Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელების “აღლუმი” საქართველოს სამხედრო უწყებაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უქმე დღეებში ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სომხეთში იმყოფებოდა,

კვლავ პრესის კრიტიკის ქვეშ მოექცა უწყებაში განხორციელებული მორიგი საკადრო დანიშვნებისა და გადაადგილებების გამო. ყოველდღიურ გაზეთ “ახალი თაობის” ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე სკანდალურია ახლად შექმნილი სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დანიშვნა შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსის ალეკო სუხიტაშვილისა, რომელიც კონტრაბანდის სკანდალის გამო ორი თვის წინ თანამდებობიდან გადააყენეს. დამოუკიდებელი მედია და ექსპერტები დიდი ხანია შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ სამხედრო უწყებაში ყველა საკვანძო თანამდებობაზე ყოფილი პოლიციელები ინიშნებიან.

პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს სამხედრო უწყების დატოვება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორჯერ მოუხდა და ორჯერვე “ოფიცრისათვის შეუფერებელი საქციელის” გამო. პირველად სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ მას ასეთი ვერდიქტი იმის გამო გამოუტანა, რომ “ვარდების რევოლუციის” დროს ოფიცერმა მოუწოდა სამხედროებს არ აეღოთ იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ. ერთი თვის წინ კი ხელისუფლებამ, რომელიც სწორედ ამ რევოლუციით იშვა, გიორგი თავდგირიძე სამხედრო აკადემიის რექტორობიდან გაათავისუფლა, რადგან პროფესიონალმა ოფიცერმა ხმამაღალი მსჯელობა გაბედა და არ დაეთანხმა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის აზრს მთელ რიგ კონცეპტუალურ საკითხებზე:

[გიორგი თავდგირიძის ხმა] “რეფორმებთან დაკავშირებითაც და თითონ იმის გამო, რაც მოდად მკვიდრდება. არმია მარტო თოფი და ავტომატი კიდევ არ არის, ხომ? არმია ეს არის მორალი, ეს არის ღირებულებები, ეს არის შეხედულებები, ეს არის ცოდნისადმი დამოკიდებულება.”(სტილი დაცულია)


როგორც რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში პოლკოვნიკმა თავდგირიძემ განაცხადა, პროფესიონალი სამხედრო, რომელმაც ორწლიანი სტაჟირება გერმანიის ბუნდესვერის აკადემიაში გაიარა, ყველაზე მეტად იმით არის შეურაცხყოფილი, რომ მოხსნის ამბავი ტელევიზიით გაიგო, ხოლო როცა სამუშაო ოთახში შესვლა დააპირა, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, მას გზა შეიარაღებულმა ჯგუფმა გადაუჭრა:

[გიორგი თავდგირიძის ხმა] “ჯგუფი ჩააყენეს სამხედროების, - ეს თავისთავდ შეურაცხმყოფელი იყო. იმდენად ჩემთვის არა, რამდენადაც სტრუქტურისა და ოფიცრის ღირსებისათვის.”

გიორგი თავდგირიძე ერთადერთი მაღალი რანგის ოფიცერია, ვინც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრად სახელდებულ ირაკლი ოქრუაშვილს ღირსების შეურაცხყოფისათვის სასამართლოში უჩივის. არადა, უკვე 20-ს აღწევს დასავლეთის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში განათლებამიღებული იმ მაღალი რანგის ოფიცრების სია, ვისაც ბოლო ექვი თვის განმავლობაში დაატოვებინეს სამხედრო უწყების კედლები. მათ ნაცვლად კი ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო უწყების საკვანძო თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრობით დააწინაურა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც არავითარი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათო, ამბობს რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართალი და თვისუფლების”, წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “ცხადია, მას [ოქრუაშვილს-რედ.] არანაირი გამოცდილება და შეხება არ ჰქონია სამხედრო უწყებასთან. მან სამხედრო უწყების კადრებით დაკომპლექტება მოახდინა თავისი ნაცნობ-მეგობრობით და ერთგულებით, იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანაშრომლებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, სამხედრო სფეროში გამოცდილება არ გააჩნიათ.”(სტილი დაცულია)


მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირებისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი შეინარჩუნებდა პროფესიონალ სამხედროთა ბირთვს თავდაცვის სამინისტროში, ყოველ ორ თვეში ერთხელ ხდება სამხედროების პოლიციური კადრებით ჩანაცვლება. გაზეთ “ახალი თაობის” ცნობით, ოქრუაშვილმა სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მამუკა მუჯირი, სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად კი - შიდა ქართლის პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი სუხიტაშვილი, რომლის თანამდებობაც ორი თვის წინ ცხინვალზე გამავალი კონტრაბანდის სკანდალს შეეწირა. გენერალური შტაბის მოადგილის პოსტი დაატოვებინეს კიდევ ერთ პროფესიონალ სამხედროს, პოლკოვნიკ დავით ნაირაშვილს, და მის ნაცვლად შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ალეკო კიკნაძე დაინიშნა. თუმცა ამ დანიშვნებზე სამხედრო უწყებაში ოფიციალურ კომენტარს დღის განმავლობაში არავინ აკეთებდა. ყველა ელოდებოდა ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებას სომხეთიდან, სადაც იგი პრეზიდენტს ახლდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG