Accessibility links

გენერალი გალაქტიონ ალფაიძე - საქართველოში დავიწყებული ლეგენდარული გენერალი


კვირის დასაწყისში გარდაიცვალა პოლკოვნიკი შოთა შურღაია,

ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი ქართველი ეროვნების ოფიცერთაგან, ვინც საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას ატარებდა. უკანასკნელი ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი კი საქართველოდან შორს, რუსეთის ქალაქ რიაზანში, ცხოვრობს, მაგრამ მის სამშობლოში იგი მცირერიცხოვანი ახალობლებისა და რამდენიმე ისტორიკოსის გარდა, აღარავის ახსოვს. არადა, გენერალი გალაქტიონ ალფაიძე, რომელსაც სიცოცხლეშივე შეარქვეს მეორე ქართველი ბაგრატიონი, მეოცე საუკუნის გამოჩენილ მხედართმთავართა რიცხვშია. ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ გალაქტიონ ალფაიძის ღვაწლზე. რეპორტაჟს კი დავიწყებთ გალაქტიონ ალფაიძის სატელეფონო ინტერვიუს ფრაგმენტით, რომელშიც სახელოვანი გენერალი რადიო “თავისუფლების” მსმენელებისათვის საკუთარ მხედრულ ბიოგრაფიას იხსენებს:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] “ომის პირველი დღეებიდან მე ვიყავი ვორონეჟში საპოლკო ქვემეხების ბატარეის მეთაური. ომი მე მოსკოვის მისადგომებთან დავიწყე, ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვის ბრძოლებში. შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინის გათავისუფლების ბრძოლებში, დნეპრის ფორსირება მოვახდინე, ბრძოლებით გავიარე ბელორუსია, ბულგარეთი, რუმინეთი და ომის დასრულებას ავსტრიაში შევხვდი."

საბჭოთა კავშირის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე 1916 წელს ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსებში, დაიბადა. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ 15 წლის ჭაბუკი კურსების გრანიტის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა, 1938 წელს კი სამხედრო კარიერა აირჩია. ზუსტად 60 წლის წინ, 1945 წლის 28 აპრილს, მეორე მსოფიო ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე, გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება იოსებ სტალინმა მიანიჭა მოსკოვის დაცვის, დნეპრის გადალახვისა და ავსტრიის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. მოვუსმინოთ თავად გალაქტიონ ალფაიძეს:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] ”ლეიტენანტობიდან დავიწყე 36-ე საარტილერიო პოლკში და ბატარეის მეთაურობიდან პოლკის მეთაურობას მივაღწიე. ომის დასრულებამდე პოლკის მეთაური ვიყავი. მერე იყო სახალხო მოლაშქრეებით დაკომპლექტებული დივიზია, 113-ე დივიზია, მოსკოველები იყვნენ. აი, მოკლედ, თორემ ისე ეს ყველაფერი უკვე აღწერილია.”

დიახ, ყველაფერი აღწერილია, მაგრამ არა საქართველოში (თუ არ ჩავთვლით მწერალ ლევან დოლიძის წიგნს “გენერლებად არ იბადებიან”, სადაც გალაკტიონ ალფაიძის შესახებაც არის საუბარი). აი, რუსეთში კი ქართველი წარმოშობის გენერალს უდიდეს პატივს სცემენ. ინტერნეტში გახსნილია სპეციალური საიტიც კი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი მასალა ქართველ გენერალზე. მაგრამ, ცხადია, არა ქართული წარმომავლობის გამოა ასეთი პატივდებული გალაქტიონ ალფაიძე რუსეთში. გალაქტიონ ალფაიძე იმ თითებზე ჩამოსათვლელ მხედართმთავართა რიცხვში შედის, რომლებმაც სამხედრო ტექნიკის განვითარებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს. მისი მხედრული ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობა და ამ კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლების გაშვება, რომელსაც გალაქტიონ ალფაიძე პირადად ხელმძღვანელობდა, ამბობს ქართველი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ნაწილი ქართველებისა იღვწოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებისათვის, ნაწილი კი - შეერთებული შტატების, როგორც, მაგალითად, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელმაც პირველი ამერიკული ტაქტიკური ბომბის გადამტანი თვითმფრინავი შექმნა; ხოლო ჩვენი თანამემამულე გენერალი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანელობდა პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობას და შემდგომ - ამ კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლების გაშვებას.”

დაბოლოს, გალაქტიონ ალფაიძეს წელს, 7 ნოემბერს, 89 წელი უსრულდება. მისი ერთ-ერთი ძმისშვილის, რამაზ ალფაიძისაგან ვიცი, რომ გალაქტიონ ალფაიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ჰქონდა სურვილი შეეძინა ნაკვეთი მშობლიურ სოფელ კურსებში და 1992 წელს თხოვნითაც მიმართა ადგილობრივ ხელმძღვანელობას. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო სახელის მქონე გენერლისთვის მისსავე მშობლიურ სოფელში, სადაც კომუნისტების დროს სკოლას მისი სახელი მიენიჭა, დამოუკიდებლობის წლებში არ გამოიძებნა ასეთი მიწის ნაკვეთი:

[რამაზ ალფაიძის ხმა] “ასეთი დათრგუნული ის მე არასოდეს მინახავს. თქვა კიდეც მერე, ამდენი ომი და ტანჯვა გავიარე და ასეთ რამეს არ ველოდიო. ისე იყო გულგატეხილი, რომე მერე ამის შესახებ ხმა აღარ ამოუღია.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, წელს, 9 მაისს, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავი მთელმა მსოფლიომ იზეიმა, ლოგინად ჩავარდნილმა ლეგენდარულმა გალაქტიონ ალფაიძემ მსოფლიოს უამრავი კუთხიდან მიიღო ოფიციალური მისალოცი, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა მისი მშობლიური საქართველოდან, საქართველოს ხელისუფლებისაგან.
XS
SM
MD
LG