Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკა მორჩილაძის ახალი რომანი


დავით პაიჭაძე, თბილისი ერთი კვირის წინ, “ბიბლიოთეკის” მორიგი გამოშვების დასრულებისას, მსმენელს დავპირდით, რომ მომდევნო გადაცემაში აკა მორჩილაძის ახალ რომანზე,

“ვენერას სიზმარზე”, ვისაუბრებდით. “ვენერას სიზმარი” წელს გამოიცა, თუმცა სამი წლის წინათ არის დაწერილი. საინტერესოა, რომ ეს რომანი ჩვენს ეთერში ასევე სამი წლით წინათ იყო ანონსირებული.

ზუსტად სამი წლის წინათ, 2002-ის აგვისტოში, ჩვენს სტუდიაში მოვიწვიეთ გიორგი ახვლედიანი, იგივე მწერალი აკა მორჩილაძე, და მოკლე ინტერვიუ ავიღეთ. ინტერვიუს დროს რამდენჯერმე, ოღონდ ნაირგვარად, ჩამოვუგდე სიტყვა, ახლო მომავალში რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა მისგან და ბოლო ჯერზე, როცა ვკითხე, შენი რომანების პერსონაჟები თუ საქართველოში მოქმედებენ, თბილისს რატომ არ გასცდებიან-მეთქი, მიპასუხა:

[გიორგი ახვლედიანის ხმა] “საერთოდ, რომანი ქალაქის შვილია. ყველაზე დიდი ქალაქი, მეგაპოლისი, ასე ვთქვათ, ჩვენს პირობაზე, არის თბილისი. თან ეს ერთადერთი ქალაქია, რომელსაც კარგად ვიცნობ. ამიტომ უკეთესია წერო იმაზე, რასაც კარგად იცნობ. მაინც გამომტყუეთ ცოტა (იცინის), იმდენჯერ მკითხეთ, რომ მაინც მივედით აქამდე. მე მაქვს ე.წ. სოფლური რომანი, სიუჟეტი, უფრო სწორად, რომელზეც ახლა ვმუშაობ, თუმცა, როდის იქნება, ვერ მოგახსენებთ. ჩემს მოთხრობებში ხშირია ქართული სოფელი. ერთ-ერთი შემდეგი რომანი კი გლეხებზე იქნება, ქართლელ გლეხებზე.”

აი, ეს რომანიც გამოვიდა. თუმცა ქართლელი გლეხი მისი მთავარი ან, მით უმეტეს, ერთადერთი პერსონაჟი არ არის. ეს გლეხები ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ, რომ არა ერთი სრულიად რეალური მოვლენა, რამაც აკა მორჩილაძეს რომანში მოქმედების აღძვრისაკენ უბიძგა. 2001 წლის 24 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა კობა ოთანაძემ და გიორგი კრიალაშვილმა გვარდიის ბატალიონი მუხროვანში გაამაგრეს და გვარიანად დაძაბეს პოლიტიკური ვითარება. უშიშროების საბჭომ ეს გამოსვლა მაშინ სამხედრო ავანტიურად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, თუმცა ერთი დღის შემდეგ დაძაბულობა ჩაცხრა და ის სამხედროთა სოციალური უკმაყოფილების გამოხატვად ჩაითვალა. ერთი წლის შემდეგ აკა მორჩილაძემ დაიწყო რომანის წერა, რომელშიც გარდათქვა ხსენებული ამბები და მოაქცია ისინი ქართლელი გლეხების, სამხედროების, კლასიკური ქართველი ინტელიგენტის ბედთა შუაგულში. ყველა ამათ რომანში სახელები ჰქვიათ, ერთადერთი უსახელო პერსონაჟი ხელისუფლებაა, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და სხვათა სახით, რომლებშიც არ არის აუცილებელი, რეალური პროტოტიპები დაინახოთ. საერთოდაც, “ვენერას სიზმარში” პროტოტიპების ამოცნობა არ არის მკითხველის სიხარულის მთავარი წყარო. მკითხველის სიხარულს ვამბობ, თორემ რომანში სასიხარულო არაფერი ხდება. აი, რას ამბობს მწერალი ზაალ სამადაშვილი, რომელმაც “ვენერას სიზმარი” პირველად მისი დაწერისთანავე წაიკითხა:

