Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეტერნიტი 2005” - სამხედროები ნავთობსადენს კომპიუტერებით დაიცავენ


ცოტა ხნის წინ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საქართველოს ტერიტორიაზე პირველადი ნავთობის ნაკადმა გაიარა.

მაგრამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამოქმედდებოდა, შემუშავდა ნავთობსადენის უსაფრთხოების ერთობლივი დაცვის სისტემა, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში სამხედრო ძალების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ექსტრემალური ვითარების სცენარებს კი სამხედროები თავად ქმნიან კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და სწორი გადაწყვეტილების მიღებას სწავლობენ, რათა რეალურ საფრთხეს მომზადებულნი შეხვდნენ. სამეთაურო სწავლებას “ეტერნიტი 2005”, რომელშიც სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის - სამხედროები მონაწილეობენ, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია მასპინძლობს.

საქართველო-აზერბაიჯანი და თურქეთი დარწმუნებულნი არიან, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ნავთობი დაუსრულებლად იდენს. შესაბამისად, სამხედრო თეორეტიკოსებმა სამმხრივ, ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ, სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, რომლის მთავარი მიზანი ნავთობსადენის უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტის დამუშავებაა, “ეტერნიტი” – “უსარულობა” -უწოდეს. “უსასრულობამ” სტარტი 2000 წელს თურქეთში აიღო და ყოველწლიურად მორიგეობით ტარდება მონაწილე ქვეყნებში. სწავლება მხოლოდ კომპიუტერების მეშვეობით წარმოებს და ძალიან წააგავს თამაშს რუკაზე. არ არსებობს ჯარი, ტანკები და ავიაცია, თუმცა მას გადაწყვეტილების მიმღები ოფიცრებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვსო, ამიხსნა თურქეთის მხრიდან წვრთნების ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ფიქრეთ ჯანითიზმა.

[ფიქრეთ ჯანითიზის ხმა] “სწავლების მიზანია, გაღრმავდეს მართვის უნარი, დამყარდეს მეთაურებს შორის ურთიერთგაგება მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციებისა თუ ნავთობსადენის დაცვის დროს. ინტეროპერაბილურობის ასამაღლებლად კი მზადდებიან მეთაურები და შტაბის ოფიცრები ბრიგადების დონეზე, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მეთაურებმა შეძლონ ნავთობსადენის დაცვის პროცედურებით გათვალისწინებული ზომების მიღება, შესაბამისი შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით. სწავლების ფორმაა სამეთაურო-საშტაბო. ასე რომ, ჩვენ არ გამოგვიყვანია სამხედრო ნაწილი პოლიგონზე.”

უფრო ზუსტად, სწავლების ორგანიზატორებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რამდენიმე მარშრუტი პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის ობიექტად განსაზღვრეს. სწავლების ლეგენდაში მითითებულია მოწინააღმდეგის ძალები და საშუალებები, მანევრულობა და მოქმედების სავარაუდო მიზანი. აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი ოფიცრებისგან შექმნილ ბრიგადის შტაბს კი დავალებული აქვს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება შექმნილ სიტუაციაში, უთხრა რადიო “თავისუფლებას” თურქეთის მხრიდან წვრთნების ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ფიქრეთ ჯანითიზმა.

[ფიქრეთ ჯანითიზის ხმა] “მრავალეროვნული ბრიგადის დაქვემდებარებაშია სამი - აზერბაიჯანული, თურქული, ქართული ბატალიონი. ისინი იცავენ საკუთარ ეროვნულ დამოუკიდებლობას, ახორციელებენ რა ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას. ისინი აგრეთვე აწარმოებენ შესწავლას, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარება იქნება საჭიროა ამ ამოცანის შესრულების დროს.”

შეკითხვაზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს რამდენად რეალურად ემუქრება საფრთხე, რომლისგანაც ობიექტის დაცვა აქტიური სამხედრო კომპონენტის გამოყენებას მოითხოვს, ვიცე-პოლკოვნიკი ფიქრეთ ჯანითეზი მხედრულ სიბრძნეს იხსენებს: არმია ან ომობს, ან ემზადება ომისათვისო. ყოველ შემთხვევაში, ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას ნავთობსადენის დასაცავად 6 წელია ატარებენ და თუ ვიმსჯელებთ სწავლების სახელწოდების მიხედვით, “ეტერნიტი” - “უსასრულობა”, იგი, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება პოტენციური მტრის გულის გასახეთქად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG