Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭო საქართველოს მონიტორინგს განაგრძობს


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირველი სამხრეთკავკასიური ტურნე სამშაბათს ბაქოში დასრულდება.

რენე ვან დერ ლინდენს იმედი აქვს, რომ, რეგიონის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების მხრივ, სამაგალითო სწორედ საქართველო იქნება. დემოკრატიული კურსის ერთგულების კიდევ ერთი დაპირება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო, თავად ხელისუფლებისადმი არსებული პრეტენზიები კი - ოპოზიციისგან მოისმინა.

დემოკრატიულ ქვეყნად საქართველოს ჩამოყალიბება ჯერჯერობით რომ შორეული პერსპექტივაა, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ევროსაბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის შეწყვეტას არ აპირებს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებებიდან საქართველოს დღემდე რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი პირობა არ შეუსრულებია. თუ არ ჩავთვლით დეპორტირებული მესხების დაბრუნებას, რომელიც ყველაზე რთული ვალდებულებაა, ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტის ამოქმედების ვადა დაარღვია. მათ შორისაა ,,ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენცია” და ,,ეროვნულ ან რეგიონულ უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია.”

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლება ამ დოკუმენტების რატიფიცირებას შემოდგომისთვის დაპირდა.
გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების გარდა, არსებობს ევროსაბჭოს არაერთი რეკომენდაცია, რომლის შესრულებისადმი მზადყოფნა, წინა ხელისუფლების მსგავსად, არც ამჟამინდელ ხელისუფლებაში შეინიშნება. რეკომენდაციათა შორისაა საარჩევნო ბარიერის შვიდიდან ხუთ პროცენტამდე შემცირება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ მოქმედი ბარიერი მაღალია და მის შემცირებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, ეს არის სუფთა პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი და მიიღება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კონსენსუსის გზით. ჩემთვის პირობითად ვყოფ საკითხებს საკითხებად, სადაც მე მაქვს პროფესიული აზრი, რომელსაც არ გადავუხვევ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სწორია. მაგრამ ეს არ მიეკუთვნება იმ საკითხებს. ეს არის პოლიტიკურად სამსჯელო საკითხი, ყველა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით მისაღები. არის ეს სამსჯელო საკითხი, მით უმეტეს, იმ რაკურსით თუ შევხედავთ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციაა.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლება რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, ეს რენე ვან დერ ლინდენს საპარლამენტო ოპოზიციამ შეახსენა. მისი წარმომადგენლები მხოლოდ საარჩევნო ბარიერით არ შემოიფარგლნენ და მიუთითეს, რომ, მიუხედავად რეკომენდაციებისა, ხელისუფლება ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების, აჭარის ავტონომიური სტატუსის და ე.წ. გარიგებითი მართლმსაჯულების პრინციპის გადასინჯვას არ აპირებს. ოპოზიციის კრიტიკა, რომელმაც ადამიანის უფლებების დარღვევა და მედიის და სასამართლო ხელისუფლების შეზღუდვაც მოიცვა, თავად ევროსაბჭოს პასიური პოზიციის კრიტიკაშიც გადაიზარდა. რენე ვან დერ ლინდენს, რომელსაც რევოლუციის შემდეგ საქართველოში არსებული პროგრესის მოხსენიება არ დავიწყებია, ოპოზიციამ ისიც განუმარტა, რომ ხელისუფლებას ევროპულზე მეტად ამერიკული რეკომენდაციები აღელვებს. ,,ევროპის საბჭო რომ საქართველოში არსებულ მხოლოდ დადებით ტენდენციებზე საუბრობდეს, ის ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია იქნებოდა,” - დარწმუნებულია მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრია:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "დამოკიდებულება არის ძალიან მკაცრი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ირჩევს აი, ასეთ სირაქლემას პოზას, რომ ეს არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი და არაფერზე გავლენის მომხდენი ორგანიზაცია არ არის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა ხელისუფლების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს დაფიქრება, გაანალიზება იმ საკითხებისა, რაზედაც მკაცრად მიეთითება ჩვენს ხელისუფლებას, ხდება ყურის მოყრუება.” (სტილი დაცულია)

იმაში, რომ ევროსაბჭომ საქართველოს ევროპის კარი გაუღო და მასთან ურთიერთობა ქვეყნის პრიორიტეტია, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არწმუნებდნენ. თავად რენე ვან დერ ლინდენმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მსაჯულის როლის შესრულებაზე უარი თქვა და მხოლოდ ვალდებულებების შესრულების მოწოდებით შემოიფარგლა. მსაჯულის როლს ოქტომბერში შეასრულებს ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი, რომლის დასკვნას წლის ბოლოს დაეფუძნება საქართველოში არსებული ვითარების ამსახველი ახალი რეზოლუცია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG