Accessibility links

ბიზნესი იმპორტის დაბეგვრის ახალ წესებს აპროტესტებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ქართველი ბიზნესმენები ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის მორიგ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც იმპორტიორებისთვის დაწესებულ ახალ გადასახადს შეეხებოდა. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთ კუბურ მეტრ შემოტანილ საქონელზე იმპორტიორები 1000 ლარის გადასახადს იხდიან. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადასახადი არალეგალური და უსაფუძვლოა.

აქამდე ანალოგიური გადასახადი საქართველოში მხოლოდ ავტომობილების იმპორტზე ვრცელდებოდა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ორი კვირაა მოქმედებს, წინასწარ არ აცნობეს იმპორტიორებს და ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს.

ბიზნესმენთა ფედერაცია, უკვე მერამდენედ, ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპერტამენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადახედონ და პრობლემა ბიზნესმენებთან ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე მოაგვარონ. სახელმწიფო უწყებების მხრიდან კი ტრადიციული სიჩუმეა და, მეწარმეების პროტესტის მიუხედავად, სავარაუდოდ, ყველა ხვა ”ნოვაციების”მსგავსად, ეს სიახლეც ძალაში დარჩება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმპორტის დაბეგვრის ახალი რეჟიმი, პირველ რიგში, უარყოფითად ისევ მომხმარებელზე აისახება, რადგან დამატებითი გადასახადი ავტომატურად ყველა სახის პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ბიზნესფედერაციაში ვარაუდობენ, რომ, ძირითადად, გაძვირდება მობილური ტელეფონები, სხვადასხვა აქსესუარები, აღმოსავლეთ ქვეყნებიდან - მათ შორის, დუბაიდან და ჩინეთიდან - შემოტანილი საქონელი.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის აზრით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ გააზრებულად მიიღო, რათა შემოსავლების ზრდას, რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, სისტემატური ხასითი მიეცეს. ”ერთია ბიუჯეტის შესრულება, მეორე - თამაშის წესები. ჩვენ მივესალმებით შემოსავლების ზრდას, მაგრამ მთავარია, როგორ გროვდება ეს გადასახადები“, - აცხადებს ისაკაძე.

ის, რომ ბოლო პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა სრულდება, კარგია, რადგან ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების მიმართ არსებული ვალდებულებების უკეთ შესრულების საშუალება ეძლევა, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რის ხარჯზე ხდება გეგმის შესრულება და ხაზინაში თანხების მობილიზება. სხვათა შორის, საბიუჯეტო შემოსავლების ტემპის ზრდის შეფასებასთან დაკავშირებით ეკონომიკური ექსპერტები ერთსულოვნები არ არიან. მაგალითად, ექსპერტ გიორგი ჯანდიერს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ გადასახადების სახით ეკონომიკიდან ამოღებული დამატებითი თანხები არ შეიძლება მთლად პოზიტიურ მოვლენად მივიჩნიოთ:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] „ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება, თავისთავად აღქმულია დადებით მოვლენად და, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ პოლიტიკოსთა შორის ისეთ გაბედულ ადამიანს, რომელიც იტყოდა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა მაინცდამაინც შეიძლება სასურველი არ იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, არასასურველია, რომ მთავრობა მეტ სახსრებს მოიხმარდეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკას, ბიზნესს ნაკლები სახსრები რჩება თავისი საქმიანობისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ახალი ინვესტიციებისთვის და ა.შ. როდესაც სახელმწიფოს ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, მისი საქმიანობისადმი მოსახლეობის კმაყოფილება ისეთივე ტემპებით არ იზრდება, როგორც შემოსავლები, მე მიმაჩნია, რომ შეცდომაა საგადასახადო შემოსავლების ასეთი მაღალი ტემპებით გაზრდა.” (სტილი დაცულია)

შესაძლოა, ბევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი, დამატებითი პროდუქტის წარმოებისა და ეკონომიკის ზრდის ნაცვლად, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებისა და ახალი გადასახადების შემოღების ხარჯზე ივსება, თანაც ეს გადასახადები წინასწარი შეტყობინების და მეწარმეებთან შეთანხმების გარეშე წესდება, ბიზნესგარემოს არაპროგნოზირებადს, ხოლო თავად ბიზნესის წარმოებას საგრძნობლად ძვირს ხდის. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის მოტივაციად მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სოციალურ პასუხისმგებლობას ასახელებს, თუმცა საგადასახადო ტვირთის გაზრდა, ბიზნესის შევიწროება და ”თამაშის წესების” პერმანენტული და მოულოდნელი ცვლა რომ, საბოლოოდ, ისევ მომხმარებლის ჯიბეს ”აწვება”, ამის შესახებ მთავრობაში არავინ არაფერს ამბობს.
XS
SM
MD
LG