზე? რუსეთს სომხეთის დაკარგვისა და რეგიონიდან გაძევების ეშინია”. გაზეთი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია, ხოლო სახელმწიფო კანცელარიაში ამაზე საერთოდ არ აკეთებენ კომენტარს. თუმცა სომხეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ადასტურებს ორი პრეზიდენტის შეხვედრის შესაძლებლობას. “რეზონანსი”, სხვადასხვა რუსულ წყაროზე დაყრდნობით, ავითარებს აზრს, რომ შეხვედრაზე სააკაშვილის სურვილია, ამერიკულ პრინციპებზე გადაიყვანოს სომხეთის მოსახლეობა. გაზეთს მოჰყავს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის კომენტარი, რომ “ასეთი მოლოდინი არალოგიკურია. სომხეთი იმდენად სისხლხორცეულად არის დაკავშირებული რუსეთთან, რომ სანამ ძალიან დიდ გარანტიებს არ მიიღებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასეთ ცვლილებებზე ლაპარაკი დაუშვებელია.”

20 აგვისტოს გაზეთ “ალიაში” ვეცადე მიმოხილვისათვის შემერჩია სტატია, რომლის სათაურსაც კითხვის ან კითხვა-ძახილის ნიშანი არ ექნებოდა ბოლოში. ასეთ წერილებში, როგორც წესი, ინფორმაცია ბოლომდე დაზუსტებული არ არის ხოლმე. არადა, დამაინტრიგებელი სათაურები სწორედ ხსენებული სასვენი ნიშნებით ბოლოვდება. თავად განსაჯეთ: ბადრი პატარკაციშვილს რიტუალების სასახლეს ართმევენ; თეთრხალათიანი ნარკობარონები თბილისის ცენტრალურ კლინიკებში; მაიკლ ჯექსონი ქართველების კომპიუტერებს დაბრედვით ემუქრება; 2029 წელს დედამიწას ასტეროიდი დაეჯახება; რატომ ასაიდუმლოებენ გაცემული დიპლომატიური პასპორტების რაოდენობას და სხვ. ოღონდ ეს ყველაფერი, ვიმეორებ, კითხვის ნიშნით. ამასთან, ბოლო შეკითხვის პასუხს სტატიაში ვერ ნახავთ. არის წერილი მტკიცებითი სათაურითაც: “მოჭადრაკე ქალები აბსანძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ”. აქ ვკითხულობთ, რომ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წასვლის წინადღეს ქართველმა მოჭადრაკეებმა მათი ფედერაციის პრეზიდენტისაგან შეიტყვეს, რომ გამგზავრება უსახსრობის გამო იშლებოდა. მოჭადრაკეებს ისევ კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაეხმარა და შვედეთში წასასვლელად 55 ათასი ლარი გადასცა. ამის გამო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტს, გურამ აბსანძეს, უნდობლობას უცხადებენ. “ალია” იმასაც იუწყება, რომ ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი და იკავა, ხოლო ვაჟთა გუნდმა - მე-7.

შაბათის გაზეთ “ახალ თაობაში” კი ნახავთ, როგორ აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ამასწინანდელ ვითომდაც მხილებას, როცა თბილისის ზოგიერთ სახლზე შესაბამისი წარწერები გაჩნდა. “რადგან ჩვენთვის უცნობია, ეს ვინ გააკეთა, ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენთ. ერთადერთი, შეიძლება საზოგადოებას მოვუწოდოთ, მოერიდონ ასეთი წარწერების გაკეთებას. საერთოდ, ეს ცუდი საქციელია,” - აცხადებს სოზარ სუბარი.
XS
SM
MD
LG