[სამადაშვილის ხმა] “ეს რომანი საკმაოდ დარდიანი ტექსტი გახლავთ. გარდა ამისა, ავტორი მკაცრია ზოგიერთი პერსონაჟის გაცოცხლებისას. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა - საბჭოური ტერმინი უნდა გამოვიყენო - გლეხების დახასიათებისას. ნუგზარ ერისთავის მიმართ კი თანაგრძნობით არის გამსჭვალული. მე, ალბათ, ყველაზე მკაცრი სწორედ ნუგზარ ერისთავის მიმართ ვიქნებოდი, მაგრამ გიო იმიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ათასგვარ მოულოდნელობას გვთავაზობს ხოლმე. ესეც ერთ-ერთი მოულოდნელობაა. ისიც მინდა გითხრა, რომ მწერლისა თუ ტექსტის ქალაქიდან გასვლა ძალიან წარმატებულია. წეღან სიმკაცრე ვახსენე გლეხთა სახეების ხატვისას და უნდა გითხრა, რომ ეს არის აბსოლუტურად საფუძვლიანი, მოტივირებული და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორი სიმართლე.”

ნუგზარ ერისთავი სწორედ ის კლასიკური, პატიოსანი ქართველი ინტელიგენტია, რომელსაც მისი ვითომდაც მძევლად ამყვანი, მეამბოხე პოლკოვნიკი რამზეს შერგილაშვილი ეუბნება ტყეში: “მე ვაბშე არ მაინტერესებს, თქვენ მთავრობასთან მეგობრობთ თუ არა. ვარიანტი არ არი, რო თქვენ მეგობრობდეთ მთავრობასთან. მე ეგრე მგონია, რო მთავრობას უნდა თქვენთან მეგობრობა და არ გამოდის, რო არ იმეგობროთ.” ეს მოკლე ციტატა იტევს შევარდნაძისა და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის ურთიერთობების უჩვეულო ინტერპრეტაციას. მაგრამ დავუბრუნდეთ გლეხობას.

ცხადია, შეიძლება დაახვავო ზედსართავი სახელები “ვენერას სიზმარში” გლეხთა დახასიათებისას - უხიაგი, ვირეშმაკა, უშიშარი, სხვა პოზიტიური თუ ნეგატიური ეპითეტები. მაგრამ მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, რაც ავტორს თავადვე აქვს ხაზგასმული წიგნის 4 ნაწილად დაყოფით: გლეხები ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეთაგან გაუცხოებულები არიან. სოფლისა და ქალაქის საზოგადოება ერთმანეთს არ იცნობს, ერთიმეორის წუხილით არათუ არ ცხოვრობს, არც ფიქრობს ამ წუხილზე. სამხედროები მათ, პირდაპირი გაგებით, თავში ურტყამენ, ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს, ინტელიგენტი ნუგზარ ერისთავი კი თბილად და შემწყალედ იმიტომ ელაპარაკება, რომ ასეთია ინტელიგენტის ამპლუა. ამიტომაც ძალიან დამაჯერებელია გლეხთა საპასუხო ბოღმა, მზაკვრობა და თითქოს შემთხვევითი შურისგება. შეგიძლიათ არ ენდოთ ამ სიტყვებს და კითხვისას, უბრალოდ, დატკბეთ იმით, რა მსუბუქად ძერწავს აკა მორჩილაძე გლეხთა პორტრეტებს. ზაალ სამადაშვილი ამბობს, რომ რომანში აღწერილი ურთიერთობები ტიპიურია, პარადიგმულია ქართული სინამდვილისა თუ ისტორიისათვის.

[სამადაშვილის ხმა] “სამხედროებისა და გლეხების ურთიერთობა, თავად გლეხებს შორის ურთიერთობა, სამხედროებს შორის ურთიერთობა - ეს ყველაფერი ზედროულია. ერთადერთი, რაც არ არის ზედროული და არ მინდა, რომ ზედროული იყოს, ხელისუფლებაა, იმიტომ რომ ხელისუფლების ქმედებები, რომანის მიხედვით, იმ ექსტრემალურ სიტუაციაში არის ახალი - უშნო, არასწორი და უმართებულო, მაგრამ მაინც, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არის ახალი.”

