Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაჩუქარ წიგნებს ეროვნული ბიბლიოთეკის ნაცვლად აეროპორტი ინახავს


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც, მიუხედავად არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობისა, ახალი წიგნების შეძენას ცდილობს,

პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ამჯერად საუბარია არა შეძენილ, არამედ ასობით ნაჩუქარ წიგნზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას რუსეთის გამომცემლობებმა და ბიბლიოთეკებმა გამოუგზავნეს. მათგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საბაჟო გადასახადი უნდა დაფაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ნაჩუქარი წიგნების საკუთარ საცავებში დაბინავებას.

საბაჟოს მიერ ,,დატყვევებული” წიგნების გათავისუფლების პერსპექტივის გარკვევისას რამდენიმე უკვე ცნობილი პრობლემა გამახსენდა.

იმისათვის, რომ რუსეთიდან საჩუქრად მიღებული რამდენიმე ასეული წიგნი თბილისის აეროპორტიდან ჯერ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მათთვის უკვე მომზადებულ თაროებზე, შემდეგ კი მკითხველის ხელში აღმოჩნდეს, საბაჟო გადასახადია აუცილებელი. კანონის თანახმად, ეს თანხა ტვირთის საერთო ღირებულების თორმეტ პროცენტს შეადგენს. მისი გადახდა არ შეუძლია ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომლის დირექტორს ზაზა აბაშიძეს პრეტენზია არა მებაჟეების, არამედ მოქმედი კანონმდებლობისადმი აქვს:

[ზაზა აბაშიძის ხმა] "აბსოლუტურად კანონიერი იყო ამ წიგნების გაჩერება. მე მებაჟეებს კი არ ვედავები. მე ვლაპარაკობ, რომ როდესაც ბიბლიოთეკას არ მიუღია 10-12 წლის განმავლობაში არავითარი ლიტერატურა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დიდი რაოდენობით, და როდესაც ვიცით, რა მდგომარეობაა ბიბლიოთეკაში და რომ გვჭირდება ეს ყველაფერი და როცა გვჩუქნიან, კანონმდებლობამ ეს უნდა გაითვალისწინოს.” (სტილი დაცულია)

ზაზა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკები, მათი ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მინიმალური საგადასახადო შეღავათით მაინც უნდა სარგებლობდნენ, რათა თუნდაც ნაჩუქარი წიგნების პრობლემა არ შეიქმნას:

[ზაზა აბაშიძის ხმა] "აი, ამ ნაჩუქრის ღირებულებას როგორ შეაფასებენ, ეს მაინტერესებს ძალიან. იმიტომ რომ არც ერთ წიგნს ფასი არ აწერია.” (სტილი დაცულია)

ორ კვირაში მოსკოვიდან თბილისში კიდევ ასობით, ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ 20 ათას დოლარად შეძენილი, ახალი გამოცემა ჩამოვა. ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკას საბაჟო ხარჯი გათვალისწინებული აქვს, არადა, როგორც ზაზა აბაშიძე ამბობს, ამ თანხად დამატებით ათასამდე წიგნის შეძენას შეძლებდნენ. იმას, რომ საქართველოში წიგნი არანაირი შეღავათით არ სარგებლობს, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი თავად ქვეყანაში არსებული აზროვნების პრობლემას უკავშირებს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "ქვეყანაში არ არის წიგნი პრიორიტეტი, თუმცა ლაპარაკი სულ არის, რომ განათლება პრიორიტეტია. პრიორიტეტული რომ იყოს, წიგნის კანონი იქნებოდა მიღებული, რომლის ინიციატორებიც არსებობენ, მაგრამ პარლამენტში ვერ პოულობენ მხარდამჭერთა სათანადო რაოდენობას. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი ჯგუფი რესპუბლიკელების, წიგნის კანონი ხელახლა წარვადგინოთ. პარლამენტში კიდევ შეიძლება გვენახა მხარდამჭერები, მაგრამ საქართველოს მთავრობა ებრძვის ყველა იდეას, რომელიც წიგნთანაა დაკავშირებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა გააფთრებული ბრძოლა ატყდება ხოლმე მთავრობის მხრიდან ყოველთვის, როდესაც რაიმე საწიგნო შეღავათზეა საუბარი.” (სტილი დაცულია)

ცნობისათვის: ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის პატრონაჟით ფუნქციონირებს და, შესაბამისად, კანონმდებლების განსაკუთრებული ყურადღებით უნდა სარგებლობდეს. საბაჟოზე დაკავებული ნაჩუქარი წიგნების და, საერთოდ, საგადასახადო შეღავათების პრობლემაზე მსჯელობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას აპირებს, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ცვლილების იმედი არა აქვს.
საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემას, ალბათ, ისევე მოაგვარებენ, როგორც თავის დროზე ამას მე ვაკეთებდი, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი და სხვა კანონებისა და, მათ შორის, არსებული წინააღმდეგობების გამოყენებას გულისხმობს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "მაგრამ მთლიანობაში ვითარება იგივე დარჩება. მაგალითად, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას აქვს ეს იდეა, რომ საქართველოს აჩუქოს უზარმაზარი რაოდენობის წიგნები. მაგრამ ტრანსპორტირების პრობლემაა და რომც გადაწყდეს, ისეთი თანხა იქნება მოთხოვნილი საბაჟოდან, რომლის გადახდას ეროვნული ბიბლიოთეკა ვერ შეძლებს, თავისი ფონდები რომ გაყიდოს. ამიტომ, ფაქტობრივად, ჩვენ საჩუქრის მიღების რეჟიმში ვერ ვართ, ვერც ბიბლიოთეკაში და ვერც სხვაგან.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომლის წლევანდელი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს აღემატებოდა, მომავალ წელს ყველაზე ელემენტარული ხარჯებისთვის 4 მილიონი ლარი მაინც სჭირდება. მოსკოვის მხოლოდ ერთი, ,,ინოსტრანნაია ლიტერატურის”, ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 11 მილიონი დოლარია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რუსეთში წიგნი პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან თავისუფალია. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ზაზა აბაშიძე ამბობს, რომ მოსკოვში უკმაყოფილონი არიან ბიბლიოთეკების კლიმატ-კონტროლით, რადგან საცავების ტემპერატურა ნორმას, 18-19 გრადუსს, ორი გრადუსით აჭარბებს. საქართველოს საერთოდ უვენტილაციო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანალოგიური მაჩვენებელი 43-44 გრადუსია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG