Accessibility links

logo-print

სამარშრუტო ტაქსებს თბილისის ცენტრში მუშაობა აეკრძალათ


თბილისის ცენტრში - კერძოდ: რუსთაველის, კოსტავას, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე - ტრანსპორტის ნაკადის შემცირების მიზნით,

მერიის მესვეურებმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემის შეცვლა და მიკროავტობუსების რაოდენობის ოპტიმიზაცია გადაწყვიტეს. დედაქალაქის ცენტრში მოსახვედრად, თუ არ ჩავთვლით მეტროპოლიტენს, თბილისელებს მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით - უკრაინიდან და ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი „ბოგდანისა“ და „დაფის“ მარკის ავტობუსებით - მოუწევთ მგზავრობა, რაც, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მომსახურებისგან განსხვავებით, სულ რაღაც ოცი თეთრი ეღირება. მერიის გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან, ანუ 22 აგვისტოს დილიდან, შევიდა. როგორ შეხვდნენ სიახლეს თბილისელები?

ორშაბათი მძიმე დღეა - სიახლის წყალობით, ამ გამონათქვამის სისწორეში ბევრი თბილისელი დარწმუნდა. წვიმიან ამინდში გაჩერებებზე დაყუდებული ადამიანები ამაოდ ელოდნენ სწრაფსა და ყველგანმავალ სამარშრუტო ტაქსებს, რომლებსაც 22 აგვისტოდან დედაქალაქის ცენტრალურ გამზირებზე მოძრაობა აეკრძალათ. შედეგად, ვინ სამსახურში დაიგვიანა, ვინ კიდევ იძულებული გახდა, დანიშნულების პუნქტში მისვლამდე, რამდენჯერმე გამოეცვალა ტრანსპორტი.

[ქალბატონის ხმა] „გამოვედი ამ დილით, ველოდები ავტობუსს, მაგრამ ჯერ არ ჩანს. არადა, ამასობაში „მარშრუტკით“ სამსახურში უკვე მისული ვიქნებოდი.”

[ქალბატონის ხმა] „საბურთალოდან მოვდივარ. მინდოდა ფოსტაში შევლა, მაგრამ მოვხვდი კოლმეურნეობის მოედანზე. ახლა უკან უნდა დავბრუნდე, ზედმეტის გადახდა მომიწევს.“

[მამაკაცის ხმა] „15 წუთია ვდგავარ, ველოდები ავტობუსს. პირველი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ სამსახურში დავიგვიანე. ერთი: ველოდებოდი, მაგრამ არ მოვიდა და მეორე: არ ვიცი, რომელი ავტობუსი სად მიდის და ამიტომ ვარ ასეთ გაურკვევლობაში.“

ამგვარ გაურკვევლობაში ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა, თუმცა შედარებით მოხერხებულებმა შექმნილ ვითარებას დროზე აუღეს ალღო და მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ ავტობუსებში მოკალათდნენ.

[მამაკაცის ხმა] „პირველი დღეა, ამიტომ ყველაფერი ვერ არის წესრიგში, მაგრამ, მთლიანობაში, მოსახლეობისთვის კარგია, იმიტომ რომ შეღავათიან ფასში იმგზავრებენ.“

[მამაკაცის ხმა] „რაც მთავარია, მოძრაობა აღარ იქნება გადატვირთული, რაც ხალხისთვისაც კარგია და ქალაქის იერსახესაც მოუხდება.“

თბილისის იერსახეზე ზრუნავს მერიის ტრანსპორტის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელი ზურაბ ჩიკვილაძე მგზავრთა გადაყვანის პირობებითა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შექმნილი სავალალო ეკოლოგიური მდგომარებითაც არის შეშფოთებული. ჩიკვილაძე სხვა ქვეყნების, მათ შორის, საბჭოთა საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასკვნის: თბილისს 5 ათასი სამარშრუტო ტაქსი არ სჭირდება.

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] „მგზავრის გადაყვანას ცივილიზებული ფორმა უნდა მიეცეს. სამარშრუტო ტაქსში, რომელიც 12 ადამიანს იტევს, ხშირად 17 ადამიანი ზის. ამის გამო იქმნება ავარიული სიტუაციები. სხვა ქვეყნებში - მათ შორის, კომუნისტების დროსაც - თბილისში 850 ავტობუსი და 350 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობდა.“ (სტილი დაცულია)

თბილისის ცენტრში მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვას, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქციით უპასუხეს. ორასამდე ადამიანი მერიის შენობის წინ შეიკრიბა და მერთან, გიგი უგულავასთან, შეხვედრა მოითხოვა.

[მამაკაცის ხმა] „ვიდგები, აბა, რა! სახლში რომ ვიჯდე, რა გაკეთდება. მშიერი და უფულო გინდა იქა ვყოფილვარ და გინდა - აქ. რა გავაკეთო?!“

[მამაკაცის ხმა] „ვიღაცამ ეს ავტობუსები შემოყარა, აქვს ფული, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ვისაც ფული არ გვაქვს? მომცენ ის ავტობუსი და დამასაქმონ!“

[მამაკაცის ხმა] „თუ პრეზიდენტი იმას ბრძანებს, რომ საზოგადოების აზრს გავუწიო ანგარიშიო, ჩვენ არ ვართ საზოგადოების ნაწილი? ჩვენი აზრი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული? ასე ხომ არ შეიძლება, რომ ერთპიროვნულად წყვეტდე საკითხს: მე ასე მინდა და მორჩა! მოდი და მელაპარაკე, თუ მერი ხარ და არა ძველი ბიჭი!“

პასუხად, გიგი უგულავა მძღოლებს, გაუქმებულის სანაცვლოდ, ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს. მისი თქმით, ცნობა იმის შესახებ, რომ მერია მძღოლების უმუშევრად დატოვებას აპირებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თბილისის ცენტრალურ გამზირებზე დაწესებულ შეზღუდვას, ამ საკითხთან დაკავშირებით მერის პოზიცია შეუვალია.

[გიგი უგულავას ხმა] „ის დრო წავიდა, როცა გადაწყვეტილებას ცვლიდნენ. ეს გადაწყვეტილება არის ძალაში, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.“

22 აგვისტომდე თბილისში 5 ათასამდე სამარშრუტო ტაქსი მოძრაობდა. მერიის მიერ დაწესებული შეზღუდვა და უცხოეთიდან შემოყვანილი დიდგაბარიტიანი ავტობუსები, რომელთა მომსახურება სულ რაღაც 20 თეთრი ღირს, უთუოდ შეამცირებს სამარშრუტო ტაქსების რაოდენობას. თუმცა მიკროავტობუსების მძღოლები უბრძოლველად დანებებას არ აპირებენ. გაფიცვა, საპროტესტო აქციები და მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა - მძღოლები მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას გამოცდიან.
XS
SM
MD
LG