ზემოთ ვითომდაც მძევლად აყვანა ვახსენეთ. ამ სიტყვის, ვითომ-ის გამოყენება რომანზე ლაპარაკის დროს ხშირად შეიძლება: სამხედროების გამოსვლა ვითომ ამბოხია, ურთიერთობაში თვალთმაქცობა ვითომ მოწიწებაა, თავისი ქმედებით ხელისუფლებაც ვითომ ხელისუფლებაა. არ ვიცი, ამ ტექსტის წერისას რამდენად ახსოვდა აკა მორჩილაძეს გიგი თევზაძის წიგნი “საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები”, მაგრამ მომეჩვენა, რომ მწერალი რომანში ისტორიკოსისა და ინტელექტუალის პოზიციებიდანაც ეხმიანება ჩვენი საუკუნის დასაწყისის დისკუსიებს ქართული კულტურის სხვადასხვა ფენომენზე. თავად ამ შეხმიანებას ძველმოდურ ჩანართებს უწოდებს. ჩვენ შეგვიძლია ტყეზე, ღვინოზე, იარაღსა და ქართველებზე დაწერილ მოკლე ესეებად მივიჩნიოთ.

რომანის ტექსტი სხვაგვარადაც იყოფა: ასე ვთქვათ, ძირითადი ტექსტი, მასში ჩართული ვრცელი სქოლიოები და მინდვრებზე მიწერილი შენიშვნები. სქოლიოებშია გატანილი პერსონაჟთა ბიოგრაფიები და ზოგი მოვლენა, ხოლო შენიშვნები მოკლე კომენტარსა თუ განმარტებას წარმოადგენენ, მაგალითად, “საჩხერე ყველაზე უსასოოდ დარჩენილი ლამაზი იმერეთია” ან “დამწვრისებს უწოდებენ ქალაქურ უიღბლო სიყვარულის გამო შექმნილ სიმღერებს”. მე ვკითხე ზაალ სამადაშვილს, აზრი აქვს თუ არა ტექსტის წაკითხვას სქოლიოებისა და კომენტარების გარეშე. ზაალი სამი წლის წინ ამ რომანს ერთ გაზეთში ბეჭდავდა, გაზეთი კი არ იძლევა საშუალებას, ტექსტს სქოლიოები და აშიაზე მინაწერები უკეთო.

[სამადაშვილის ხმა] “კარგია, ეგ კითხვა რომ დამისვი, იმიტომ რომ გამახსენე, როგორ ვწვალობდი ამ ტექსტის დაბეჭდვისას. წავიკითხე ისე, როგორც კითხვა დამისვი: ცალკე ძირითადი ტექსტი, ცალკე ბიოგრაფიები და მოვლენები, ცალკე კომენტარები. უნდა მოგახსენო, რომ, სანტა ესპერანსასი არ იყოს, - როგორც გინდა, ისე წაიკითხეს პრინციპი არ არის იქა? - ეს რომანიც შეიძლება ასე წაიკითხო. თუ ჩვენი ეპოქის გადაღლილი მკითხველი მიუბრუნდება ამ წიგნს და წაიკითხავს ცალკე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილ ტექსტს, ცალკე პეტიტით დაბეჭდილსა და ცალკე კომენტარებს, მერწმუნეთ, რომ სამ სხვადასხვა ტექსტს მიიღებს. მდინარების თვალსაზრისით, ძირითადი ტექსტი და ბიოგრაფიები ძალიან კარგად ებმება ერთმანეთს. კომენტარები უბის წიგნაკივით უფროა წასაკითხი.”

აქ დავასრულოთ საუბარი აკა მორჩილაძის “ვენერას სიზმარზე”. ცხადია, ბევრი რამ უთქმელი გვრჩება, თუნდაც ის, “ვენერას სიზმარი” რატომ ჰქვია ტექსტს, რომელსაც გაზეთში ბეჭდვისას “საბრალო იორიკ” ერქვა. მაგრამ ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ უკვე თავად მკითხველის გასარკვევია.
XS
SM
MD
LG