Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინეს


საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომლებს ორშაბათს ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა.

თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ 19 აგვისტოს აირჩია, თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ის 22 აგვისტოს შეუდგა. საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორის პირველი სამუშაო დღე იყო დატვირთული ტელევიზიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებით. თამარ კინწურაშვილი არხის განვითარების მთავარ პრიორიტეტად საინფორმაციო სამსახურის რეფორმირებასა და გაძლიერებას მიიჩნევს. როგორი იყო მისი პირველი სამუშაო დღე საზოგადოებრივ ტელევიზიაში?

პირველი შეხვედრები, როგორც უკვე ვთქვით, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შედგა. საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი გენერალური დირექტორი ჯერჯერობით თავის ახალ სამსახურს ეცნობა, ამ სამსახურში ცვლილებების განხორციელებას კი ის მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამეურვეო საბჭო პროგრამულ პრიორიტეტებს შეიმუშავებს. სამსახურის კარგად გაცნობამდე თამარ კინწურაშვილი ტელევიზიის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებების გატარებისგანაც იკავებს თავს. ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ გენერალური დირექტორის მოადგილის ვაკანსიაზე ინიშნება ბადრი კოპლატაძე (შეგახსენებთ, რომ ის იღებდა მონაწილეობას კონკურსში, რომელსაც საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი უნდა გამოევლინა). თამარ კინწურაშვილის თქმით, სწორედ ბადრი კოპლატაძე იქნება საზოგადოებრივ ტელევიზიაში ის ახალი კადრი, რომელიც ტელევიზიის რეფორმირების პროცესს გენერალურ დირექტორთან ერთად უხელმძღვანელებს.

თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივ ტელევიზიაში შემცირებებს არ გეგმავს, თუმცა ადგილობრივი კადრების გადამზადების პარალელურად დამატებითი კადრების მოზიდვაზეც ფიქრობს. არხის განვითარების პრიორიტეტად ის საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებას მიიჩნევს და აღიარებს, რომ შედეგის მიღწევას - საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ძლიერ, კონკურენტულ სამსახურად ჩამოყალიბებას - წელიწად-ნახევარი მაინც დასჭირდება.

საინფორმაციო სამსახურის გაძლიერების გარდა, ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელის საპროგრამო პრიორიტეტი სარედაქციო დამოუკიდებლობის მიღწევაა. ”საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის ამის გარანტი არის კანონი,”- აღნიშნავს ის.

[თამარ კინწურაშვილის ხმა] ”ეს დამოკიდებულია კანონზე. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სახელმძღვანელო პრინციპები, უნდა გადამზადდეს კადრები და ამის საფუძველზე განისაზღვროს ყოველდღიური მუშაობა. საშუალო რგოლის მენეჯერი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და ამისთვის არ უნდა გარბოდეს თავის ზემდგომთან. ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება.”

საზოგადოებრივი ტელევიზიის სრულ რეფორმირებას, მის რეალურ საზოგადოებრივ მაუწყებლობად ჩამოყალიბებას კინწურაშვილი დაახლოებით სამ წელიწადში ვარაუდობს. ” აქ ღია და გამჭვირვალე კონკურსების საფუძველზე მოვლენ ახალი პროგრამებით ახალი სახეები. საზოგადოებრივი ტელევიზია ძველი სახეებისთვის მემკვიდრეობით არავის ჩაუბარებია,” - ამბობს ის. მანამდე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი ხელმძღვანელის მხრიდან მთავარი აქცენტი საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე კეთდება და ამით კმაყოფილები არიან თავად საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები.

[მაკა გაფრინდაშვილის ხმა] ” ჯერ არ შეგვხვედრია, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე დღეში შეგვხვდება. ვინაიდან ის გამოცდილი ჟურნალისტია, ვფქირობ, კარგად აუღებს ალღოს საქმეს. ჩვენ და, მათ შორის, პირადად მე მზად ვარ გავითვალისწინო მისი წინადადებები და ვნახოთ, რა გამოვა.”(სტილი დაცულია)

{თეა გურგენიძის ხმა] ” ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალმა ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა საინფორმაციო სამსახურზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის მოსაზიდად. რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემები არის საინფორმაციო სამსახურში, თუმცა მე ვფქირობ, რომ ეს არ არის ადამიანური რესურსების პრობლემა. ”

საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო პროგრამის თანამშრომლები პრობლემების შესახებ ახალ გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ისაუბრებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კარგი მენეჯმენტისა და ნამდვილი სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში არ გაჭირდება საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბება.
XS
SM
MD
LG