Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რევოლუციური გარდაქმნებისთვის ემზადებიან.


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რევოლუციური გარდაქმნებისთვის ემზადებიან. პედაგოგიური კოლექტივების სამზადისისგან განსხვავებულია

მოსწავლეებისა და მათი მშობლების სამზადისი. მოსწავლეთა უმრავლესობას ჯერ არ შეუძენია სასკოლო ინვენტარი, მათ შორის - სახელმძღვანელოები. სასკოლო ბაზრობები, ტრადიციულად, წელსაც წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე მოეწყობა. კონკრეტულად სად განთავსდება ამგვარი ბაზრობები, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა ერთი ამთავითვე ნათელია: უახლოესი ორიოდე წლის განმავლობაში სასწავლო პროგრამის რადიკალურად შეცვლა მოსალოდნელი არ არის.

სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტი, დაწყებითი კლასებიდან დამამთავრებლის ჩათვლით, 20 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში მცხოვრებ საშუალო ოჯახს ეს თანხა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება, მით უფრო მაშინ, როდესაც ოჯახში რამდენიმე სასკოლო ასაკის მოზარდი ცხოვრობს. მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროგრამებში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება. მაგრამ აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ სიახლე, რომელიც გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს მწირბიუჯეტიანი ოჯახების მდგომარეობას.

სიახლე ალტერნატიული სახელმძღვანელოებიდან მეთოდსაბჭოს მიერ შერჩეული სახელმძღვანელოს შედარებით ხანგრძლივი ვადით გამოყენებაში მდგომარეობს. არჩეული წიგნით სკოლა სამი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს. ასეთია გარდამავალი პერიოდის მოთხოვნა. გამონაკლისია მხოლოდ პირველი, მეშვიდე და მეათე კლასები, სადაც წელს ახალი პროგრამების პილოტირება მოხდება. მომავალი წლიდან სასწავლო პროგრამები გამოიცდება მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასებში, ხოლო მომდევნო წელს მესამე და მეცხრე კლასებში.

[სიმონ ჯანაშიას ხმა]” პრინციპში მთლიანად დაინერგება აბსოლუტურად ახალი სასწავლო გეგმები ყველა კლასში ექვსი წლის შემდეგ, შვიდი წლის შემდეგ და მეტ-ნაკლებად საბოლოო სახეს მიიღებს 12 წლის შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ეს გახლავთ პროექტ ილია ჭავჭავაძის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი სიმონ ჯანაშია. იგი მიიჩნევს, რომ სკოლის რეფორმირების დასრულებამდე დარჩენილ პერიოდში სასწავლო პროგრამების ადმინისტრირების პროცესი სწორედ მოსწავლისა და მისი მშობლის სასიკეთოდ გამარტივდება. ეს ეხება ალტერნატიული სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესს და სამწლიანი შეზღუდვის დაწესებას, ამ პროცესში გამომცემლობების როლის გააქტიურებას და ასე შემდეგ. გამომცემლები უკვე ინფორმირებულნი არიან იმის თაობაზე, თუ რომელ რაიონში რომელ სახელმძღვანელოზე რამდენია დაკვეთა. ასე რომ, წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც გამომცემლობების საავტორო წიგნის მაღაზიებში, ისე სასკოლო წიგნის ბაზრობებზე.თბილისში ამგვარი ბაზრობა შარშან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მაგრამ, მოგეხსენებათ, წიგნს ყველა არ ყიდულობს. გამონაცვალი წიგნების გამოყენების პრაქტიკას კი სწორედაც რომ სასიკეთოდ წაადგება სასწავლო სახელმძღვანელოს მოქმედების ის სამწლიანი ვადა, რომელიც ახლა უკვე კანონია ყველა სკოლისათვის.

[სიმონ ჯანაშიას ხმა]” ადრე რას აკეთებდნენ. ვთქვათ, აირჩია სკოლამ ერთ დღეს, რომ სწავლობს ვახტანგ როდონაიას ქართული ენის სახელმძღვანელოთი. შემდეგ მეორე გამომცემლობა ცდილობდა, რომ თავის წიგნზე გადმოეყვანა ეს სკოლა და ყოველ წელს იცვლებოდა სკოლებში წიგნები. ანუ ეს რეალურად ნიშნავდა იმას, რომ იმ სკოლაში ბიბლიოთეკა ვერ ყიდულობდა წიგნებს, რომ ვისაც უჭირს იმისთვის დაერიგებინა და გამომცემლებსაც უწევდათ ყოველ წელს ერთმანეთთან შეჯიბრი. და სამწლიანი ვადა ამის საშუალებას იძლევა, რომ გაქირავების სისტემა არსებობს, არის მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი, რომ ეს სისტემები დაინერგოს.” (სტილი დაცულია)

ასეთია რეალობა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ ჯერჯერობით არ იცის, ალტერნატიული სახელმძღვანელოებიდან რომელი შეარჩიეს სკოლების მეთოდსაბჭოებმა. ასე რომ წინასასკოლო თადარიგის დაჭერა ჯერჯერობით მათი მხრივ ნაადრევია.
XS
SM
MD
LG