Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს


როგორც ჩანს, ციებ-ცხელება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ახლდა, სრულად ჯერაც არ განელებულა.

საქმე ის არის, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც არ გაუმართლათ და მაღალი კონკურსის გამო მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩაირიცხნენ, სტუდენტობის შანსი არ დაუკარგავთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს ეგრეთ წოდებულ „მეორადი გადანაწილების კონკურსში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებები და, შესაბამისად, მაღალი სარეიტინგო ნომერი, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად. ამის შესახებ აბიტურიენტების მშობლებმაც უწყიან.

[მამაკაცის ხმა] „საერთაშორისო ფაკულტეტზე არის დიდი კონკურსი. პირველ ნომრად 50 ადგილზე 500 კაცი მოდის. ამიტომ ეს მაღალი ქულებიც ჯერჯერობით დამშვიდების საბაბს არ გვაძლევს.”

განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლევან გახელაძის თქმით, მეორადი გადანაწილების კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ აბიტურიენტებს შეუძლიათ, რომლებიც მძაფრი კონკურენციის პირობებში დამარცხდნენ და წინასწარ არჩეულ ფაკულტეტზე მოსახვედრად ქულები დააკლდათ.

[ლევან გახელაძის ხმა] „როდესაც გამოქვეყნდება ჩარიცხვების სიები, იმავე დღეს გამოქვეყნდება ფაკულტეტების ნუსხა, სადაც მითითებული იქნება შესავსები ადგილების რაოდენობა. ნებისმიერ აბიტურიენტს, თუ ის ვერ მოხვდა მისთვის სასურველ ხუთიდან ვერც ერთ ფაკულტეტზე, მაგრამ აქვს საკონკურსო ქულები, ანუ ჩაჭრილი არ არის, შესაძლებლობა ექნება შეიტანოს ე.წ. მეორადი განაცხადი ამ ადგილების შესავსებად.“

მეორადი განაცხადის შესატანად აბიტურიენტმა უნდა მიაკითხოს სარეგისტრაციო პუნქტს, სადაც მას ახალ საგამოცდო ბარათს მისცემენ. ლევან გახელაძის თქმით, მეორადი გადანაწილების კონკურსში მონაწილე აბიტურიენტი შეუზღუდავად აირჩევს იმ ფაკულტეტებს, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩა. ფაკულტეტების სია, გამოცდების შედეგების მსგავსად, 10 სექტემბრამდე გამოქვეყნდება. ამ დრომდე სააპელაციო კომისიამ აბიტურიენტთა საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმება უნდა მოასწროს.

[ლევან გახელაძის ხმა] „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩასარიცხთა სიას ცოტა უფრო ადრეც გამოვაქვეყნებთ, იმიტომ რომ აპელაციების რაოდენობა ჩვენს ვარაუდზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. დაახლოებით 1600 ნაშრომია აპელაციაზე გამოტანილი, მაშინ როცა ნაშრომების საერთო რიცხვი იყო 102 ათასი.“

ოფიციალური მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 31 174-მა აბიტურიენტმა გაიარა, ხოლო სააპელაციო განაცხადი 1171 აბიტურიენტმა, ანუ საერთო რაოდენობის 3,7 პროცენტმა, შეიტანა, რაც, განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ურიგო მაჩვენებელი როდია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG