Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა გადადო ახალი კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრა


ანდრო ეული, პრაღა ერაყელმა კანონმდებლებმა მეორედ გადადეს კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრა. ორშაბათს ღამით ეროვნულმა ასამბლეამ გამოაცხადა,

რომ 3 დღით გადაიდება კენჭისყრა მას შემდეგ, რაც უმრავლესობით წარმოდგენილი შიიტებისა და ქურთების პოლიტიკურმა ბლოკმა წარმოადგინა კონსტიტუციის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს ფედერალურ მოწყობას ითვალისწინებს. ამას წინ აღუდგნენ სუნიტი უმცირესობის წარმომადგენლები, რამაც აღძრა შიში, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე კიდევ უფრო ინტერსიურ ხასიათს მიიღებს ქვეყანაში მეამბოხეთა ძალადობა. საუბარს ამ თემაზე ანდრო ეული განაგრძობს

წუთები რჩებოდა ორშაბათს დანიშნული ვადის ამოწურვამდე, როცა ერაყში უმრავლესობით წარმოდგენილი შიიტებისა და ქურთების ბლოკმა პარლამენტს წარუდგინა კონსტიტუციის პროექტი, რითაც ეროვნული ასამბლეა დაშლას გადაარჩინა.

მაგრამ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ჰაჯიმ ალ-ჰასანიმ
არ დანიშნა კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრა და განაცხადა, რომ მოაპარაკება მხარეებს შორის კიდევ 3 დღეს გასტანს. მისივე თქმით, ძირითად უთანხმოებას ფედერალიზმის საკითხი, კონსტიტუციაში ბაათის პარტიის მოხსენიება და პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობის კაბინეტს შორის ძალაუფლების განაწილება იწვევს.

ორშაბათს ღამით წარმოდგენილი პროექტის თანახმად ერაყი, ცენტრალიზებული სახელმწიფოდან ქურთების, შიიტებისა და სუნიტების ფედერაციად უნდა გარდაიქმნას. მაგრამ სუნიტები ეწინააღმდეგებიან ამ იდეას იმის შიშით, რომ ეს მათ ძალაუფლებისა და ნავთობის ექსპორტიდან შემოსული მოგების გარეშე დატოვებს. სამშაბათს დილით, საკონსტიტუციო კომისიის 15-მა სუნიტმა წევრმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროექტის მომზადებისას კომისიამ არ გაითვალისწინა კონსენსუსის პრინციპი.

ერაყის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სამირ სუმაიდაიმ, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარეები კვლავაც ცდილობენ ყველასათვის მისაღები კომპრომისული შეთანხმების მიღწევას {სამირ სუმაიდაის ხმა}: "კომისიის მონაწილები ყოველ ღონეს ხმარობენ ისეთი დოკუმენტის შესამუშავებლად, რომელიც ვითარებას სტაბილურს გახდის და მეტ-ნაკლებად მისაღები გახდება ყველასთვის. თუ დოკუმენტის მიმართ თავს იჩენს უკმაყოფილება, მაშინ პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს".

საინფორმაციო საააგენტოთა ცნობით, კონსტიტუციის პროექტში ერაყი "რესპუბლიკურ, საპარლამენტო, დემოკრატიულსა და ფედერალურ" სახელმწიფოდაა მოხსენიებული. შიიტებისა და ქურთების ფრაქციები დათანხმდნენ წინადადებას, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ერთობლივ კონტროლს დაექვემდებაროს, რაც სუნიტების მისამართით გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი იყო.

კომპრომისული ნაბიჯი გადადგეს რელიგიურმა პარტიებმაც, როცა დათანხმობა განაცხადეს, რომ კონსტიტუციის პროექტში ისლამი კანონმდებლობის "ძირითად წყაროდ" იქნეს მოხსენიებული, და არა ერაყის სამართლებრივი კოდექსის ძირითად წყაროდ. პროექტის თანახმად, არცერთი კანონი არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაშიისლამურ და დემოკარტიულ სტადარტებსა თუ "კონსტიტუციაში მოხსენიებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან".

ამერიკის კონგრესის მიერ დაარსებული მშვიდობის ინსტიტუტის თანამშრომელი ჯონათან მოროუ მრჩეველია ერაყის საკონსტიტუციო კომისიისა. როგორც მან აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, სუნიტებისთვის მისაღები გახდა ქურთების მოთხოვნა ფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი დააფრთხო ახალმა წინადადებამ, რომ ქვეყნის სამხრეთში შიიტთა ავტონომიური რეგიონი დაარსდეს.

ერაყის პარლამენტმა უნდა მოიწონოს კონსტიტუციის პროექტი, რის შემდეგაც იგი ეროვნულ რეფერენდუმზე იქნება გამოტანილიოქტომბრის შუა რიცხვებში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია ერაყში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და დასძინა, რომ მხარეებს კომპრომისზე მოუხდება წასვლა {ჯორჯ ბუშის ხმა}: "დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება შემობრუნების წერტილი გახდება ერაყისა და თავად ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ქვეყნის მთავარი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ეთობლივი ძალისხმევით მუშაობენ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტზე. გაბედული არჩევანი გააკეთა ყველამ, როცა ამ პოლიტიკურ პროცესს შეუერთდა. და ერთადვე, ისინი, შექმნიან კონსტიტუციას, რომელშიც სრულად აისახება ერაყელი ხალხის ფასეულობები და ტრადიციები".

ომების ვეტერანთა ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ორშაბათს, უტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია ერაყში, ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG